"უსაზღვრო სიყვარული შემიძლია" - ოთო ფოლადაშვილის პირადი ცხოვრება

"უსაზღვრო სიყვარული შემიძლია" - ოთო ფოლადაშვილის პირადი ცხოვრება

ოთო ფოლადაშვილს საზოგადოება როგორც წარმატებულ და პროფესიონალ მოცეკვავეს, ისე იცნობს. 20 წლის ასაკში ის თამამად ამბობს, რომ საკუთარ საქმეში პირველია და ყოველთვის იბრძოლებს იმისთვის, რომ პირველობა არავის დაუთმოს. "დამოუკიდებელი, გაწონასწორებული, მიზანდასახული და ერთგული ვარ", - ასე ახასიათებს საკუთარ თავს ჩვენი "სასიძო".

-  ძალიან ტკბილ და თბილ ოჯახში გავიზარდე. მყავს დედა, მამა და ერთი და. დედა პედაგოგია, ქიმიას ასწავლის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში. თითოეული ოჯახის წევრი ვცდილობთ, სახლში მხიარულება შევიტანოთ... გვიყვარს ჩვენი საქმის კეთება, იუმორი და დროის კარგად ტარება.

-  შენი და პროფესიით ვინ არის?

-  ჩემი და ექიმია, სამედიცინო უნივერსიტეტი 100%-იანი გრანტით დაამთავრა. მას უკვე საკუთარი ოჯახი აქვს; ჰყავს მეუღლე (რომელიც ყოფილი მორაგბეა) და 2 შვილი - უსაყვარლესი ნუცი და დათი. ისინი ძალიან ცელქები არიან, გვაგიჟებენ...

-  გარდა იმისა, რომ ცეკვავ, კიდევ რას საქმიანობ?

-  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვსწავლობ, 70-პროცენტიანი დაფინანსებით, ნავთობისა და გაზის მრეწველობის ფაკულტეტზე.

-  ოთო, რამდენი წლის ხარ?

-  20-ის.

-  ზოდიაქოს ნიშნით ვინ ხარ?

-  ოოო... ზოდიაქოს ნიშნით მორიელი ვარ. სიმართლე გითხრათ, ჰოროსკოპების მჯერა. ჩემს ნიშანზე რასაც ვკითხულობ, ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც რეალობაში. მორიე­ლის ნიშან-თვისებები ზეპირად ვიცი. ისე, ნამდვი­ლი მორიელი ვარ... მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ორი უკიდურესობა სჭირთ: ან ძალიან დეპრესიულები არიან და ამით საკუთარ თავს ინადგურებენ, ან პირიქით - ძალიან წარმატებულები და ხალისიანები ბრძანდებიან.

-  შეგიძლია საკუთარი თავი დაგვიხასიათო? როგორი ადამიანი ხარ?

-  ჩასაყლაპი ვარ (იცინის)... ძალიან მხიარული გახლავართ. მიყვარს საკუთარი პროფესია და თავდაუზოგავად ვშრომობ იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიო. ასევე, ვარ მეგობრული და რაც მთავარია, ერთგული ადამიანი. მიყვარს ყველაფერი დადებითი.

-  შეგიძლია შენი დადებითი და უარყოფითი თვისებები გაგვანდო?

-  ჩემი დადებითი თვისება ალბათ ისაა, რომ კომუნიკაბელური ვარ. მაქვს იუმორის გრძნობა, რაც ჩემი აზრით, მართლაც ერთ-ერთი კარგი თვისებაა. სიმართლე გითხრათ, ცოტა არ იყოს, ამბიციურიც ვარ და ყოველთვის პირველობისკენ მივისწრაფვი.

-  უარყოფით თვისებებზე არაფერს გვეტყვი?

-  საერთოდ, ჩემს უარყოფით თვისებებზე ხმამაღლა არ ვლაპარაკობ. როცა ვგრძნობ, რომ ჩემი ესა თუ ის თვისება ცუდია, ვცდილობ, გამოვასწორო მანამ, ვიდრე ამას სხვები შეამჩნევენ.

-  მეგობრები როგორ გახასიათებენ?

-  ეგ ჩემს მეგობრებს რომ ჰკითხოთ, უკეთესი იქნება. მოდი, გიგის ვკითხოთ, რას ფიქრობს ჩემზე (ინტერვიუს ჩაწერისას გიგი გაჩეჩილაძე გვესწრებოდა. - ავტ.)?

გიგი:

-  ძალიან მხიარული, ენერგიული და საკუთარი საქმის მოყვარული ადამიანია. მის გვერდით თავს ყველა კომფორტულად ვგრძნობთ. მოკლედ, სასიამოვნო პიროვნებაა.

-  ოთო, მიზანდასახული ხარ?

-  შეიძლება ითქვას, რომ ზედმეტად მიზანდასახული ვარ - ეს "მორიელის" ერთ-ერთი ყველაზე კარგი თვისებაა. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ სამართლიანობით, საკუთარი შრომით მივაღწიო დასახულ მიზანს.

-  რამ შეიძლება წონასწორობა დაგაკარგვინოს?

-  საერთოდ, ძალიან გაწონასწორებული პიროვნება ვარ. ვფიქრობ, ქორეოგრაფისთვის ეს მნიშვნელოვანი და აუცილებელიც კი არის. ექსტრემალურ სიტუაციაში ჩავარდნილს ეს თვისება დამხმარებია. ელემენტარული, ცხოვრებისეული სირთულეები წონასწორობას არ მაკარგვინებს. ვცდილობ, ნებისმიერ პრობლემას მშვიდად შევხვდე, არ ავღელდე და საჭირო დროს სწორი გადაწყვეტილება მივიღო.

-  რამდენად მოწესრიგებული ადამიანი ხარ? საკუთარი სამოსის გარეცხვა და დაუთოება თუ შეგიძლია?

-  თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველანაირად მოწესრიგებული პიროვნება ვარ. მიყვარს, როცა კარგად გამოვიყურები. ამჟამად შინ მარტო ვცხოვრობ და აქედან გამომდინარე, საკუთარი ტანსაცმლის დაუთოებაც მიწევს. მთავარია, მოვინდომო, კონკრეტული რაღაცის გაკეთების სურვილი მქონდეს და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამომივა.

-  სადილის მომზადება თუ შეგიძლია?

-  უფფ... სადილის მომზადება ვიცი, შიმშილით თავს არ მოვიკლავ. სხვათა შორის, ძალიან მაგარ კოქტეილებსაც ვამზადებ. ბევრი ბარმენი მეგობარი მყავს და რაღაცები მათ მასწავლეს.

-  გამოდის, რომ მართლაც კარგი სასიძო ყოფილხარ... ისე, როგორი გოგონები მოგწონს?

-  უპირატესობას განათლებულ, ძლი­ერ და მიზანდასახულებს ვანიჭებ. ჩემი რჩეული ამბიციური, სექსუალური, მიმზიდველი და მესაკუთრე უნდა იყოს. მოკლედ, გამორჩეული გოგონები მომწონს.

-  ცნობილია, რომ მამაკაცებს ძლიერი ქალები არ მოსწონთ...

-  პირველ რიგში, ჩემთვის მთავარი მანდილოსნის გარეგნობაა. თუმცა, სამომავლო და სერიოზული ურთიერთობისთვის აუცილებელია, განათლებულიც იყოს. ინტელექტუალ ქალბატონთან ურთიერთობა საინტერესოა.

-  და მნიშვნელობა არ აქვს, ქერა იქნება თუ შავგვრემანი?

-  ეს კითხვა ჩემთვის 3 წლის წინ რომ დაგესვათ, აუცილებლად გიპასუხებდით: ქერა გოგონები უფრო მეტად მომწონს-მეთქი. მაგრამ ბოლო დროს მივხვდი, რომ მანდილოსნის თმის ფერს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, მე გამაგიჟოს, ჩემს გემოვნებაში ჩაჯდეს (იცინის). მინდა, ჩემი მომავალი მეუღლე ისეთი იყოს, როგორსაც ვეძებ.

-  ე.ი. ის ერთადერთი ჯერ ვერ იპოვე?

-  ვერა, მას ისევ ვეძებ (იცინის).

-  ქართული ტრადიციები თუ მოგწონს?

-  ქართულ ტრადიციებს დიდ პატივს ვცემ. მიყვარს ქართული ტრადიციული სუფრა, თავისი ადათ-წესებით.

-  როცა შენს საოცნებო ქალს იპოვი, როგორ ფიქრობ, "ქართულ" ქორწილს გადაიხდი თუ საქორწინო ცერემონიალის თანამედროვე ვარიანტებს მიანიჭებ უპირატესობას?

-  დიდი სურვილი მაქვს, რომ გრანდიოზული, ქართული, ტრადიციული ქორწილი მქონდეს. ქორწინების დღე წყვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის; ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ მათი თანაცხოვრების დასაწყისია, ჰოდა, ამიტომაც, ისეთი ქორწილი უნდა გქონდეს, არასდროს რომ არ დაგავიწყდება.

-  რომ გთხოვოს, მის მშობლებთან თუ მიხვალ საყვარელი ადამიანის ხელის სათხოვნელად?

-  რა თქმა უნდა, მივალ, მით უმეტეს - თუ ეს ჩემი მომავალი მეუღლის სურვილი იქნება. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ის ჩემ გვერდით იყოს. ვფიქრობ, ქალის ხელის თხოვნაში სამარცხვინო არაფერია.

-  საყვარელ ადამიანთან ერთად რომელ ქვეყანაში იმოგზაურებდი?

-  დიდი სურვილი მაქვს, თაფლობის თვე ვენეციაში გავატარო. საერთოდ კი, მსოფლიოში ბევრი ადგილია, სადაც რჩეულთან ერთად, სიამოვნებით წავიდოდი.

-  ოთო, დამოუკიდებელი ადამიანი ხარ?

-  დიახ, დამოუკიდებელი ვარ. ხშირად მიწევს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება და ვფიქრობ, ამის გამო არ დავზარალებულვარ. იმედია, მომავალშიც ასე იქნება.

-  შენი აზრით, ძნელია საყვარელი ადამიანის ერთგული იყო?

-  ზოგადად ადამიანების ურთიერთობაში ყველაზე მთავარი ერთგულება და ნდობაა. მე უსაზღვრო სიყვარული შემიძლია და ძალიან ერთგულიც ვარ. როცა ადამიანს გულწრფელად გიყვარს, ერთგულება ძნელი ნამდვილად არ არის.

-  გარდა ღალატისა, რა შეიძლება საყვარელ ადამიანს ვერ აპატიო?

-  ღალატი, რა თქმა უნდა, უპატიებელი დანაშაულია... ძალიან გამიჭირდება საყვარელ ადამიანს ტყუილი და თუნდაც, ის ვაპატიო, რასაც პირადად მე არასოდეს გავაკეთებ...

-  ალბათ უამრავი თაყვანისმცემელი გყავს. როგორ გამოხატავენ ისინი შენდამი სიმპათიას?

-  გულახდილად გეტყვით, - მართლაც, უამრავი თაყვანისმცემელი მყავს, რაც ძალიან მსიამოვნებს და მიხარია. თუმცა, გადაჭარბებული არაფერი მომწონს. ერთს ვიტყვი: ყველანაირ ურთიერთობას აქვს საზღვარი და ამ საზღვარს თუ დაარღვევ, ეს კარგს არაფერს მოგიტანს.

-  აბეზარი თაყვანისმცემლების მოგერიება ხშირად გიწევს?

-  ასეთებს ძალიან დიპლომატიურად და კორექტულად ვუხსნი, - არ მაქვს იმის დრო, რომ თითოეულ თქვენგანს ვემესიჯო და რაღაცები ავუხსნა-მეთქი. ამას ისე ვაკეთებ, რომ ჩემზე გულნატკენები არ რჩებიან.

-  ალბათ სიყვარულში ხშირად გიტყდებიან.

-  მსგავსი შემთხვევა ბევრჯერ მქონია. როცა გოგონა სიყვარულს გიხსნის, ეს მართლაც, სასიამოვნო მოსასმენია (იცინის). ასეთ შემთხვევაში ვცდილობ, გული არ ვატკინო და მასთან უბრალოდ, მეგობრული ურთიერთობა გავაგრძელო.

-  როგორ ფიქრობ, სასურველი სასიძო ხარ?

-  მიმაჩნია, რომ მართლაც, სასურველი სასიძო ვარ. ბოლო წლებში დიდ წარმატებებს მივაღწიე. ვფიქრობ, იმ სფეროში, სადაც ვსაქმიანობ, პირველი ვარ!

-  საყვარელი ადამიანის განებივრება შეგიძლია?

-  საერთოდ, მანდილოსნების გა­ნებივრება ძალიან მიყვარს. საყვარელი ადამიანის გახარებული სახის დანახვა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მომავალ მეუღლეს აუცილებლად, ისე გავანებივრებ, რომ ჩემ გვერდით თავი სრულფასოვან ქალად იგრძნოს.

-  რომანტიკული ხარ?

-  ვფიქრობ, რომანტიკული ვარ... ბავშვობიდან მიყვარდა გოგონებისთვის ორიგინალური რაღაცების ჩუქება და მათთვის რომანტიკული სიტუაციების შექმნა. საყვარელი ქალისთვის Eჩემ გვერდით ყოფნა ყოველთვის სასიამოვნო უნდა იყოს.

P.S. ოთოს თაყვანისმცემლებო, იაქტიურეთ! არ დაკარგოთ "ჩვენი სასიძოს" პირადად გაცნობის შანსი, გამოგზავნეთ თქვენი შეტყობინებები ტელეფონის ნომერზე: 5(98) 79.74.91. წარმატებებს გისურვებთ!

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება