"იარეთ თეატრში და შვილებიც ატარეთ. ბავშვი, რომელიც ხელოვნებას პატარა ასაკიდანვე ეზიარება, აუცილებლად კარგ პიროვნებად ჩამოყალიბდება", - ამბობს მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ზურა ბერიკაშვილი. საკუთარ ხასიათში ყველაზე მეტად, ის მოსწონს, რომ ბევრი ლაპარაკი არ უყვარს, რაც ჟურნალისტებისთვის მოსაწონი ნამდვილად არ არის. ურთიერთობაში მოსაშინაურებლად ყოველთვის დრო სჭირდება. როდის ხდება რეციდივისტი, რა არ დაავიწყდება არასდროს და ვინ აკონტროლებს დღემდე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- ...1969 წლის 16 თებერვალი. წელს საკუთარ დაბადების დღეს სპექტაკლის თამაში მომიწევს. სხვათა შორის, ბოლო წლებში უმეტესად, ასე ხდება. აქ ტრადიციასავით ჩამოგვიყალიბდა: წარმოდგენას რომ ვამთავრებთ, იუბილეს მერე აღვნიშნავთ, თეატრში გვიანობამდე ვრჩებით.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...მფრინავი, ჯარისკაცი, მძღოლი და პოლიციელი. მაშინ მსახიობობაზე არ ვფიქრობდი, მიუხედავად იმისა, რომ მსახიობების გარემოცვაში ვიზრდებოდი.
- ჩემს პროფესიულ არჩევანზე გავლენა...
- ...გარემომ იქონია. ძალიან ბევრი სპექტაკლი კულისებიდან მაქვს ნანახი. რუსთავში რომ თამაშობდნენ, რობერტ სტურუას მაშინდელი სპექტაკლებიც კი მახსოვს.
- იმ პერიოდიდან ჩემს მეხსიერებას შემორჩა...
- ...აკაკი ვასაძის სახე. ჩემი თაობის ძალიან ბევრ ადამიანს ვასაძე სცენაზე არ ახსოვს. ინტერესით შევყურებდი მსახიობების თამაშს, გარდასახვას. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი ვიყავი, ამ ადამიანების სიდიადეს აღვიქვამდი, ვგრძნობდი.
- როცა სცენაზე მამის თამაშს ვუყურებდი...
- ...ძალიან მსიამოვნებდა. სპექტაკლის შემდეგ ჩემს ემოციებს რატომღაც, არ ვუზიარებდი და თავადაც არაფერს მეკითხებოდა.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...
- ...წარმატებული ვარ? ეს ალბათ შრომისმოყვარეობისა და ამ პროფესიისადმი უზომო სიყვარულის შედეგია. იღბლიანი ვარ თუ არა? ზომიერად: ხან მიმართლებს, ხან - არა.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...ისევ ამ პროფესიას ავირჩევდი. რთული პერიოდი გამოვიარეთ, იყო სამოქალაქო დაპირისპირება, სიცივე, უშუქობა, მაგრამ თეატრში ფეხით დავდიოდით და არ ვჩერდებოდით. მეტროშიც არაერთხელ გავჭედილვარ და გვირაბიდან ფეხით გამოვსულვარ.
- არასდროს დამავიწყდება...
- ...აკადემიური თეატრის ფოიეში შეშის ღუმელი გვედგა და რეპეტიციებს ისე გავდიოდით. არასდროს მინანია, რომ პროფესიად მსახიობობა ავირჩიე.
- ჩემზე ამბობენ...
- ...მგონი, ცუდს არაფერს ამბობენ...
- ერთხელ ინტერვიუში ბატონმა გივიმ მითხრა: "ამ თეატრში ზურიკო ყველას ძალიან უყვარს. ვისაც უნდა ჰკითხო, ყველა გეტყვის, - გივის სჯობიაო და ამით ძალზე ბედნიერი ვარ".
- მართლა? ძალიან შევუქივარ.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...მყავს მშობლები, რომლებიც ასაკის მიუხედავად, კარგად არიან; რომ მყავს მეუღლე, შვილები, კარგი მეგობრები... ბედნიერი ვარ, როცა ვიცი, ჩემ გარშემო ყველა ჯანმრთელად და კარგად არის.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს.
- რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...
- ...უცხო გარემოში შებოჭილი ვარ, მოსაშინაურებლად დრო მჭირდება.
- დაშვებულ შეცდომებს...
- ...თუ ეშველება, ვცდილობ, გამოვასწორო. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული, მაგრამ შეუცდომელი ადამიანი არ არსებობს!
- დათმობა შემიძლია, თუ...
- ...დამთმობი ვარ, კომპრომისების გარეშე ცხოვრება არ გამოდის.
- როცა მომავალზე ვფიქრობ...
- ...მინდა მშვიდ, წყნარ ქვეყანაში ვიცხოვრო. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, ჩვენი ქვეყანა ზუსტად ასეთი იქნება.
- ვიბნევი, როცა...
- ...რაღაც საქმეს ვიწყებ და ბოლომდე ჩამოყალიბებული, მომზადებული არ ვარ. უცხო გარემო მაბნევს.
- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...
- ...ნიუ-იორკში ან ლონდონში. ამ ქალაქებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ბუნებრივია, ის ქვეყნებიც მაინტერესებს, სადაც არ ვყოფილვარ. მაგალითად, იტალია.
- მე ვარ შეუმდგარი...
- ...ექიმი. მგონია, რომ ძალიან კარგი, გულისხმიერი ექიმი ვიქნებოდი. საოცარი პროფესიაა, მხოლოდ შენს თავს არ ეკუთვნი. ექიმის როლს ფილმშიც სიამოვნებით ვითამაშებდი.
- რეჟისორი, რომელთან თანამშრომლობაზეც ვოცნებობ...
- ...ასეთი ბევრია, მათგან ფავორიტის დასახელება ძალიან მიჭირს.
- ახლა ჩემს შემოქმედებით საქმიანობაში...
- ...მნიშვნელოვანი სიახლე არაფერია. მარჯანიშვილის თეატრი ერთადერთია, რომელიც ტრადიციულად, მხოლოდ ორშაბათ დღეს ისვენებს. 3 სცენაზე ყოველდღე სპექტაკლები გვაქვს.
- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...
- ...დილით რომ გავიღვიძებ, უახლოეს ადამიანებთან დავრეკავ, მოვიკითხავ და როცა ვიგებ, არავის არაფერი აწუხებს, მთელი დღე ბედნიერი ვარ.
- ცხოვრებაში რისკზე...
- ...არცთუ ისე ხშირად მივდივარ. ფრთხილი ადამიანი ვარ თუ არა? ისეთი პროფესია მაქვს, სულ გამოცდის წინაშე ვდგავარ. გარისკვა ხან ამართლებს, ხან - არა.
- ყოველი პრემიერა...
- ...დიდი ნერვიულობაა. ამ დროს ვინმემ პულსი რომ გამისინჯოს ან კარდიოგრამა გადამიღოს, შეიძლება საავადმყოფოშიც გამაქანონ.
- როცა სპექტაკლი მთავრდება...
- ...ღელვა მაინც რჩება. იწყება ფიქრი მორიგი წარმოდგენისთვის.
- ჩვევად მაქვს, სცენაზე ყოველი გასვლისას...
- ...პირჯვარს ვიწერ.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- ...მრცხვენია. სუფრასთან თამადა სუფრის წევრების დალოცვას რომ იწყებს, სურვილი მიჩნდება, დროებით გავიდე, რომ ჩემი სადღეგრძელო არ თქვას და ეს უხერხულობა თავიდან ავიცილო. ქორწილში, დაბადების დღეებზე არაერთხელ მითამადია და მერწმუნეთ, ამ საქმეს დაძაბულობა ყოველთვის თან ახლავს. მიუხედავად ამისა, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სწყინთ, თამადად თუ არ დაასახელებ. მე კი მირჩევნია, სხვას ვუსმინო, მით უმეტეს - თუ კარგად მოლაპარაკეა.
- სუფრასთან მოქცევის წესებს მამა...
- ...ჩვენს ოჯახში სუფრები ხშირად იშლებოდა, მეც მათთან ერთად ვიყავი და ყველაფერი თავისთავად ვისწავლე. ვერ ვიტყვი, რომ ამ მხრივ მამას დიდი დარიგებები მოუცია.
- საყვედურებს უმეტეს შემთხვევაში...
- ...ოჯახის წევრებისგან ვიღებ. დედა ყოველდღე მირეკავს და მეკითხება: "ჭამე? თბილად ჩაიცვი? გვიან მიხვედი? დათვერი?" მოკლედ, სულ მაკონტროლებს, მაგრამ მე ამას არ ვაპროტესტებ. ზოგჯერ შეიძლება, დაბადების დღე, სადღესასწაულო თარიღი გამომეპაროს და საყვედურებს ამის გამოც ვიღებ.
- ვნანობ, რომ...
- ...როგორც მსახიობმა, რაღაცები ვერ გავაკეთე. შეიძლება, ცოტათი ვიზარმაცე ან არ გამიმართლა. ვერ ვიტყვი, რომ საოცნებო როლი მქონდა და ვერ ვითამაშე, მაგრამ ვთვლი, რომ უფრო მეტის გაკეთება შემეძლო, მაგრამ არ ვიაქტიურე. სახასიათო და დრამატული როლები მიზიდავს.
- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...
- ...ინგლისური ენა და ამას ძალიან ვნანობ.
- არ მჩვევია...
- ...ღალატი. ერთგული ადამიანი ვარ.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ...ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებდი.
- რამდენიც უნდა გადამიხადონ...
- ...ჩამშვები ვერ გავხდები და სამშობლოს ვერ ვუღალატებ.
- ვერავინ მაიძულებს...
- ...გავაკეთო ის, რაც არ მინდა.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ...ოჯახის წევრები ახლაც კი მარიგებენ ჭკუას (იცინის). ჩემი და - მანანა ჩემზე 11 წლით უფროსია. მახსოვს, ბავშვობაში ვიღაცის ნათქვამი მივუტანე. ძალიან პატარა ვიყავი და ვერც კი გავაცნობიერე, რას ვაკეთებდი. მანანამ ისე მცემა, რომ იმ დღის შემდეგ ენა არავისთვის მიმიტანია.
- სიყვარული ეს...
- ...ყველაზე მაგარი რამეა, სულ უნდა გიყვარდეს.
- მეზარება...
- ...ძალიან ბევრი რამ მეზარება. ახლა რეპეტიცია იწყება და რატომღაც, საამისო განწყობილება არ მაქვს. სამაგიეროდ, დილით ადრე ადგომა არასდროს მეზარება.
- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია....
- ...უზრდელობას. საერთოდ, წონასწორობიდან იშვიათად გამოვდივარ, მაგრამ როცა ეს ხდება, მეუბნებიან, - რეციდივისტს ემსგავსებიო.
თამუნა კვინიკაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)