ფონდი "ქართუ" განათლების, ხელოვნებისა და სპორტის წარმომადგენლებს ამიერიდან შესაბამისი სამინისტროების მეშვეობით დააფინანსებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფონდის იურისტმა ნინო კიკნაძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნული მიზნით ფონდი განათლების, სპორტის და კულტურის სამინისტროებს გრანტს გამოუყოფს.
"ჩვენს ფონდში სპორტსმენების, ხელოვნებისა და განათლების წარმომადგენელთა დაფინანსებასთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებებია. გადაწყდა, რომ შესაბამის სამინისტროებს გადაეცემათ თანხები გრანტის სახით და ყველა, ვინც ფონდისგან დახმარებას იღებდა, ამიერიდან თანხას განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტროებისგან მიიღებს. ასე, რომ ფონდი დაფინანსების პროგრამას აგრძელებს, თუმცა ხელშეკრულების მეორე მხარე ამიერიდან ხდება შესაბამისი სამინისტრო", - განაცხადა "ქართუს" იურისტმა.
ამასთან, ნინო კიკნაძის განმარტებით, შესაბამისი სამართლებრივი წინაპირობის მოსაწესრიგებლად სამინისტროებს გარკვეული დრო სჭირდებათ და ისინი თებერვლის ბოლოდან შეძლებენ თანხების გაცემას.
"თებერვლის ბოლოდან სამინისტროები სრულად იქნებიან მზად, რომ დაუკავშირდნენ შესაბამის პირებს და მათთან გააფორმონ ხელშეკრულება. თანხების რაოდენობა, დასაფინანსებელ პირთა სია არ შეიცვლება. აქვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ყველა მიიღებს იანვრისა და თებერვლის დაფინანსებასაც, რომელიც მათ აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებული პროცედურების გამო არ ჩარიცხვიათ. ასე, რომ სანერვიულო არავის არაფერი აქვს", - აღნიშნა კიკნაძემ.
დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ბიძინა ივანიშვილმა მსახიობებს დახმარება მოუხსნა.