საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უახლესი ისტორიის მანძილზე პირველად წმინდანად შერაცხული სამი წმინდა მამის საფლავი იხსნება. საზოგადოება ღირსი მამა გიორგი (იოანე) მხეიძისა და ღირსი იოანე მაისურაძის საფლავების გახსნის მომსწრე გახდება. ამ მოვლენას მორწმუნეები წლობით ელოდნენ. თუ როგორ ხდება წმინდანად შერაცხვა და რატომ ხდება მათი საფლავის გახსნა, ამ თემაზე Ambebi.ge პატრიარქის მდივანს დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს ესაუბრა.
მამა მიქაელის განცხადებით, საფლავის გახსნის დროს წმინდანად შერაცხვისთვის სხეულის უხრწნელობა ერთადერთი მტკიცებულება არ არის.
"უხრწნელება არ არის ერთადერთი მტკიცებულება ადამიანის წმინდანობის დასადგენად. იგი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ამ მთლიანი თემის, რასაც კანონიზაცია ქვია. შეიძლება უხრწნელი არ დაგვხვდეს, შეიძლება უხრწნელიც იყოს. საფლავის გათხრის შემდეგ, ჩვენც ასეთ მოლოდინის რეჟიმში ვართ, რა მდგომარეობა დაგვხვდება იქ. უხრწნელი იქნება თუ გახრწნილი იქნება სხეული, ამით არ განისაზღვრება წმინდანობა. ეს არ არის ერთადერთი მტკიცებულება ამის", - დასძინა მამა მიქაელმა.
მისივე თქმით, პიროვნების თუ სასულიერო პირის წმინდანად შერაცხვა წმინდა სინოდის მიერ ხდება. სინოდის მიერ შექმნილი კომისია სწავლობს პირის კანონიზაციის საკითხს. კერძოდ, ხდება წმინდანად შესარაცხი ადამიანის თუ სასულიერო პირის ცხოვრების შესწავლა. შეისწავლიან მისი ცხოვრების წესს, ნაშრომებს, თუ სასულიერო პირია, ქადაგებებს, რათა იქ არ იყოს ისეთი ცდომილება, რაც მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას ან ქრიტიანი ადამიანის ცხოვრების წესს ეწინააღმდეგება. საფლავზე განხორციელებული სასწაულები კი დამატებითი მტკიცებულებებია ამა თუ იმ პიროვნების კანონიზაციასთან დაკავშირებით. ამიტომ არის რომ წმინდანად შერაცხვის პროცესი შეიძლება ათწლეულებით გრძელდებოდეს.
ღირს მამა გიორგი (იოანე) მხეიძეს და ღირს იოანე მაისურაძეს ბეთანიაში მსახურება ურთულეს პერიოდში მოუწიათ. ისტორიკოს სერგო ვარდოსანიძის განცხადებით, 1921 წლიდან, როდესაც ეკლესია კანონგარეშე ორგანიზაციად გამოცხადდა, ეკლესია-მონასტრები - სახელმწიფო საკუთრებად და სასულიერო პირების იძულებით განმოსვის პროცესი დაიწყო, ღირსი მამა გიორგი (იოანე) მხეიძე და ღირსი იოანე მაისურაძე ბეთანიაში, ბერად მსახურებას მაინც აგრძელებდნენ. ისინი პატრიარქ კალისტრატეს ტაძრის მცველებად ყავდა გაფორმებული.
მამა გაბრიელმა მასზე წინ მისი სულიერი მოძღვრების წმინდანად შერაცხვის შესახებ მის სიცოცხლეშივე იწინასწარმეტყველა და ამაზე არაერთხელ დაიწერა. საპატრიარქომ საფლავების გახსნის შესახებ განცხადებაც გააკეთდა.
საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზ დავით შარაშენიის თქმით, 20 თებერვალს, 17:00 საათზე, ბეთანიაში გაიხსნება მამა გაბრიელის მოძღვრის, ღირსი მამა გიორგი-იოანეს და ღირსი მამა იოანეს წმინდა ნაწილები და დასვენდება ბეთანიის მონასტრის ღვთისმშობლის შობის ტაძარში.
დეკანოზ დავით შარაშენიძის ინფორმაციით, იმავე დღეს 17:00 საათზე დაიწყება საზეიმო ლოცვა, ხოლო 24:00 საათზე საზეიმო წირვა ღამისთევით. წირვა-ლოცვა და პარაკლისები შემდეგ დღეებშიც აღესრულება.
22 თებერვალს 12:00 საათზე გაიხსნება სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში დაკრძალული ღირსი მამის, წმინდა გაბრიელ სალოსის წმინდა ნაწილები. "წმინდა ნეშტი ჯერ დასვენდება სამთავროს ფერიცვალების ტაძარში, ხოლო 18:00 საათზე გადასვენდება სვეტიცხოველში. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლოცვა დაიწყება შაბათს, 19:00 საათზე, ხოლო კვირას საზეიმო წირვა დაიწყება 10:00 საათზე. წირვა-ლოცვას წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღავლენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი", - განაცხადა დავით შარაშენიძემ.
მისივე თქმით, 24 თებერვალს მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები გადმოსვენებული იქნება სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ერთი კვირის განმავლობაში იქნება დაბრძანებული და მრევლს საშუალება ექნება პატივი მიაგოს მას. შემდეგ კი იგი დაიკრძალება სამთავროს ფერიცვალების ტაძარში.
20-ე საუკუნის ბოლოსა და 21-ე საუკუნის დასაწყისში საპატრიარქოს მიერ ბევრი პიროვნება წმინდანი შეირაცხა. თუმცა, წმინდანთა საფლავის გახსნა კი პირველად ხდება.
ღირსი მამა იოანე ათონის მთაზე 17 წელი მოღვაწეობდა. 1920-21 წწ-ში იგი სხვა ქართველ ბერებთან ერთად იძულებული გახდა ათონის მთა დაეტოვებინა და საქართველოში დაბრუნებულიყო. იგი ბეთანიის მონასტერში დამკვიდრდა. 1924 წლიდან ბეთანიის მონასტერში მოღვაწეობდა მამა გიორგი მხეიძეც. 50-იანი წლებიდან ღირსი მამები მამა გაბრიელის სულიერი მოძღვრები გახდნენ.
ეკა ბახუტაშვილი, Ambebi.ge