იტალიელი კლეოფე ნიცის მკვლელობაში ბრალდებულ 25 წლის ქართველ ნათია თათარაშვილს სასამართლომ ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მკვლელობა 2013 წლის 6 იანვარს იტალიაში, კერძოდ კი ტოსკანას რეგიონში, ქალაქ პრატოს პროვინცია მონტემურლოში მოხდა. 90 წლის კლეოფე ნიცი საკუთარ სახლში ყელგამოჭრილი იპოვეს. ეჭვი თავიდანვე მოხუცებულის მომვლელ ქართველ გოგონაზე მიიტანეს. თავდაპირველად ნათია თათარაშვილმა ბრალდება უარყო, მაგრამ შემდეგ დანაშაული აღიარა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მას ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე თვითმკვლელობა სცადა. მან ქალაქ პრატოში XX სექტემბრის სახელობის ხიდიდან მდინარეში გადახტომა დააპირა, მაგრამ გამვლელებმა შეაჩერეს. ნათია ამბობდა, რომ მისთვის აუტანელ ყოფაში უწევდა ცხოვრება და ვეღარ უძლებდა მოხუცებულების მოვლას. სამართალდამცველებთან საუბრისას გოგონამ თქვა, რომ მასში ორი ადამიანი ცხოვრობს - ცუდი და კარგი და ამ ცუდი ადამიანის მოკვლას ცდილობდა. ჩვენების მიცემის შემდეგ, ეჭვმიტანილი გამოკვლევის ჩასატარებლად დაუყოვნებლივ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს და...
ნათიას შესახებ ინფორმაცია აქ "დაიბლოკა". ოჯახის წევრები არავის ესაუბრებოდნენ. პოლიციაც დუმდა და სამედიცინო დასკვნას ელოდა. პრესა თითქმის ერთი წლის შემდეგ, თავიდან ალაპარაკდა. ნათია თათარაშვილს ფსიქიური პრობლემები დაუდასტურდა და სასამართლომ განაჩენი დაჩქარებული წესით გამოუტანა. მოსამართლე ლუკა დადარიომ, პროფესორ როლანდო პატერნიტის სამედიცინო დასკვნის საფუძველზე ქართველ გოგონას ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ათ წელიწადს ნათია ექიმების პერიოდული მეთვალყურეობის ქვეშ, საპყრობილეში გაატარებს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ათი წლის შემდეგ, იგი გათავისუფლდება. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ვადის მოხდის შემდეგ, გოგონა ციხის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გააგრძელებს მკურნალობას, სანამ საბოლოოდ საზოგადოებისთვის უსაფრთხოდ არ ცნობენ.
განაჩენის გამოტანის შემდეგ, მწვავე განცხადება გააკეთა მოკლულის შვილმა ჯუზეპე მეონიმ, რომელიც დედასთან ცუდი ურთიერთობის გამო, თავიდან ერთ-ერთ ეჭვმიტანილად ითვლებოდა - "ჩემი აზრით, საუკეთესო გადაწყვეტილებაა, ის სამუდამოდ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დარჩება და დაიტანჯება".
ნინო მამუკაძე, იტალია
Ambebi.ge