მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ძუძუთი კვების უპირატესობა გაზვიადებულია.
მეცნიერებმა კვლევაში დედმამიშვილები ჩართეს: ზოგიერთი მათგანი ჩვილობაში ძუძუთი გამოკვებეს, ნაწილი კი ხელოვნურ კვებაზე იყო. აღმოჩნდა, რომ ბუნებრივ რძესა და ხელოვნურს შორის სხვაობა დიდი არაა და შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ ბუნებრივი კვება ხანგრძლივი ჯანმრთელობის გარანტიაა, გაზვიადებულია.
ოჰაიოს უნივერსიტეტის მეცნიერი, სინტია კოლენი ამბობს, რომ მისი კვლევის შედეგი იმას არ ნიშნავს, რომ შეიცვალოს დანერგილი ნორმები, უბრალოდ, სურს, ის ქალები გაამხნევოს, რომელთაც ჩვილის ძუძუთი კვება არ შეუძლიათ. "არავინ ამტკიცებს, რომ ძუძუთი კვება სასარგებლო არაა, განსაკუთრებით ახალშობილის იმუნური სისტემისთვის".
როგორც ექიმები ამბობენ, ძუძუთი კვება ბავშვებს ალერგიისგან, ასთმისგან, დიაბეტისგან და ჭარბი წონისგან იცავს. თუმცა, ექიმი კოლენის კვლევა ადასტურებს, რომ ბუნებრივ კვებაზე გაზრდილ ბავშვებს მათი დედმამიშვილებისგან განსხვავებით, რომლებსაც ბოთლით კვებავდნენ, უპირატესობა არ აქვთ.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.