ბოლო დროს ქართველებს უცნაური ჩვევები დაგვჩემდა - უცხოურ დღესასწაულებს აღვნიშნავთ, მართალია, ბრმად, მაგრამ სამაგიეროდ - დიდი მონდომებით. 14 თებერვალს ვალენტინობაა, რომელსაც "მოფერებით" სიყვარულის დღეს ვუწოდებთ. მის შესახებ არც ისე დიდი ხანია, რაც გავიგეთ, - სულ რამდენიმე წლის წინ. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ პირველი ევროპული, "მშვენიერი" დღესასწაულის შესახებ ინფორმაცია ალბათ ტელევიზიით გავრცელდა და აიტაცეს ბავშვებმა, ახალგაზრდებმა და ზრდასრულმა ადამიანებმაც კი...
არ ვაპირებ, ვრცლად მოგიყვეთ წმინდა ვალენტინის შესახებ, რადგან ისედაც ბევრი თქმულა და დაწერილა, მაგრამ იმისთვის, რაც ქვევით უნდა მოგახსენოთ, აუცილებელია, მოკლედ შეგახსენოთ.
ინტერნეტს თუ "გადავქექავთ", მის შესახებ უამრავ ინფორმაციას გადავაწყდებით. ერთი ლეგენდის თანახმად, III საუკუნის ბოლოს, რომის მრისხანე იმპერატორი მარკუს ავრელიუს კლავდიუს II მიიჩნევდა, რომ მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც ოჯახი და საყვარელი ქალი არ ჰყავდა, უკეთ იბრძოდა და ემსახურებოდა სამშობლოს, ვიდრე - დაოჯახებული და წვრილშვილიანი. ამიტომაც, ქორწინება აკრძალა! ვალენტინი ამ წმინდა ქრისტიანულ საიდუმლო წესს იმპერატორის მალულად აღასრულებდა. ის უბრალო მღვდელი იყო და უამრავი წყვილის დაქორწინება მოასწრო, ბოლოს კი ციხეში აღმოჩნდა, სადაც სიკვდილით დასჯის მოლოდინში ზედამხედველის ქალიშვილი, ჯულია გაიცნო. შეყვარებულმა მღვდელმა გოგონას სიკვდილის წინ სასიყვარულო ბარათი დაუწერა, რომელიც შემდგომში ვალენტინობის სიმბოლოდ იქცა. 269 წლის 14 თებერვალს წმინდა ვალენტინი სიკვდილით დასაჯეს, 1969 წელს კი ეს დღე კალენდარში შეიტანეს და ყოველ 14 თებერვალს კათოლიკე გოგო-ბიჭები ვალენტინობას აღნიშნავენ.
შესაძლოა, გადააწყდეთ სხვა ინფორმაციასაც, რომლის თანახმად, ვალენტინობა მართლმადიდებლური დღესასწაულია. თუ ასეა, გამოდის, რომ ეკლესიაც აღნიშნავს სიყვარულის დღეს?
არა, ჩემო კარგებო, საქმე გაცილებით რთულადაა: 14 თებერვალს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ვალენტინის ხსენების დღეს არ აღნიშნავს!
პირველ რიგში, თუ ნამდვილი ისტორიული წყაროებიდან გავეცნობით ვალენტინის ცხოვრებას, აღმოვაჩენთ, რომ ის, რაც ლეგენდაშია გადმოცემული, სიმართლეს არ შეესაბამება თუნდაც იმიტომ, რომ ჯვრისწერისა და ქორწინების საიდუმლო გაცილებით გვიან დადგინდა ეკლესიაში. და მეორე: ვალენტინობას ქრისტიანულ დღესასწაულს ვერ ვუწოდებთ, რადგან პირდაპირ არღვევს მეშვიდე მცნებას - არ იმრუშო. ეს მცნება კრძალავს შემდეგ ცოდვებს: უბიწოების შებღალვა აზრით, სიტყვით, საქმით.
ეს რა შუაშიაო, იტყვით. საქმე ის გახლავთ, რომ ე.წ. სიყვარულის დღეს ქალაქის განათებულ თუ ჩაბნელებულ ქუჩებში უამრავ "მოზასავე" წყვილს შეხვდებით, რომლებიც არც სამსახურიდან შინისაკენ მიმავალ გამვლელებს ერიდებიან და არც შედარებით მორიდებულ წყვილებს, რომლებიც ასე სახალხოდ ხვევნა-კოცნას ვერ ბედავენ... უფრო მეტად აღარ ჩავუღრმავდები, რადგან ეს უკვე სხვა პრობლემაა...
არ იფიქროთ, ვინმეს იმის გამო ვსაყვედურობ, რომ დღესასწაულის აღნიშვნას ან საყვარელი ადამიანისთვის ლამაზი საღამოს ჩუქებას აპირებს. უბრალოდ, ვფიქრობ, სანამ დასავლეთიდან რამეს ბრმად გადმოვიტანთ, ალბათ ჯობია, მის არსში გავერკვეთ...
ახალი წლის ციებ-ცხელება ახლახან ჩადგა და უკვე ვალენტინობის "ფუსფუსი" იწყება. ყველა ცდილობს, საყვარელ ადამიანს საუკეთესო საჩუქარი მიუძღვნას (შესაძლებლობის ფარგლებში, რა თქმა უნდა)... დილიდან იწყება მისალოცად ტელეფონზე დარეკვა და მესიჯების გაგზავნა... მანდილოსნები მოუთმენლად ელიან გულის სწორისგან საჩუქარს.
საჩუქრის ფასი ან ორიგინალობა სიყვარულის საზომადაა მიჩნეული... ძვირია? - ე.ი. ვუყვარვარ...
მაგრამ ყველა მედალს აქვს 2 მხარე და ვალენტინობის "მედალიც" არაა გამონაკლისი.
იმან რა ქნას, ვისაც მეორე ნახევარი არ ჰყავს და ვისი გულიც თავისუფალია? თუ კარგად დავუკვირდებით, 14 თებერვალს გოგონები შეიძლება 2 ჯგუფად დავყოთ: ერთნი ტირიან იმის გამო, რომ ამ დღეს მარტოობაში ხვდებიან, დანარჩენები - თავიანთ თაიგულებსა და საჩუქრებს ფოტოებს უღებენ და "ფეისბუკზე" გამოფენენ. ასე რომ, ჩემი აზრით, ვალენტინობა ის დღესასწაულია, რომელიც პარტნიორის არსებობის მიხედვით მოსახლეობის დისკრიმინაციას ეწევა.
ჰოდა, რა დააშავეს იმათ, ვისაც გულის სწორი ან მეორე ნახევარი არ ჰყავს? მათთვის ალბათ ცალკე დღესასწაული უნდა შემოვიღოთ. მაგალითად - "უსიყვარულოდ დარჩენილთა დღე" და ამ დღეს ყველა მამაკაცი ვალდებული იქნება, დღესასწაული საკუთარი სიყვარულის ობიექტს კი არა, სწორედ იმ ქალბატონებს მიულოცოს, ვინც 14 თებერვალი ტირილში გაატარა... და ვინც ამ ვალდებულებას თავს აარიდებს, დაისაჯოს სახალხოდ და სამაგალითოდ, რომ სხვა დროს ასეთი რამე ვერ გაბედოს.
საერთოდ, წვს (წმინდა ვალენტინის სინდრომი) სეზონური მწვავე დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს "პაციენტის" უაზრო ბორიალი სოციალურ ქსელებში რომანტიკულ სტატუსებსა და სევდიან მუსიკას შორის, ასობით ლაიქების დასმა სხვების თაიგულებზე და ცრემლდენა ბალიშში, - ფორევერ-ალონე-სტყლე. დაავადება იკურნება ავადმყოფის საზოგადოებისგან იზოლაციითა და სიმშვიდით...
შეყვარებულ ბედნიერ ქალთა "ფეისბუკსტატუსები" და სახალხოდ გამოფენილი საჩუქრების სურათები გაცილებით ღრმა დეპრესიას იწვევს უსიყვარულოდ დარჩენილებში და ამწვავებს მარტოობის შეგრძნებას. ამიტომ, ჩემი რჩევა იქნება, ნუ შეხვალთ მაგ დღეს "ფეისბუკში". ნერვებსაც დაზოგავთ და თანაც, სხვებს ეგონებათ, რომ პაემანზე ხართ. შემდეგ ინტერნეტიდან გადმოწერეთ ყველაზე დიდი და ლამაზი თაიგულის ფოტო და გვინ ღამით ან 15 თებერვალს, დილით, საკუთარ კედელზე დადეთ...
საინტერესოა ისიც, თუ რომელი დღესასწაული ჩაანაცვლა ვალენტინობამ.
ლუპერკალია ძალიან საინტერესო რამ ყოფილა: ქალღმერთ იუნონასა და ღმერთ ფავნასადმი (ლუპერკისადმი) მიძღვნილი, ეროტიკული დღესასწაული და ეს დღე 14 თებერვალს აღინიშნებოდა. ყოველი წლის 14 თებერვალს Lუპერცალია-ს დღეს მსხვერპლად სწირავდნენ ცხოველებს, მათ ტყავს აცლიდნენ და მათრახებს აკეთებდნენ. შემდეგ ახალგაზრდა კაცები იღებდნენ ამ მათრახებს და ქალებს მიერეკებოდნენ ქალაქში. როგორც ჩანაწერებიდან ვიგებთ, ამ დღის მთავარი მოქმედი პირნი შიშველი მამაკაცები იყვნენ მათრახებით, რომლებიც ქალებს სცემდნენ. ქალები კი ფიქრობდნენ, რომ ამგვარი ცემის შემდეგ უფრო ნაყოფიერები გახდებოდნენ და შვილებსაც ადვილად გააჩენდნენ. ეს ძალზე გავრცელებული რიტუალი იყო რომში, რომელშიც დიდგვაროვნებიც კი მონაწილეობდნენ.
494 წელს, რომის პაპმა გელასიუს პირველმა აკრძალა ლუპერკალიის აღნიშვნა და წმინდა ვალენტინის სახელობის დღესასწაული დაადგინა. ასე ჩაანაცვლა ცრუმორწმუნე აღვირახსნილი ლუპერკალიის დღესასწაული წმინდა ვალენტინის ხსენების დღემ.
ზოგისთვის ეს დღე დღესასწაულია, ზოგიერთისთვის - ევროპიდან შემოსული, ჰელოუინის მსგავსი სისულელე.
ნეტავ, დღემდე რომ არსებობდეს ლუპერკალია, რამდენი ქალი დათანხმდებოდა სიყვარულის დასამტკიცებლად საქვეყნოდ გაროზგვას?
მგონია, რომ სიყვარულს სულაც არ სჭირდება არავითარი დღესასწაული და კიდევ ერთი საბაბი, თბილი სიტყვების სათქმელად.
დამეთანხმებით ალბათ, რომ თუ სიყვარული არსებობს, ყოველი დღე სიყვარულისაა. საჩუქრის ყიდვასა და საყვარელი ადამიანის გახარებასაც არავინ გვიკრძალავს სხვა დღეებში, არც კაფესა თუ რესტორანში დაპატიჟებას... სიყვარული ხომ ისეთი რამაა, რასაც ყოველდღე უნდა გრძნობდე და არა - წელიწადში ერთხელ. სიყვარული არასოდესაა ჭარბად და არასოდესაა საკმარისი...
ჰოსპისის (სამედიცინო დაწესებულება, სადაც სასიკვდილო სენით შეპყრობილ ადამიანებზე ზრუნავენ, ოჯახურ გარემოს უქმნიან, სიცოცხლის ბოლო დღეებს ულამაზებენ და უმსუბუქებენ) თანამშრომლების მტკიცებით, ადამიანები, სიცოცხლესთან გამოთხოვების ბოლო დღეებში ყველაზე მეტად იმის გამო წუხდნენ, რომ არასაკმარისად უყვარდათ. იმის გამო კი არ წუხდნენ, რომ ცოტას მუშაობდნენ, ცოტა ფული ჰქონდათ ან ცოტა სიმდიდრე დააგროვეს. თითოეულ მათგანს სიყვარულის სიმცირე აწუხებდა.
ჩვენი ეროვნული ჯოჯოხეთი კი ის გახლავთ, რომ ბოლო წლებში ძალიან ცოტა ფილმი გადაიღეს სიყვარულზე... ძალიან ცოტა წიგნი დაიწერა და არც სპექტაკლი დადგმულა ბევრი ამ თემაზე... ჩვენი ერთადერთი ეროვნული მიღწევა კოშმარული შოუა, იმ უნიჭო მსახიობების მონაწილეობით, რომლებიც საკუთარ თავს პოლიტიკოსებს უწოდებენ...
კარგი იქნებოდა, სამშობლოს სიყვარულის დღესაც თუ დავაწესებდით; უბრალოდ, ადამიანებისა და ერთურთის სიყვარულის დღეს... თუმცა, არც ამას სჭირდება გარკვეული თარიღის დაწესება, მაგრამ ამ გადარეულ, ღვარძლით, ბოღმით, სისასტიკით სავსე სამყაროში იქნებ წელიწადში ერთხელ მაინც შევახსენოთ ადამიანებმა ერთმანეთს, რომ გარდა საპირისპირო სქესის სიყვარულისა, სხვა უამრავი, მნიშვნელოვანი "სიყვარულები" არსებობს, რომელთა გარეშეც სწორედ იმ სიყვარულს ეკარგება ფასი, რომელსაც 14 თებერვალს აღვნიშნავთ.
ძლიერ, ნაზ, მგრძნობიარე, დაუვიწყარ, თბილ, ვნებიან, ალერსიან, წარმტაც, უკიდეგანო, ლამაზ, წრფელ, ბედნიერ, თავბრუდამხვევ სიყვარულს გისურვებთ არა მარტო ამ დღეს, არამედ ხვალაც, ზეგაც და მუდმივად. ერთი სიტყვით, ფორ ევერ ანდ ევერ.
აჩუქეთ სიყვარული თქვენს მეორე ნახევრებს, ადამიანებს და სამყაროს ყოველდღე, მთელი ცხოვრების მანძილზე და არა - მხოლოდ წელიწადში ერთ დღეს.
P.S. მაინც მგონია, რომ დროა, საქართველოში კათოლიკურ დღესასწაულს - ვალენტინობას სახელი გადავარქვათ, ყველა დღეს უბრალოდ სიყვარულის დღე ვუწოდოთ და ერთმანეთს ღიმილი მაინც ვაჩუქოთ. მაშინ კი ყოველი დღე ნამდვილი ზეიმი იქნება და 14 თებერვალს არ დაველოდებით.
მარი ჯაფარიძე
(გამოდის ხუთშაბათობით)