2017 წლის აგვისტოში, თელავში, ხელბურთში ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონატისთვის თელავში სპორტის სასახლის მშენებლობა იგეგმება, რომელიც 2 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი. სამინისტროს წარმომადგენლის, გიორგი ჭანიშვილის განცხადებით, რა ადგილას აშენდება თელავის სპორტის სასახლე და რამდენი დაიხარჯება მშენებლობაზე, ამ დროისთვის უცნობია.
საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ კონგრესს ოთხი ქალაქის კონცეფცია წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, ტურნირი თელავის გარდა, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ახალი სპორტის სასახლეების მშენებლობა იგეგმება ქუთაისსა (4 000 მაყურებელზე) და ბათუმშიც (6 000 მაყურებელზე). სპორტის სასახლეების მშენებლობას საქარველოს მთავრობა დააფინანსებს.
ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 1998–1999 წლებში დაბადებული 24 ქვეყნის სპორტსმენი მიიღებს. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქართველი ხელბურთელები ამ ტურნირისთვის უკვე ინტენსიურად ემზადებიან.