სუროგაციის ცენტრის "NEW LIFE"-ის მსოფლიო ქსელის დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი სოჭის ოლიმპიადაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობას "ფეისბუქით" ეხმაურება.
"არაფერი საერთო არაა სპორტსა და პოლიტიკას შორის. აბა თქვენ იცხოვრეთ სპორტსმენის ცხოვრებით თუნდაც ერთი კვირა და მერე ვნახოთ რა სტატუს დადებთ. დიახ, სპორტსმენები უნდა გავიდნენ ყველა შეჯიბრსა და ჩემპიონატზე, მიუხედავად იმ ქვეყანასთან არსებული საგარეო პოლიტიკისა. პოლიტიკოსებს რატომ მაშინ არ ახსოვთ სპორტსმენები როდესაც არანორმალურად შრომობენ კაპიკების ფასად და მიმხედი და პატრონი არ ჰყავთ?!", - წერს მარიამ კუკუნაშვილი.
კუკუნაშვილმა ეს კომენტარი საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის პოსტზე დატოვა, რომელიც ქართველ სპორტსმენებს დამნაშავეებად მიიჩნევს.
"ყველა იმ სპორტსმენმა, ვინც გადააბიჯა ყველაფერს, რისთვისაც ღირს საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი ქვეყნის სახელით მონაწილეობა, გადააბიჯა გმირი ანწუხელიძის მიერ სიკვდილის ფასად დაცულ საქართველოს დროშის ღირსებას და საკუთარი ქვეყნის ამაოხრებელს მიეახლა დევიზით "ყინული ყველგან ყინულია", გამოუსწორებელი დანაშაული ჩაიდინა. გინდ 54-ე და გინდ სულ პირველი ადგილი აუღიათ ამის შემდეგ. ამ დანაშაულთან შედარებით რომელიღაც სპორტსმენის 54-ე ადგილი ჩემი აზრით, უმნიშვნელო წვრილმანია და ამ თემაზე ქილიკს დისკუსია არასწორ ჭრილში გადაყავს", - დაწერა თაქთაქიშვილმა.
მარიამ კუკუნაშვილი დეპუტატს ამ თემასთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთებას არ ურჩევს.
"და კიდევ, ქ-ბ ჩიორა, როგორც პოლიტოკოსს გირჩევდით თავი შეიკავოთ მსგავსი განცხადებებისაგან ამით თქვენ ნებით თუ უნებლიეთ ნაციონალური მოძრაობის საპირისპიროდ განაწყობთ სპორტსმენებისა თუ სპორტის მოყვარულთა დიდ არმიას", - წერს კუკუნაშვილი.
მარიამ კუკუნაშვილის რჩევა უპასუხოდ არ დაუტოვებია ჩიორა თაქთაქიშვილს.
"ქალბატონო მარიამ, არც მე, არც "ნაციონალურ მოძრაობას" და არც ჩვენი ქვეყნის სამასი ათას მოქალაქეს არ ეშინია იმის, რომ თუნდაც ერთადერთი პილიტიკური ძალა დავრჩეთ, მაინც გავაპროტესტოთ ოკუპაცია, საქართველოს დაქუცმაცება, ნახევარ მილიონამდე ადამიანის სახლიდან გამოყრა, სვანეთის მთებში ახალშობილების გაყინვა და ის უამრავი საზიზღრობა, რაც რუსეთმა მოუტანა საქართველოს და ქართველებს. და სანამ ასეთივე პოზიციის ადამიანები იქნებიან საქართველოში, მანამდე ვერ დააჩოქებს საქართველოს რუსეთი, თუნდაც მისი ხელისუფლება მუხლებზე ფორთხვით მიეახლოს პუტინს. მოვა დრო და ამისთვის მადლობას გადაგვიხდით თქვენც, ვისაც სხვადასხვა მიზეზის გამო დღეს ძლიერი მტრისთვის სახელის დარქმევას და მასთან ბრძოლას, ამ უთანასწორო ბრძოლაში საკუთარი გმირების დადანაშაულება გირჩევნიათ.
"დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო" vs "სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი", - დაწერა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, 19 თებერვალს სოჭის ოლიმპიადაზე ვაჟთა შორის ასპარეზობა გიგანტურ სლალომში გაიმართა.
საქართველოს სახელით ორმა მოთხილამურემ იასპარეზა - ალექსანდრე ბენიაიძემ და იასონ აბრამაშვილმა.
სამწუხაროდ, ქართველმა სპორტსმენებმა პირველი დაშვება ვერ ჩაამთავრეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მეორე დაშვების მცდელობა აღარ ექნებათ.
ბენიაიძე და აბრამაშვილი 22 თებერვალს სლალომში ცდიან ძალებს. ამასთან, სოჭის ოლიმპიადაზე ქართველ სპორტსმენთაგან პირველმა ნინო წიკლაურმა იასპარეზა, რომელმაც გიგანტურ სლალომში 49-ე ადგილი დაიკავა. ნინო 21 თებერვალს სლალომში ცდის ძალებს.
გარდა ამისა, 19 თებერვალს ელენე გედევანიშვილი ფიგურულ სრიალში ქალთა ინდივიდუალურ გამოსვლებში, მოკლე პროგრამით საღამოს 21:00 სთ-დან წარდგება.