Ambebi.ge გთავაზობთ საინტერესო მასალებს "პალიტრა მედიის" სხვადასხვა ბეჭდური გამოცემების არქივებიდან. ამჯერად წარმოგიდგენთ ჟურნალ "გზის" 2002 წლის პუბლიკაციას.
ნორმალურ ადამიანს ამ შემზარავი და სადისტური მკვლელობის წარმოდგენა გაუჭირდება. ბოროტმოქმედებმა კი იგი ყოველგვარი გართულების გარეშე ჩაიდინეს. იმ საბედისწერო დღის გეგმას მთელი ორი თვის განმავლობაში ამუშავებდნენ, რაც შეიძლება მოხერხებულ გზასა და მეთოდს ეძებდნენ, რათა 20 წლის ბიჭი სადისტურად გამოესალმებინათ სიცოცხლისთვის.
სისხლიანი გეგმა თავად ამ ბიჭის სახლში იწერებოდა. თუმცა, ეს კიდევ არაფერია იმ საშინელებასთან შედარებით, რაც მოგვიანებით გამოაშკარავდა: მკვლელობის იდეის მთავარი ავტორი მსხვერპლის დედა გახლდათ, თანამოაზრე და განმხორციელებელი კი - მამინაცვლის შვილი...
ყველაფერი სწორედ ასეა წარმოდგენილი იმ სისხლის სამართლის საქმეში, რომლის განხილვაც უზენაესმა სასამართლომ გასულ კვირას დაასრულა. 42 წლის ქალს საკუთარი შვილის მკვლელობის შეკვეთა დაუმტკიცეს. სასამართლო კოლეგიის განცხადებით, მან თავისი ვაჟისთვის სიცოცხლის მოსწრაფება გერს მართლაც დაავალა, ხოლო იმის საბუთად, რომ ეს უკანასკნელი განზრახვას სისრულეში ნამდვილად მოიყვანდა, მოკლული შვილის მოჭრილი ხელის მოტანა სთხოვა. გერს იგი გასამრჯელოსაც (შ\600 ლარს) დაჰპირდა. ჩადენილი დანაშაულისთვის განსასჯელს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
2000 წლის აგვისტოს, დილის ათის ხუთ წუთზე ყვარლის შინაგან საქმეთა რაიგანყოფილების თანამშრომლებმა ყვარლის რაიონის სოფელ მთისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. ფიქრის გორაზე უცნობი პიროვნების გვამი იპოვეს. გარდაცვლილის სხეული იმდენად იყო დასახიჩრებული, რომ თავდაპირველად ვერც მისი ასაკი დაადგინეს და ვერც სქესი.
გვამს თავი და ხელები არ ჰქონდა... სამართალდამცავებმა იგი საავტომობილო გზიდან 300 მეტრის მოშორებით აღმოაჩინეს. იმ ადგილიდან 4 მეტრში მათ კოცონის კვალიც შენიშნეს. ნაცარს სისხლის ლაქები ემჩნეოდა, იქვე ეყარა რკინის სარები და დამწვარი ქსოვილის ნაფლეთებიც. ოდნავ მოშორებით, ხის ძირას დაგდებული ქალის საცვალიც იპოვეს... შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი შამპანურის, ლუდისა და არყის ბოთლები ადასტურებს, რომ იქ ორ ან მეტ ადამიანს პატარა სუფრა ჰქონდა გაშლილი. ნაპოვნი ნივთმტკიცებები იმის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ ბოროტმოქმედებმა გარდაცვლილი კოცონზე დაწვეს.
სათანადო გამოკვლევის შედეგად ექსპერტებმა განაცხადეს, რომ გვამის ლპობა კარგა ხნის დაწყებული იყო, მისი უმეტესი ნაწილი კი, ცხოველებს გაენადგურებინათ, თუმცა სქესის დადგენა მაინც შეძლეს. მათი თქმით, გვამი 20-25 წლის მამაკაცს ეკუთვნოდა.
ამ ფაქტიდან სამი დღის შემდეგ ყვარლის პროკურატურაში თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები ნანა ბაირამოვა და ქეთი ჯალილოვა გამოცხადდნენ და სამართალდამცავებს აცნობეს, რომ მათი ახლობელი, 20 წლის ნოდარ მამედოვი 2000 წლის 7 აგვისტოს, დილით სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. გამომძიებელმა მათ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთმტკიცებები წარუდგინეს. ბაირამოვამ და ჯალილოვამ განაცხადეს, რომ დამწვარი ტანსაცმლის ნარჩენები ძალიან გავდა ნოდარ მამედოვისას, თავის ქალის ჩვენებისას კი აღნიშნეს, რომ ნოდარს ზუსტად ისეთი კბილები ჰქონდა.
სამართალდამცავებთან მათ გამოცხადებამდე ყველა ფიქრობდა, რომ 14 აგვისტოს აღმოჩენილი ამბავი იმ ბურუსით მოცულ საქმეთა რიგს მიემატებოდა, რომელსაც პროკურატურაში გახსნა არ ეწერა. ახლომდებარე სოფლებში ათასი ჭორი და ვერსია დადიოდა. ხალხში იმასაც ამბობდნენ, თითქოს გარდაცვლილი ქალი იყო ( იმ ადგილას ზაფხულობით თურმე ბევრი მოქეიფე იყრიდა ხოლმე თავს); მკერდი სულ დასახიჩრებული აქვს, როგორც ჩანს - მკვლელმა მოაჭრაო. ასეთი ვერსიის საბაბი, ალბათ, შემთხვევის ადგილას აღმოჩენილი ქალის საცვალიც გახდა.
მიუხედავად იმისა,რომ ექსპერტებმა გვამის სქესი დაადგინეს, აღნიშნული საცვლის საკითხი საქმის მასალებში დღემდე ღიად არის დატოვებული. სხვათაშორის, პროკურატურის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებშიც არ ჩანს, რომ გამომძიებლები ამ საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალით დაინტერესდნენ. როგორც შევიტყვეთ, საცვალთან დაკავშირებული გაუგებრობის შესწავლა სასამართლომაც ზედმეტად ჩათვალა.
გამოძიებას ჩადენილი დანაშაულის შეგრძნება 16 დღის შემდეგ, 30 აგვისტოს გაუჩნდა. იმ დღეს სამართალდამცავებმა ნოდარ მამედოვის დედის ეზოში (ამ უკანასკნელის მძახლების მითითების საფუძველზე), კაკლის ხესთან დალაგებულ რიყის ქვებში შავი პოლიეთილენის პარკი იპოვეს. პარკში მამაკაცის შარვალი და ადამიანის მარცხენა ხელის მტევანი იდო. მამედოვის ცოლის თქმით, შარვალი მის ქმარს ეკუთვნოდა და სწორედ ის ეცვა 2000 წლის 7 აგვისტოს, როცა შინიდან უკანასკნელად გავიდა. სასამართლო სამედიცინო ექსპერტთა განცხადებით, ხელის მტევნის ლპობა კარგა ხნის დაწყებული იყო, რის გამოც შეუძლებელი გახდა მასზე რაიმე დაზიანების, ან ნიშნის დაფიქსირება. თუმცა, ექსპერტებისგან განსხვავებით, მამედოვის სიმამრმა სასამართლოში დაკითხვისას თქვა, რომ მან სიძის ხელის მტევანი ხალითა და ტატუირებით ამოიცნო. მოკლული ნამდვილად ნოდარი იყო - ამაში ეჭვი აღარავის შეჰპარვია.
გარდაცვლილის ცოლისა და მისი ნათესავების ჩვენებით, ნოდარ მამედოვსა და დედამისს ერთმანეთში დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ - ისინი მამედოვის დაქორწინების შემდეგ საცხოვრებელი ბინის გაყოფის გამო ჩხუბობდნენ. რამდენიმე თანასოფლელის თქმით, ნოდარ მამედოვი ბოლოს თავისი მამინაცვლის შვილთან, 29 წლის რაშიდ პეიტიევთან ერთად ნახეს - თელავის ავტოსადგურში, ავტობუსში ისხდნენ და ყვარლისკენ მიდიოდნენო. მამედოვის ცოლის თქმით, მისი მეუღლე შინიდან 7 აგვისტოს, დილის 5 საათისთვის გავიდა - თბილისში მივდივარ, ჭიქები უნდა ვიყიდო და ჩამოვიტანო გასაყიდადო. იგი შინ იმავე დღეს უნდა დაბრუნებულიყო. რაშიდ პეიტიევი 7 აგვისტოს საღამოს უკვე შინ გახლდათ, ნოდარი კი არსად ჩანდა.
გარდაცვლილის დეიდის ჩვენებით, ნოდარის გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე, ეს უკანასკნელი მასთან მივიდა და უთხრა: რაშიდმა სოფ. კაბალში წასვლა შემომთავაზა - წამალი ჩამოვიტანოთ, საშიში არაფერია, ორი ათას დოლარს გავაკეთებთო. ამავე ჩვენების მიხედვით, ნოდარ მამედოვი კაბალში წასვლის წინააღმდეგი იყო და ამბობდა, რომ წამლის ჩამოსატანად რაშიდთან ერთად იქ არაფრით წავიდოდა. ნათესავების თქმით, ადრე ნასამართევი რაშიდ პეიტიევი ციხიდან გამოსვლის შემდეგ ნარკოტიკულ ნივთიერებებს სისტემატურად იყენებდა. თავდაპირველად, პეიტიევი ნოდარ მამედოვთან 7 აგვისტოს დილით, ავტოსადგურში ყოფნის ფაქტს კატეგორიულად უარყოფდა, მოგვიანებით კი მხოლოდ იმაში გამოტყდა, რომ ავტობუსში ერთად ისხდნენ. მეორე დღეს მან სოფელი დატოვა და მას შემდეგ არ გამოჩენილა. რაშიდ პეიტიევი სამართალდამცავებმა 2000 წლის სექტემბერში დააპატიმრეს. რამდენიმე თვეში იგი ციხეში გარდაიცვალა, თუმცა სიკვდილამდე მიცემულ ჩვენებაში მკვლელობაც აღიარა და მოკლულის დედაც ამხილა.
ნოდარ მამედოვის დედა, გოჰარ იბრაგიმ-ყიზი პირველად მოწმედ დაკითხეს:
"მართალია ეროვნებით აზერბაიჯანელი ვარ, მაგრამ საქართველოში დაბადებული და გაზრდილი გახლავართ. დამთავრებული მაქვს ქართული სკოლა... შვილს მარტო ვზრდიდი. ექვსი თვის იყო, როდესაც იგი უპატრონო ბავშვთა სახლს მივაბარე, მერე როცა 7 წლის გახდა, ინტერნატში გადავიყვანე. ჩემ გვერდით არ იზრდებოდა, მაგრამ შვილს სისტემატურად ყურადღებას ვაქცევდი. იმ პერიოდში მეორედ გავთხოვდი. ჩემს მეუღლეს შვილი ჰყავდა - რაშიდ პეიტიევი. ინტერნატის დამთავრების შემდეგ, ნოდარი დედაჩემთან ცხოვრობდა, თუმცა შვილს ხშირად ვნახულობდი და მასზე ჩვეულებრივ ვზრუნავდი. დაახლოებით ორი წლის წინ, იგი თანასოფლელ ქალიშვილზე დაქორწინდა. ცოლთან ერთად ისევ დედაჩემთან ცხოვრობდა. მაგრამ მალე მასთან უსიამოვნება მოუხდათ, რის გამოც საცხოვრებლად ჩემთან გადმოვიდნენ. მე თავიდანვე ამ ქორწინების წინააღმდეგი ვიყავი, შემდეგ კი რძალთან ცუდი ურთიერთობა მქონდა - არ ველაპარაკებოდი. ამიტომაც, ჩემს შვილსა და რძალს ცალკე ერთ აივნიანი ოთახი დავუთმე, რათა თავისთვის ეცხოვრათ. ნოდარსა და რაშიდს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. 6 აგვისტოს ისინი ეზოში ისხდნენ და საჭმელს ჭამდნენ. იმ დღეებში თბილისში ვიყავი, ბაზარში მითხრეს, რამდენიმე დღეა ნოდარი არ გამოჩენილაო. ვიფიქრე, ალბათ სოფლებშია წასული ნისიების ასაკრეფად და ამიტომაც არ გამოჩენილა მეთქი... მერე გავიგე რომ ჩემი შვილის გვამი ყვარლის რაიონის ტერიტორიაზე უნახავთ. რადგანაც სხეული დანაწევრებული და დასახიჩრებული იყო, გარდაცლილი შვილი მე არ მინახავს...
ჩემი რძლის ახლობლებს ეჭვი აქვთ, თითქოს მე წავაქეზე რაშიდა და მანაც მოკლა ნოდარი. მე რაშიდა არ წამიქეზებია, ამას არ ვიზამდი, რადგან ნოდარი ჩემი შვილი იყო. იმედი მქონდა, რომ როცა მოვხუცდებოდი, იგი ყურადღებას მომაქცევდა".
რაშიდ პეიტიევი
"... ნოდარ მამედოვი ჩემს მიმართ კარგად იყო განწყობილი, დედამისთან კი ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა. ხშირად ჩხუბობდნენ, იმ პერიოდში მათთან სტუმრად ვიმყოფებოდი . მათ სახლში ვცხოვრობდი. მთელი ამ ხნის განმავლობაში ნოდარის დედა მეუბნებოდა: ნოდარს შენი მოკვლა უნდა და იმან რომ არ მოგკლას, შენ მოკალიო. თან დამპირდა, 600 ლარს გადაგიხდი, თუ ჩემს შვილს მოკლავო. ამ თანხას მას შემდეგ მომცემდა, როცა მოკლული ნოდარის შარვალს და მოჭრილ ხელს მივუტანდი... ორი თვის მანძილზე სულ ამაზე მელაპარაკებოდა. რახან ფულს მთავაზობდა, მეც დავთანხმდი... ზუსტად რიცხვი არ მახსოვს, კაბალის ბაზართან, სასადილოში საჭმელი ვჭამეთ, 3 ლიტრი ღვინო და არაყი დავლიეთ, ნოდარს შეთავაზე, რომ ქეიფი სხვაგან გაგვეგრძელებინა. ბაზარში სასმელ-საჭმელი ვიყიდეთ და იქიდან სამარშრუტო ტაქსით წამოვედით. მანქანიდან შესაფერის ადგილს ვეძებდი, მინდოდა ცოტა მოშორებით, მოფარებულში მიმეყვანა ნოდარი... ტყის პირას ჩამოვედით, დავსხედით მიწაზე და დალევა დავიწყეთ. ნოდარს სასმელი მაგრად მოეკიდა და ცუდად გახდა. გული აერია, ამიტომ იქვე მიწაზე წამოწვა, ცოტა ხანში ჩაეძინა. ვიფიქრე, რომ ხელსაყრელი მომენტი ჩამივარდა. მიწიდან ქვა ავიღე და მძინარეს ორჯერ თუ სამჯერ ჩავარტყი. მაინც ცოცხალი იყო. მაშინ სუფრიდან დასაკეცი დანა ავიღე (ეს დანა ჩემი გახლდათ, ადრე მაღაზიაში შევიძინე) და იგი ნოდარს გულ-მკერდის არეში ჩავარტყი, მერე ისევ ქვა დავარტყი თავში, ისევ ცოცხალი იყო. გულში კიდევ ერთხელ ჩავარტყი დანა. როცა დავრწმუნდი, რომ იგი მოკვდა, ქვა გადავაგდე. ნოდარს სასხარში ხელის მტევანი მოვაჭერი, რომელი ხელი იყო არ მახსოვს. გავხადე შარვალი, ტანსაცმელი, პერანგი და ჟილეტი დაუსისხლიანდა. ამიტომაც მათი დაწვა გადავწყვიტე. დავანთე ცეცხლი, და პერანგი, ჟილეტი და ფეხსაცმელები ზედ დავყარე. მოჭრილი ხელი და შარვალი პარკში შევახვიე, ამის შემდეგ ცოტა ხანს მიწაზე წამოვწექი, ცეცხლის ჩაქრობას ველოდებოდი. თელავში სამარშრუტო ტაქსით წავედი, იქიდან კი ყარაჯალაში ფეხით ჩავედი... გოჰარა სახლში არ დამხვდა. თბილისში იყო წასული. რაც შეეხება დანას, მკვლელობის შემდეგ იგი გავწმინდე და თან დავატარებდი".
აღსანიშნავია, რომ ჩვენებიდან მოყვანილი ბოლო სიტყვები რაშიდ პეიტიევმა მოგვიანებით დამატებითი დაკითხვისას უარყო და დასძინა, რომ დანა, რომლითაც მან ნოდარ მამედოვი მოკლა, იქვე, შემთხვევის ადგილას გადააგდო. რაც შეეხება გოჰარ იბრაგიმ ყიზისს, იგი ბოლომდე პირველი ჩვენების ერთგული დარჩა. სასამართლომ მისი სიტყვები სარწმუნოდ არ მიიჩნია. ამ გადაწყვეტილებით კი, განსარჩელის ადვოკატები უკმაყოფილონი დარჩნენ და თავიანთი პოზიცია ამგვარად ჩამოაყალიბეს: "გოჰარ იბრაგიმ ყიზი ერთი ჩვეულებრივი სოფლელი ქალია. იგი იმდენად მიამიტი ბუნების ადამიანი გახლავთ, რომ რთულია წარმოიდგინო მის მიერ ჩადენილი პატარა დანაშაული, არა თუ ასეთი შემზარავი მკვლელობა და მისი განზრახვა. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ მის უდანაშაულობაში. ეს საქმის მასალებიდანაც ნათლად ჩანს. გამოძიება, ისევე, როგორც სასამართლო, რატომღაც მხოლოდ პეიტიევის მიერ მიცემულ ჩვენებას დაეყრდნო. ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ განაჩენს საკასაციო წესით და საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნებას მოვითხოვთ".
მეგი ცანავა
"გზა". 7.02. 2002.