5 გარდაცვლილი მოხუცი - ასეთი ტრაგიკული აღმოჩნდა 12 თებერვალი სამტრედიის ქეთევან წამებულის სახელობის სათნოების სახლისთვის. თუ რამ გამოიწვია ტრაგედია, ამას ზუსტად ექსპერტიზა დაადგენს, რომელიც გარდაცვლილებს უკვე ჩაუტარდა. თუმცა უკვე სახელდება წინასწარი მიზეზიც - მწვავე რესპირატორული ინფექცია. ამასთან, ვრცელდებოდა ვერსია, რომ შესაძლოა, ტრაგედიის მიზეზი "ღორის გრიპი" ყოფილიყო.
სამი ქალი და ორი მამაკაცი რამდენიმე საათის ინტერვალში დაიღუპა - ოთხი გამთენიისას, ერთი კი შუადღისას. ორი მათგანი 81 წლის იყო, ერთი - 78-ის, ხოლო დანარჩენების ასაკი 83 და 87 წელს შეადგენს.
როგორც "ამბები.გე"-სთან საუბარში სამტრედიის სათნოების სახლის დირექტორის მოადგილე ნათია ნიკოლეიშვილი განმარტავს, გარდაცვლილებს 11 თებერვალს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ და გრიპის რაიმე სიმპტომი არ გამოვლენიათ.
"როგორც წესი, ჩვენთან დილიდან 16:00 საათამდე რჩება ექიმი, რომელიც ყოველდღიურად უტარებს სამედიცინო შემოწმებას ბენეფიციარებს. გეგმიური შემოწმება ჩაუტარდათ მობინადრებს დაღუპვიდან რამდენიმე საათით ადრეც. არც გრიპის სიმპტომი არ ჰქონიათ და არც ფილტვებში აღენიშნებოდათ რამე", - აცხადებს ნიკოლეიშვილი. თუმცა, მისი თქმით, მოხუცების დაღუპვის შემდეგ ჩატარებული სამედიცინო შემოწმებისას სათნოების სახლის სხვა ბენეფიციარებსა და მომსახურე პერსონალს გრიპი აღმოაჩნდათ.
"პირველი მოხუცის დაღუპვის შემდეგ ჩვენ ექიმს დავურეკეთ, რომელმაც სატელეფონო კონსულტაცია გაგვიწია, თუ რა გაგვეკეთებინა. არ მომხდარა ექიმების გამოძახება, რადგან რეალურად არ ვიცოდით თუ მსგავს შედეგს მივიღებდით. თუმცა, მას შემდეგ რაც შემდეგი ბენეფიციარიც დაიღუპა, ჩვენ დავრეკეთ და მოვიდნენ ექიმები სამტრედიის ჯანმრთელობის ცენტრიდან", - აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.
როგორც სახლის ხელმძღვანელობა აცხადებს, იქ მყოფი ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობა ასაკის გამო ისედაც მძიმე იყო.
მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განმარტება გაკეთდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. როგორც ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე განმარტავს, სამტრედიის სათნოების სახლის მობინადრეების გარდაცვალებიდან გამომდინარე, მოსახლეობაში პანიკის საფუძველი არ არსებობს. მისივე თქმით, გარდაცვლილ მოხუცებს მძიმე, ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდათ, მათ შორის გაფანტული სკლეროზი, გულის იშემიური დაავადება გადატანილი ინფარქტით, ქრონიკული ალკოჰოლიზმი, ინსულტის შემდგომი მდგომარეობა. სავარაუდოდ, ამ ყველაფერს მწვავე რესპირატორული ინფექცია დაემატა, რამაც ტრაგიკული შედეგი გამოიწვია.
ამასთან, სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარის ემზარ შუბლაძის ინფორმაციით, სათნოების სახლიდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში, ორი დღის განმავლობაში რვა ადამიანია გადაყვანილი, მათ შორის მომსახურე პერსონალიც. ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
ბენეფიციარებსა და პერსონალისგან აღებულია სინჯები ცხვირ-ხახის ნაცხი, შარდისა და სისხლის ნიმუშები სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გამოსაკვლევად. ამ ეტაპზე პერსონალის ერთ თანამშრომელს ტიპის გრიპის ვირუსი დაუდასტურდა, რომელიც ამირან გამყრელიძის განმარტებით ე.წ. ღორის გრიპი არ არის.
ამასთან, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, სამტრედიის ბენეფიციარებს სახელმწიფომ დეკემბრის ბოლოს გრიპის საწინააღმდეგო აცრები ჩაუტარა და გარდაცვლილთაგან ორმა აცრაზე უარი განაცხადა.
სამტრედიის სათნოების სახლში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
ლექსო ნაბახტეველი