ფოტოხელოვანი გიორგი მჟავანაძე ბათუმში მოღვაწეობს. მისი ფოტოარქივი ძალიან ლამაზი და მრავალფეროვანია. უცნაურია, მაგრამ ბათუმელი ხელოვანი მშობლიურ ქალაქში ადვილად ახერხებს, რომ გოგონები შიშვლად პოზირებაზე დაითანხმოს, რისი პრობლემაც დედაქალაქში მოღვაწე ფოტოგრაფებს ხშირად აქვთ. გიორგის ფოტოარქივში ამ ჟანრს ნამდვილად განსაკუთრებული ადგილი უკავია.
- გიორგი, პირველ რიგში, შენზე მოგვიყევი...
- დავიბადე და გავიზარდე ბათუმში, ბავშვობიდან მიყვარს ხატვა. სამხატვრო სასწავლებელი დავამთავრე. მიყვარს მრავალფეროვნება, ისეთი რაღაცის გაკეთება, რაც მძაფრად გამოხატავს ჩემს გრძნობებს. მქონდა პერიოდი, როდესაც სულ მძიმე ფერებში ვხატავდი, ეს ჩანს კიდეც ჩემს გრაფიკულ ნამუშევრებში.…ახლა ვმუშაობ არქიტექტურულ ესკიზებსა და ინტერიერის დიზაინზე.
- ფოტოგრაფია როგორ შემოვიდა შენს ცხოვრებაში?
- ერთხელ ჩემს მეგობარს ამერიკელი ფოტოგრაფი ესტუმრა. მის შესახებ საინტერესო ამბავს მომიყვნენ და მას შემდეგ დავინტერესდი ფოტოგრაფიით. დროთა განმავლობაში ეს გატაცებაზე მეტი გახდა. პირველი ფოტოები ჩემს სოფელში მოხუცებს გადავუღე. მათ სახეზე ვხედავ მთელ ცხოვრებას, ემოციას. კარგად მახსოვს, როგორ გადავიღე პირველი ფოტო, ეს იყო მოხუცი ქალი, რომელიც სოფლის ორღობეში ყავარჯნით მიაბიჯებდა, ღრუბლიანი ამინდი იყო.
- ძალიან ლამაზი შავ-თეთრი ფოტოების სერია ვნახე შენს არქივში...
- დიახ, ამ მოხუცებიდან ბევრი ცოცხალიც აღარ არის. ისინი არიან უბრალო მშრომელი ხალხი, მათი შვილიშვილები. ასევე ძალიან მიყვარს წვიმიანი ბათუმი, სანაპიროზე რომ გავდივარ, თვალწინ შავ-თეთრი კადრები მიდგას, აქ მხოლოდ ორ ფერს ვხედავ. დროთა განმავლობაში ინტერესის სფერო შევიცვალე, ციფრულ კამერასა და გლამურის გადაღებაზე გადავედი.
- ფოტოებში დიდი ადგილი უკავია ნუდის, ამაზე გოგონების დათანხმებას ბევრი ვერ ახერხებს...
- სიშიშვლეს რომანტიკულად ვუყურებ. ეს ხელოვნებაა, სილამაზე, ბუნებამ სრულყოფილება ქალის სხეულში განასახიერა. ვფიქრობ, ქალის სხეული ნატიფი და მრავალფეროვანია. გოგონებს ჩემთან კომპლექსი არ აქვთ, თუმცა მხოლოდ შიშველ ნატურას არ ვიღებ.
- ალბათ მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ სახე არ გამოუჩინო...
- სახედამალული ფოტო უფრო იდუმალია. მათაც არ აქვთ ამის სურვილი. გოგონების უმეტესობას სიამოვნებს ჩემთან გადაღება, სახეს არ მალავენ, უბრალოდ, ზოგ კადრში მე ვმალავ.
იხილეთ სტატიის გაგრძელება