მამუკა კაციტაძე - ბებიაჩემის სურათი, რომელიც 40 წლის წინ არის გადაღებული, უნდა გააციფრულონ და ამას ბიომეტრიული სურათი დაარქვან

მამუკა კაციტაძე - ბებიაჩემის სურათი, რომელიც 40 წლის წინ არის გადაღებული, უნდა გააციფრულონ და ამას ბიომეტრიული სურათი დაარქვან

"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ბიომეტრიული სია არ იქნება", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა მამუკა კაციტაძემ სიებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის გეგმისა და საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების კომენტირებისას განუცხადა.

კაციტაძის აზრით, სჯობს, საარჩევნო სიასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ მარტივად თქვას, რომ ბიომეტრიული სიის ფორმირება ვერ შეძლო, არ ეყო ამისთვის კვალიფიკაცია, უნარი, დრო და ფინანსები.

"აპირებენ ბაზაში არსებული სურათებისგან ბიომეტრიული სია შექმნან. ბებიაჩემის სურათი, რომელიც 40 წლის წინ არის გადაღებული, თავისი ჭკუით, უნდა გააციფრულონ და ამას ბიომეტრიული სურათი დაარქვან. ბიომეტრიული პარამეტრებით საარჩევნო სიის შექმნაში იგულისხმება ბიომეტრიული სურათის გადაღება დღეს, ელექტრონული ხელმოწერის დატოვება დღეს და თითის ანაბეჭდების დატოვება დღეს. ეს არის ბიომეტრიული პარამეტრების კომპლექსი. როდესაც ნახევარი საუკუნის წინ გადაღებულ შავ-თეთრ სურათს თანამედროვე ტექნოლოგიებით გააციფრულებ და გააფერადებ, მას ბიომეტრიული სურათი მაინც ვერ დაერქმევა - ამას აღდგენილი სურათი ჰქვია. როცა საარჩევნო სიას ამომრჩეველთა აღდგენილი სურათებით აკეთებ, ის ბიომეტრიული პარამეტრებით გაკეთებული სია ვერ იქნება და თუ სიას ასეთი სურათებით აკეთებ, მაშინ საარჩევნო უბანზე ვერიფაკაცია მაინც უნდა მოახდინო", - განაცხადა კაციტაძემ და აღნიშნა, რომ "ის, რის გაკეთებასაც ბიომეტრიული სიის ფორმირებასთან დაკავშირებით "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიები თავის დროზე, ოთხ თვეში აპირებდნენ, ხელისუფლებამ წელიწადნახევარში ვერ მოასწრო".

გასულ წელს "საარჩევნო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, კანონი ადგილობრივი არჩევნებისთვის სიის ამომრჩეველთა ბიომეტრიული რეგისტრაციით შედგენას ითხოვს. ეს თავის მხრივ ითვალისწინებს ამომრჩეველთა აღრიცხვას და სიაში იმ ადამიანების შეყვანას, ვინც ბიომეტრიულ სურათს გადაიღებს. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის თანახმად კი, ეს ყველაფერი აღარ ჩატარდება და საარჩევნო სიაში ციფრული ფოტოსურათები შევა. საუბარია იმაზე, რომ განხორციელდება ბაზაში არსებული სურათების ციფრულ ფორმატში გადაყვანა, მათი სხვა სურათებთან შედარება და ამ გზით დუბლირების და "გაორებების" გამორიცხვა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა