ტექდათვალიერების მოლოდინმა საქართველოში ავტომობლების ბიზნესი დააზარალა. კრიტერიუმი, თუ როგორ მომზადდეს ავტომობილი ტექდათვალიერებისთვის, ავტომობილების შეძენის მსურველებისთვის უცნობია. მათ ისღა დარჩენიათ, დაელოდონ ტექდათვალიერების პროცესს და შემდეგ გადაწყვიტონ სასურველი ავტომობილის შეძენა.
როგორც იმპორტიორები ამბობენ, დამკვეთის მხრიდან კონკრეტული მოთხოვნა, როგორი ავტომანქანის ჩამოყვანა სურთ, არ შეიმჩნევა. მათ პრეტენზია ჯერჯერობით მხოლოდ ავტომანქანის ტექნიკურ მდგომარეობაზე აქვთ. ამ დროს, მეორადი ვტომობილის შეძენისას, ტექნიკურ გამართულობაზე პასუხისმგებლობას იმპორტიორი მთლიანად იხსნის, რის გამოც ავტომობილის შერჩევისას მომხმარებელს განსაზღვრული სტანდარტი არ აქვს. ავტოექსპერტ დავით მესხიშვილის შეფასებით, ავტობიზნესისთვის კრიზისული პერიოდია და ტენდენცია ტექდათვალიერების დაწყებამდე გაგრძელდება. "ბაზარზე ჯერ კიდევ გაურკვეველი სიტუაციაა. ხალხს არ აქვს ამომწურავი ინფორმაცია, რა არის ტექდათვალიერება, რა მოთხოვნის დაკმაყოფილებას მოითხოვს, როგორ უნდა მოემზადონ ამ პროცესისთვის. ამიტომ მომხმარებელი ფრთხილობს და ეს ლოგიკურია. შეიძლება ტექდათვალიერებისთვის გასაწევი ხარჯი ავტომობილის ღირებულებაზე მეტი აღმოჩნდეს. ამისგან ბევრი არ არის დაზღვეული.
ხანგრძლივი მოლოდინი კი საბოლოოდ დააზარალებს ავტომობილების ბიზნესს, რომელიც გაურკვევლობის გამო, ისედაც კრიზისულ სიტუაციაშია. ახალ ავტომობილს ყველა ვერ შეიძენს, მაგრამ არც ის იციან, ტექნიკურად როგორი ავტომობილის ყიდვა მოუწევთ. სრულ გარანტიას არცერთი იმპორტიორი კომპანია არ იძლევა. ბაზარი ამ მიმართულებითაც თუ არ მოწესრიგდება, შემოყვანილი ავტომობილების უმეტესობა ტექდათვალიერებას ვერ გაივლის.
ამჟამინდელი პერიოდი ავტომობილების ბიზნესისთვის არახელსაყრელია და ამ სიტუაციიდან რამდენიმე თვე ვერ შეძლებენ გამოსვლას. ვფიქრობ, ტექდათვალიერების შემოღების შემდეგ, როცა ყველაფერი გაირკვევა, ბაზარი კრიზისიდან გამოსვლას დაიწყებს. მანამდე მდგომარეობის გაუმჯობესებას არ ველოდები", - განმარტავს მესხიშვილი.
მანქანების წესრიგში მოყვანა მძღოლებს 2015 წლის მარტიდან მოუწევთ. ცვლილება შეეხება დაახლოებით 800 ათას მსუბუქ ავტომანქანას, რომელთა მფლობელებს დღემდე არ მოეთხოვებათ ყოველწლიურად ტექდათვალიერების გავლა.
სპეციალისტების შეფასებით, ავტომობილების ტექდათვალიერება მარტოოდენ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას არ უკავშირდება. აქ მეტად მნიშვნელოვანია გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობა, რომელიც საქართველოში მოძრავი ძველთაძველი ავტომობილების გამოისობით მკვეთრადაა გაუარესებული.
ორიოდე თვის წინ გარემოს დაცვის სამინისტრომ ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად ახალი რეკომენდაციები შეიმუშავა. მთავარი აქცენტი ავტოტრანსპორტის ტექდათვალიერების აღდგენის საჭიროებაზე, საწვავის ხარისხის გაუმჯობესებასა და ავტოპარკის განახლებაზე გაკეთდა. საუბარია, ჰაერში კანცეროგენული ნივთიერებების შემცველობის მაღალ მაჩვენებელზე, რაც, ძირითადად, საწვავის გამონაბოლქვის შედეგია.
ფაქტს, რომ ტექდათვალიერების აუცილებლობამ ავტობიზნესი აზარალა, იმპორტიორებიც ადასტურებენ. მათი თქმით, ავტომობილების ქართულ ბაზარზე სრული უძრაობაა და მდგომარეობის გამოსწორება უახლოესი რამდენიმე თვის განმვლობაში მოსალოდნელი არ არის.
მომხმარებელი ფრთხილობს, რადგან მათთვის უცნობია ტექდათვალიერების კრიტერიუმები. როგორც ავტოიმპორტიორები ამბობენ, ტექნიკურ გამართულობაზე პრეტენზია უკვე ყველას აქვს.
"ბოლო პერიოდში ავტომობილების ბიზნესში სიწყნარეა. ვერ გეტყვით რომ რეალიზაცია მკვეთრად შემცირდა, ასე ნამდვილად არ არის, მაგრამ მყიდველი ფრთხილობს. არ ვიცი, ეს პირდაპირ უკავშირდება თუ არა მოსალოდნელ ტექდათვალიერებას თუ კიდევ სხვა მიზეზია.
შეკვეთების რაოდენობა მინიმალურია. ალბათ, ვითარება გამოსწორდება ტექდათვალიერების დაწყებისთანავე, როცა გარკვეული სტანდარტი ჩამოყალიბდება და გაურკვევლობა მოიხსნება. ვფიქრობ მიზეზი ყველაზე მეტად ამ პროცესს უკავშირდება და პასიურ მდგომარეობაში ყოფნა დიდხანს არ მოგვიწევს", - ამბობს ლაშა გვალია, ავტოდილერი.
სიტუაციას არასახარბიელოდ მიიჩნევენ "კავკასუს ავტოიმპორტშიც", რომელიც ყველაზე მსხვილი ავტოიმპორტიორი კომპანიაა საქართველოში. კომპანიის წარმომადგენლის, დათო რეხვიაშვილის ინფორმაციით, ძირითადად მოთხოვნა 2002-07 წლებში გამოშვებულ ავტომობილებზეა.
"მოთხოვნა, რომ ჩამოყვანილი ავტომობილი მაინცდამაინც ბოლო წლებში იყოს გამოშვებული, არ არის. მთავარია, ტექნიკურად იყოს გამართული და ამაზე პრეტენზია ყველა შემკვეთს აქვს. ჩვენი კომპანია იმპორტს იაპონიდან, ამერიკიდან და ევროპის ქვეყნებიდან აწარმოებს. შედარებით მკაცრია მოთხოვნა იმ შემკვეთების მხრიდან, რომლებსაც ავტომობილი აზერბაიჯანში გადაჰყავთ. იქ სტანდარტი განსაზღვრულია და იმპორტიორებს ყველა კრიტერიუმის დაცვა უწევთ.
რაც შეეხება ზოგადად ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, გაუმჯობესება არ იგრძნობა. ეს არ არის სახარბიელო სიტუაცია. ველოდებით, რომ გაზაფხულიდან მოთხოვნა მცირედით მაინც მოიმატებს. საქართველოში ავტომობილების ბიზნესი ამ პოზიციაზე დიდხანს ვერ გაჩრედება. იმედია, მდგომარეობა გაუმჯობესდება, რისი ნიშნებიც ჯერჯერობით არ არის", - ამბობს რეხვიაშვილი.
ანალოგიური მოსაზრებისაა კომპანია "ავტოსითის" წარმომადგენელი, რომლის შეფასებითაც, ავტომობილებზე მოთხოვნა არ გაზრდილა და თითქმის ისეთივეა, როგორიც გასულ წლებში იყო.
"შეიძლება ითქვას, ვითარება სტაბილურია, ბოლო რამდენიმე წელია, მოთხოვნა არ იცვლება. ავტომობილები, ძირითადად, იაპონიიდან ჩამოგვყავს. მოთხოვნა 2002 წლის ზემოთ გამოშვებულ ავტომობილებზეა. რაღაც სტანდარტი არ არის, შემკვეთს უნდა, რომ ავტომანქანა გამართული იყოს, წლოვანებას ჯერჯერობით ნაკლებ ყურადღებას აქცევენ", - ამბობს "ავტოსითის" თანამშრომელი "რეზონანსთან" საუბრისას.
მარი ჩიტაია