თბილისის რამდენიმე უბანს დღეს საღამოს წყალმომარაგება შეუწყდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს, წყალმომარაგების შეწყვეტა 1400 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე მომხდარი დაზიანებების სალიკვიდაციო სამუშაოებს უკავშირდება, რომელიც საღამოდან ჩატარდება. ავარიულად მაგისტრალური არტერიის თბილისის ზღვის შემოვლით გზაზე გამავალი მონაკვეთი დაზიანდა.
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, საღამოს 19:00 საათიდან წყალმომარაგება ეტაპობრივად შეუწყდება: ვარკეთილის მასივს, ვარკეთილის IV მ/რაიონის მე-2 რიგს, ვარკეთილის მასივის ზედა პლატოს, ვარკეთილი 3-ის მ/რაიონებს და საქჰიდრომშენს; ვარკეთილის მეურნეობის, საქნავთის, ლილოს, ორხევის, თეთრიხევის, აეროპორტისა და მე-8 ლეგიონის დასახლებებს; ზემო და ქვემო ფონიჭალის, წმინდა ბარბარეს, გიგანტისა და მათ მიმდებარე კერძო დასახლებებს; მოსკოვის გამზირს, ჯავახეთის, წულუკიძის, ქინძმარაულის, კაიროსა და ჟორესის ქუჩებს; კახეთის გზატკეცილს და სოფლებს: სადგურ ველს, გამარჯვებას, ახტაკლიას, ყარატაკლიას, გაჩიანს. ასევე წყალს გარკვეული შეფერხებით მიიღებს: ვაზისუბნის დასახლება, ბოგდან ხმელნიცკისა და ჩოლოყაშვილის ქუჩები, ქეთევან წამებულის გამზირი და მათი მიმდებარე ქუჩები.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცნობით, წყლის მიწოდება ჩამოთვლილ უბნებს ხვალ, 18:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ.
კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს იხდის დისკომფორტისთვის და აცხადებს, რომ შეეცდება, სამუშაო რაც შეიძლება მოკლე დროში დაასრულოს.