21 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარსდგება. პარლამენტში გამოსვლამდე მარგველაშვილი მოხსენებისთვის საკუთარ გუნდის წევრებთან ემზადება. ამსახველი ფოტომასალა პრეზიდენტის ოფიციალური Facebook-გვერდის საშუალებით გასაჯაროვდა.
საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში დაახლოებით 40-წუთიანი გამოსვლა ექნება. როგორც ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დავით პატარაიამ განუცხადა, გიორგი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე წარდგება სიტყვით, რომელიც კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის მდგომარეობის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება.
მისი განმარტებით, აქცენტი ღირებულებით, ფასეულობით თემებსა და პრეზიდენტის ხედვებზე გაკეთდება.
"საუბარი იქნება, როგორ ხედავს პრეზიდენტი პასუხს ქვეყნის წინაშე 2013 წლის განმავლობაში მდგარ გამოწვევებზე და მეორე მხრივ, მომავალში როგორ უნდა უპასუხოს საქართველომ ამ საკვანძო გამოწვევებს. ეს ყველაფერი იქნება უფრო მეტად ღირებულებით, ფასეულობით ასპექტებში მოცემული. გამოწვევების თემა ძალიან ფართოა, დაწყებული უსაფრთხოების საკითხებით, გაგრძელებული ჩვენი სუვერენიტეტისა და საგარეო პოლიტიკური თემატიკით და დამთავრებული ეკონომიკური საკითხებით. ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დგას დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე, გაანალიზებული იქნება და პრეზიდენტი ამ თემაზე ხედვას წარმოაჩენს", - განაცხადა პატარაიამ.
პრეზიდენტის მოხსენების პროცედურები განხილვის სტადიაშია, თუმცა, საპარლამენტო მდივნის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი დეპუტატების კითხვებზე პასუხისთვის მზად არის.
საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის ძირითად აქცენტებზე ჟურნალისტებს ვანო მაჭავარიანიც ესაუბრა. როგორც საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა, გიორგი მარგველაშვილი გასული წლის აქტუალურ თემებთან ერთად სამომავლო გეგმებზეც ისაუბრებს.
"პრეზიდენტი წარმოადგენს საკუთარ ხედვას ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით. ეს თავისთავად მოიცავს იმ ახალ საკონსტიტუციო მოდელს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განისაზღვა. წარმოდგენილი იქნება ხედვა ეკონომიკური, სოციალური განვითარების თვალსაზრისით და ქვეყნის უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობის ამაღლების თვალსაზრისით, ასევე დაისმევა კონკრეტული აქცენტები საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების და ქვეყნის გეოპოლიტიკური განვითარების კუთხით", - განაცხადა მაჭავარიანმა.
პრეზიდენტის მრჩევლის ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური არ არის, მისი ხედვა მოიცავს იმ ინიციატივებს, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებების სფეროს შეეხება.
გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა საკანონმდებლო ორგანოში 21 თებერვალს იგეგმება.