2014 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გარკვეული სიახლეები იქნება. ამის შესახებ ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" გამართულ ჟურნალისტების ტრენინგზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა.
მაია მიმინოშვილის თქმით, 2014 წელს უცხოური ენის გამოცდას დაემატება მოსმენის ტესტი, დავალება. მან აღნიშნა, რომ აქამდე აბიტურიენტი ფასდებოდა ორ კომპეტენციაში, ეს იყო წერა და კითხვა. აბიტურიენტს 20 პროცენტზე მეტი უნდა დაეგროვებინა გადასალახავი ბარიერისათვის, ამჟამად 10-ქულიანი ტესტიდან 8 ქულა დაეთმობა მოსმენის ტესტს, ამ მოსმენის ტესტის შესრულებას აბიტურიენტი დაახლოებით 10-12 წუთს მოანდომებს, მოსმენის ტესტის შევსების შემდეგ იგი გააგრძელებს უცხო ენის ტესტით გათვალისწინებულ სხვა საკითხების შევსებას.
მაია მიმინოშვილმა აღნიშნა, რომ ყველა სკოლას დაურიგდა სავარჯიშო ტესტური დავალებები, რომლის ანალოგიც იქნება სწორედ უცხო ენის გამოცდაზე.
შემდეგი სიახლე ის არის, რომ 2014 წლიდან აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ არჩევით საგნად სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ჩააბარონ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ არჩევითი საგნების ნუსხას სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საგნის დამატება ძალიან მნიშვნელოვანია და 2014 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 8 საგანი იქნება.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზღვარის გადალახვის ახალი მიდგომის პროექტი შემუშავდა. ამ პროექტის მიხედვით, აბიტურიენტთა გამოვლენა, რომელთაც ზღვარი გადალახეს, სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ქულების გაიგივების შემდეგ მოხდება. ამ ცვლილების შედეგად, ზღვარის გადალახვის შანსს ინარჩუნებენ ის აბიტურიენტები, რომელთაც შედარებით რთული ვარიანტი წერეს, ვერ გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ ზღვართან მიახლოებული ქულა მიიღეს.
ზოგადი უნარების გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გაიზარდა 20 ქულიდან 23 ქულამდე. აბიტურიენტმა უნდა მიიღოს 24 ქულა მაინც, რომ უპირობოდ გააგრძელოს კონკურსში მონაწილეობა, თუმცა ცვლილების გათვალისწინებით, ზღვარის გადალახვის შანსს ინარჩუნებს ის აბიტურიენტიც, რომელმაც შედარებით რთული ვარიანტი დაწერა, თუმცა შედარებით ნაკლები ქულა მიიღო.
კიდევ ერთი სიახლე, რომელიც 2014 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იქნება, არის ის, რომ დაიხვეწოს სახელმწიფო გრანტისთვის გათვალისწინებული თანხების განაწილების პრინციპი.
მაია მიმინოშვილის თქმით, საგნების მიხედვით სახელმწიფო დაფინანსების პრინციპი ასეთია: თანხები იყოფა ორ თანაბარ ნაწილად, თანხის ერთი ნახევარი განაწილდება არჩევითი საგნების შემდეგ ჯგუფზე - ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება. თანხის მეორე ნახევარი ასევე განაწილდება არჩევითი საგნების შემდეგ ჯგუფზე - მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია. თითოეული ჯგუფისთვის გამოყოფილი თანხის 4 პროცენტი თანაბრად განაწილდება შესაბამისი ჯგუფის არჩევით საგნებზე, ხოლო 96 პროცენტი გადანაწილდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, ერთიანი ეროვნული გამოცდების ყოველი არჩევითი საგნისთვის მოთხოვნილი ადგილების რაოდენობის პროპორციულად. ასევე განაწილების შედეგად მიღებული თანხების 25 პროცენტი დაეთმობა სრულ (100 პროცენტიანი) საგრანტო დაფინანსებას, ასევე 25 პროცენტი დაეთმობა 70%-იან საგრანტო დაფინანსებას, ხოლო დარჩენილი თანხა 50%-იან საგრანტო დაფინანსებას.