მედიკამენტების გაიაფებაზე საუბარი წარსულს ჩაბარდა. უფრო მეტიც, ის მედიკამენტები, რომლებიც 2012 წლის არჩევნების შემდეგ გაიაფდა, ისევ გაძვირდა, წამლების გაძვირებაზე მოსახლეობის უკმაყოფილება თანდათან იზრდება. როდესაც 700 000 დასაქმებულის შემოსავალი 500 ლარზე ნაკლებია, ხოლო მოსახლეობის დიდი ნაწილი დაუსაქმებელია, ეს პროცესი მათზე მტკივნეულად აისახება.
ფარმაცევტები მედიკამენტების გაძვირებას ლარის გაუფასურებას უკავშირებენ, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ 2013 წლის დასაწყისში, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" დაპირებების შესრულება დაიწყო, ყველა სააფთიაქო ქსელში წამალი გაიაფდა. იმ პერიოდში ლარი არ გამყარებულა, ეროვნული ვალუტის კურსი კარგა ხნის განმავლობაში სტაბილური იყო. მედიკამენტების გაიაფებას ხელი შეუწყო იმანაც, რომ "ფარმადეპო", რომლის ქსელი სწრაფად იზრდებოდა, მოსახლეობას წამლებს ყველაზე დაბალ ფასად სთავაზობდა. შესაბამისად, სხვა ფარმაცევტული კომპანიებიც გარკვეულწილად იძულებულები გახდნენ, რომ მედიკამენტებზე ფასები დაეწიათ.
ახლა "ფარმადეპო" ყველაზე იაფიანი სააფთიაქო ქსელი აღარ არის. უფრო მეტიც, ზოგიერთი მედიკამენტი "ფარმადეპოში" უფრო ძვირი ღირს, ვიდრე სხვაგან. ფარმაცევტულ კომპანიებს აღარ ჰყავთ ისეთი კონკურენტი, რომელიც მედიკამენტების გაიაფებისკენ უბიძგებს.
თბილისელი მარიამ ხოშტარია ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აფთიაქებში სიარული ხშირად უწევს. მარიამი აღშფოთებულია იმ ფაქტით, რომ თითქმის ყველა ვიზიტისას მედიკამენტებზე გაზრდილი ფასები ხვდება.
"ყოველთვიურად მიწევს მედიკამენტის შეძენა. მყავს 2 მცირეწლოვანი ბავშვი და ავადმყოფი დედამთილი. ვაკვირდები, რომ ყოველ შეძენაზე რამდენიმე თეთრით მეტის გადახდა მიწევს, მთლიანობაში ზოგიერთი მედიკამენტი 2-4 ლარითაც კი გაძვირდა.
მაგალითად, ბავშვის ხველების წამალი "პუროქსანი", დაახლოებით, სამი კვირის წინ 15 ლარი ღირდა, ახლა 19 ლარია. ასევე გაძვირებულია ფსიქოტროპული მედიკამენტები, რომლის ღირებულება ისედაც მაღალი იყო და მათი შეძენა ჩემს ოჯახს წელში წყვეტს. შარშან, მთავრობის დაპირების შემდგე, მედიკამენტების გაიაფება რომ დაიწყო, ძალიან მადლიერი ვიყავი. ახლა იმედგაცრუებული ვარ", - ამბობს მარიამ ხოშტარია.
ლელა ხოზრევანიძეს ყველაზე მეტად წნევისა და გულის საშუალებების გაძვირება აღელვებს. "ზოგიერთ სააფთიაქო ქსელში რაღაც დღეებში მედიკამენტებზე ფასდაკლებაა გამოცხადებული, მაგრამ მაშინაც კი ფასი უფრო მაღალია, ვიდრე რამდენიმე თვის წინ იყო. ძალიან მაწუხებს წნევისა და გულის საშუალებების გაძვირება. ამ მედიკამენტებს ჩემს ოჯახში სამი ადამიანი იღებს. მარტო მათი შეძენა თვეში 30 ლარი მიჯდება. დღეს ჩემი ოჯახისთვის მედიკამენტები ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემაა", - ამბობს ლელა ხოზრევანიძე.
ფარმაცევტების ინფორმაციით, ყველა ჯგუფის მედიკამენტები გაძვირდა. ფასებმა განსაკუთრებით ანტიბიოტიკებზე მოიმატა. 2013 წლის დასაწყისში საერთო სურათის შესაქმნელად "რეზონანსმა" რამდენიმე მედიკამენტის ფასები შეადარა ერთმანეთს (რა ღირდა 2012 წლის არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ). ამ შედარებისას გაიაფება თვალში საცემი იყო. ამჯერად ისევ ამ მედიკამენტების ფასებით დავინტერესდით და მათი გაძვირება ასევე თვალში საცემია.
მედიკამენტი "ატორისი" (20 მგ. 30 აბი) თბილისის აფთიაქებში რამდენიმე თვის წინათ 11,90 ლარი ღირდა, ამჯერად მისი ღირებულება 12,30-12,35 ლარია. "როცეფინი" (1 მგ-იანი) - 12,35 ლარი ღირდა, ახლა - 13,50 ლარი; "კოკარმიტის" ნემსები - 10 ლარი, ამჯერად მისი ღირებულება 16,30-17,20 ლარია. 20 მგ-იანი "ენაპ H" 3,65 ლარი იყო, ახლა – 3,75 ლარი. "ენეტროლი" 6,60 ლარი იყო, დღეს მისი ღირებულება სხვადასხვა აფთიაქში - 6,65-7,30 ლარია. საბავშვო "სინეკოდის" სუსპენზია 9 ლარი ღირდა, ახლა - 9,25-9,75 ლარია. "პუროქსანის" ფასი 15 ლარიდან 19 ლარამდე გაიზარდა. ნოშპა 5,40 ლარიდან 6,60 ლარამდე გაძვირდა.
იმის გამო, რომ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების თითქმის 80% იმპორტირებულია, საბაზრო ფასი კურსის მიხედვით დგინდება. ლარი, დაახლოებით, 8%ით გაუფასურდა და ამ მაჩვენებელს მედიკამენტების ფასის ასეთი მასშტაბური ზრდა არ უნდა გამოეწვია.
"მედიკამენტების გაძვირების ორი მიზეზი სახელდება, თუმცა ეს მიზეზები ობიექტური არ არის. პირველია ის, რომ "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოსვლისას ამბობდა, ფარმაცევტულ ბაზარზე დაბალი ფასებით ახალ მოთამაშეებს შემოიყვანდა და მონოპოლიას დაშლიდა. კომპანიებს კონკურენტის შემოსვლის მოლოდინი გაუჩნდათ, ამიტომ მის შემოსვლამდე მედიკამენტებზე ფასები დაწიეს.
წელიწადნახევრის გასვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ქართულ ბაზარზე არც ერთი სერიოზული კომპანია არ აპირებს შემოსვლას. მონოპოლია ისევ ურყევია და, შესაბამისად, მედიკამენტების ხელოვნურად გაძვირებას წინ არაფერი უდგას", - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "ჯანმრთელი სამყაროს" ხელმძღვანელი ზურაბ ფუტკარაძე.
მეორე მიზეზად დოლარის გაძვირება გნიხილება, თუმცა ფუტკარაძე აღნიშნავს, რომ კურსის ცვლილებას მედიკამენტები 3-5 თეთრით უნდა გაეძვირებინა და ობიექტური მიზეზი არც ეს არის.
"ზოგადად ჩვენთან ასეთი ტენდენციაა, თუ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1%-ით იზრდება, პროდუქტს ამ ფაქტის მომიზეზებით 10-15%-ით აძვირებენ. ასე მოხდა მედიკამენტების შემთხვევაში. რეალური მიზეზი კი მონოპოლიაა", - ამბობს ზურაბ ფუტკარაძე.
სპეციალისტების აზრით, ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანიების შემოსასვლელად და ჯანსაღი კონკურენციის შესაქმნელად ნიადაგი უნდა მომზადდეს – ფალსიფიცირებულ, დაბალი ხარისხის მედიკამენტებთან საბრძოლველად გამკაცრდეს რეგულაციები და შეიცვალოს კანონმდებლობა.
მაკა ხარაზიშვილი