თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე აშშ-დან დაშავებული ქართველი სამხედროების დაბრუნებას ეხმაურება.
"ჩემით არ მივილტვი ხოლმე, თავდაცვის სამინისტროში ორჯერ დამპატიჟეს მხოლოდ ღონისძიებაზე, უცხოელი გენერლები ცოლებთან ერთად იყვნენ სტუმრად და მასპინძელიც ცოლით უნდა ყოფილიყო. ეს ულამაზესი, ლომებივით ბიჭები ეტლში რომ ვნახე, ყველაფერი ერთად ამტკივდა, რაც ცოტ-ცოტა, ყურადღების ნაკლებად მისაქცევად მაწუხებს. მითუმეტეს იმოქმედა, რომ ყველას ენერგიული, ვაჟკაცური გამოხედვა და თვალებში ღიმილი ქონდა. მათ ეს გადაიტანეს, მე კი ნახვამაც დამანგრია... ადამიანური ძალა და უტეხობა იდეალების მწვერვალია, ალბათ ყველასთვის. კიდევ ერთხელ მინდოდა ირაკლისთვის მეთქვა, რას მერჩოდი, ამხელა პასუხისმგებლობა რომ გვაწევს ზურგზე-თქო. რომ ვხედავ, რომ ახლა მათ ისევ შეუძლიათ ირბინონ კიდეც, არც ვიცი, მე უფრო მიხარია, თუ მათ. ღმერთმა განსაკუთრებით დაიფაროს ყველა, ვინც თავის ცხოვრებას ასე რისკიანად ექცევა და ცვლის ქვეყნის მომავალს", - წერს მინისტრის მეუღლე.
დაშავებული ქართველი სამხედროები ამერიკის შეერთებული შტატებიდან სამშობლოში გუშინ დაბრუნდნენ. როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, 2008 წლის აგვისტოს ომსა და ISAF-ის მისიაში დაჭრილმა ექვსმა ჯარისკაცმა პროთეზირების პროგრამა აშშ-ში, სან დიეგოს პიტერ ჰარშის საპროთეზო კლინიკაში გაიარა.
იხილეთ ასევე: დაშავებული ქართველი სამხედროები აშშ-დან დაბრუნდნენ