უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ოჯახის წევრების მოთმინების ფიალა დღითი დღე ივსება. გამწარებული დედები გამოსავლის ძიებაში ათენ-აღამებენ, ყველგან და ყველაფერში ხელჩასაჭიდის პოვნას ცდილობენ. ბოლო 4 წელიწადში საქართველოში 631 ადამიანი გაუჩინარდა, აქედან მხოლოდ 61 დაუბრუნდა ოჯახს, 69 - გარდაცვლილი იპოვეს, ხოლო დანარჩენების კვალს სამართალდამცავებმა ვერსად მიაკვლიეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ოთხ წელიწადში, სხვადასხვა ვითარებაში 62 არასრულწლოვანი დაიკარგა. სამწუხაროდ, აქედან მხოლოდ 12 ბავშვია ნაპოვნი.
წარმოიდგინეთ, რამდენი დედა ებღაუჭება იმედს, რომ მისი შვილი ცოცხალია. ზოგიერთმა მათგანმა ძალოვანების დახმარების იმედი დაკარგა და ცდილობენ, შვილი საკუთარი ძალებით იპოვონ. ჰოდა, ზოგი ნათელმხილველთან გარბის, ზოგი - ქუჩა-ქუჩა დადის და მიტოვებულ სარდაფებში ეძებს ოჯახის წევრს... ოფიციალური ინფორმაციით, გასულ 2013 წელს საქართველოში 83 ადამიანი დაიკარგა და მათ შორის არიან ჩვენი რესპონდენტების შვილებიც.
8 თვეა, რაც გურჯაანელ 22 წლის ოთარ ლაზაშვილს ოჯახი უშედეგოდ ეძებს. გასული წლის 15 მაისს იგი დუშეთის ტერიტორიიდან დაიკარგა და მას მერე ვერც მკვდარი იპოვეს და ვერც - ცოცხალი. დეტალებზე "კვირის პალიტრაში" ვწერდით, მაშინ დაკარგულის დედას შვილის პოვნის იმედი ჰქონდა, თუმცა ახლახან სასოწარკვეთილი ქალი ისევ დაგვიკავშირდა, ის თავის დაწვით იმუქრება. ოთარ ლაზაშვილი მწყემსი იყო.
მაია (ციცო) ლაზაშვილი, ოთარ ლაზაშვილის დედა:
- ჩემი შვილის დაკარგვიდან ბევრი დრო გავიდა, მაგრამ საქმე წინ არ წასულა. თქვენს გამოცემას უამრავი მკითხველი ჰყავს და მინდა, დახმარება გთხოვოთ: შვილი მაპოვნინეთ! ნემსი ხომ არ იყო, რომ გამქრალიყო? 8 თვეა, ტყე-ღრე დავდივარ, ყველგან ვეძებ. 8 თვიდან 8 დღე არ გამითენებია სახლში, მაგრამ ვერ ვიპოვე. მეტის ატანა აღარ შემიძლია, ლამის თვითმკვლელობამდე მივიდე. თუ საშველი არ დამადგება, გურჯაანის ცენტრში თავს დავიწვავ. როგორ შეიძლება, უწყებებში დახმარებისთვის მიდიოდე და იქ პასუხსაც არ გეუბნებოდნენ?!
- ქალბატონო ციცო, ოთარზე გვიამბეთ...
- ოთარი გათხოვებიდან 5 წლის შემდეგ გამიჩნდა. მერე გოგონაც დაიბადა და ორ შვილს ვზრდიდი. ოთარი ბავშვობიდან სულ შრომობდა. ოცნებობდა, ბევრი საქონელი ჰყოლოდა, - საჭმელს არ შეჭამდა, ტანსაცმელს არ იყიდდა, მაგრამ ხან კვიცს ყიდულობდა, ხან ხბოს, ხანაც - ცხვარს. ასე მოამრავლა საქონელი. გურჯაანის ცენტრში ვცხოვრობთ, მაგრამ სულ სოფელში გარბოდა. ზაფხულში ცხვრები მთაში დაჰყავდა. პირველად წავიდა იმ მთაში, სადაც დაიკარგა. 3 მაისს სოფელ ჩუმლაყიდან წავიდა, 10 დღე იარა, ბოლოს ბარისახოდან 3 კილომეტრის დაშორებით, საბერწეს მთებში დაბანაკდა. მასთან ჩვენი თანასოფლელი ბიჭებიც იყვნენ. ჩემი მეუღლე მთაში 15 მაისს ავიდა, საღამოს მამა-შვილი ერთად უნდა წამოსულიყვნენ. ოთარი საღამოს 9 საათზე რატომღაც, მარტო წამოსულა. ერთ მწყემსს უთქვამს: ასე გვიან ნუ წახვალ, გზა არ იცი და დაიკარგებიო. ოთარი მაინც არ გაჩერებულა. მალე მას ნაცნობი ბიჭები გამოჰყვნენ, მაგრამ მერე რა მოხდა, არ ვიცი. საქმეს მცხეთის პოლიცია იძიებს. როცა ვუსაყვედურე, - რატომ არაფერს აკეთებთ-მეთქი? მითხრეს: თქვენი შვილის ძებნაში უამრავი თანხა დაიხარჯაო. არადა, არც უძებნიათ. მე დავდიოდი ყველგან და ვხედავდი, რა კეთდებოდა. ის ბიჭები, ვინც ჩემს შვილს უკან გამოჰყვნენ, ნორმალურად არც კი დაუკითხავთ. არავინ დაინტერესებულა იმით, თუ როგორ აღმოჩნდა ოთარის მობილური ტელეფონი მათ ხელში - ოთარის დაკარგვის შემდეგ ისინი ამ ტელეფონით სარგებლობდნენ, ერთ-ერთი ხევსურის ცოლს მესიჯიც კი გაუგზავნეს და ჩემი შვილის დაკარგვის შემდეგ, იმ ხევსურის სახლში ორი დღე ქეიფობდნენ.
- რას ამბობს თქვენი მეუღლე? მთაში ბიჭებს ხომ არ უჩხუბიათ?
- ჩემი მეუღლე ამბობს, - როცა ოთარი წავიდა, ცოტა ხანში ბიჭები ცხენებით დაედევნენ, მაგრამ მალევე მობრუნდნენ უკან და თქვეს: ვერ ვიპოვეთო. ჩემს შვილთან ერთად ვინც იყვნენ, ციხიდან ახალი გამოსულები ბრძანდებოდნენ - მაგალითად, დათო ლომიძე. ნასამართლევია ქემალ ჭინჭარაულიც. ოთართან ასევე, დათო და გენადი ვერულაშვილებიც იყვნენ, მათგან ერთი ნასამართლევია. მათ უნდა თქვან, - რა უქნეს ჩემს შვილს?.. გემუდარებით, ჩემი შვილი ან მკვდარი მაპოვნინეთ, ან ცოცხალი. როცა ტყე-ღრე არ დავდივარ, ტაძარში მივდივარ ხოლმე, მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გადის, რწმენასაც ვკარგავ და ეს უკვე საშინელებაა.
- მაინც, რას ამბობენ ის ბიჭები, ვინც თქვენს შვილთან ერთად იყვნენ მთაში?
- ყველა სხვადასხვას ამბობს. იქნებ მოკლეს ჩემი შვილი და მერე დამარხეს ან წყალს გაატანეს, ან ხევში გადაჩეხეს? მდინარეში რომ დამხრჩვალიყო, სადღაც ხომ ამოტივტივდებოდა ცხედარი?.. უამრავი გეგმა ჰქონდა. ოცნებობდა, ოჯახი შეექმნა, შეყვარებულიც ჰყავდა... სამართალს თუ ვერ ვიპოვი, სხვა გზა არ დამრჩება, თავი უნდა დავიწვა!
რა კეთდება 22 წლის დაკარგული ბიჭის ადგილსამყოფლის დასადგენად, ამის გარკვევა შინაგან საქმეთა სამინისტროში ვცადე. პრესსამსახურში საქმის გამომძიებელთან დაკავშირებაზე უარი გვითხრეს, მაგრამ განგვიმარტეს, რომ სამძებრო ღონისძიებები გრძელდება. ფაქტზე აღძრულია საქმე 116-ე მუხლით. ისიც მითხრეს, რომ გამოძიებას დაკარგულის დედასთან მჭიდრო კავშირი აქვს და თუ ამ საქმეში რაიმე სიახლე იქნება, საზოგადოებასაც დაუყოვნებლივ მიაწვდიან ინფორმაციას.
19 წლის ნათია გიორგიძე ქუთაისიდან 2010 წლის 31 ოქტომბერს დაიკარგა. 3 წლის შემდეგ ოჯახს შვილის პოვნის იმედი გაუჩნდა.
ნათია ფილოლოგიური ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი იყო. ის 31 ოქტომბერს დღის 3 საათზე ქუთაისში, პუშკინის ქუჩიდან გაქრა. სათვალთვალო ვიდეოკამერამ იმ ტერიტორიაზე შავი ჯიპი დააფიქსირა, მაგრამ როგორც დაკარგულის ოჯახი ამბობს, ამ ჯიპის მეპატრონის დადგენა სამართალდამცავებმა დღემდე ვერ შეძლეს. გამოძიება გოგონას დაკარგვის ვერსიად უბედურ შემთხვევას ან თვითმკვლელობას განიხილავდა, თუმცა ამას არ ეთანხმებოდა ოჯახი; ნათიას დედა პოლიციას საკუთარი ვერსიების გადამოწმებას უშედეგოდ სთხოვდა.
ახლახან გამოჩნდა მოწმე, რომელიც ამბობს, რომ თურმე ნათია გიორგიძე თურქეთში, ერთ-ერთ სასტუმროში ნახეს.
რუსუდან გიორგიძე, ნათია გიორგიძის დედა:
- ბაღდათელი ქალი საბერძნეთიდან დაუკავშირდა თავის მეუღლეს და უთხრა, რომ თურქეთში ნახა ჩემი შვილი. ის ქალი არალეგალურად მიდიოდა საბერძნეთში. თურქეთის ერთ-ერთ სასტუმროში უნახავს ნათია. ჩემს შვილს უთქვამს, - გამიტაცესო და მისთვის დახმარება უთხოვია. იმ ქალმა კი თავის მეუღლეს დაურეკა: გოგონა გავიცანი, დახმარება მთხოვა, ქუთაისიდან არის, ნათია გიორგიძე, ორი წლის წინ გაუტაციათო. ის ქალი ამ ინფორმაციის მოწოდებიდან სულ მალე, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა და საქართველოში ჩამოასვენეს. მისი მეუღლე დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებდა, არადა, ბაღდათში ამბობდნენ, რომ ამ კაცმა ეს ამბავი იცოდა. მასთან მივდიოდი და სიმართლის თქმას ვთხოვდი. არ ვიცი, რისი ეშინოდა, მაგრამ ფაქტია, რომ დუმდა. ახლა კი ალაპარაკდა. ნათია ტრეფიკინგის მსხვერპლია. მის გატაცებაში ჩვენი ნაცნობი უნდა იყოს გარეული.
- ამ ვერსიასთან დაკავშირებით სამართალდამცავები რას ამბობენ?
- მეუბნებიან, - გამოძიება მიმდინარეობსო, არადა, არაფერს აკეთებენ. უფრო მეტიც, ძალიან უხეშად მექცეოდნენ, მცემეს კიდეც.
- ვინ გცემათ, პოლიციამ?
- სააკაშვილისთვის წერილის გადაცემა მინდოდა და ქალაქის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ ხელი დამარტყა, ეზოში შემათრია. მთელი ქალაქი უყურებდა, როგორ მიმათრევდა ქუჩაში. ამდენი წელია, ლოგინში არ ჩავწოლილვარ, თვალზე ცრემლი არ შემშრობია, ყველგან დავდივარ და დახმარებას ვითხოვ, მაგრამ უშედეგოდ.
- თუ თქვენი გოგონა თურქეთშია, იქიდან ხმას ვერ მოგაწვდენდათ? იქ ხომ უამრავი ქართველია?
- ჩვენ ბაღდათიდან ვართ. ის ქალიც, რომელმაც იქ ნახა, ბაღდათელია და ალბათ, მას ამიტომაც ენდო და უამბო თავისი გასაჭირი. იმ პერიოდში ქუთაისში სხვა არავინ დაკარგულა. ასაკი, აღწერილობა ჩემი შვილისას ემთხვევა. სამი წელია, არც ერთი თანამდებობის პირი არ დამიტოვებია, დახმარებისთვის რომ არ მიმემართა. მეუბნებოდნენ, თითქოს მდინარე რიონში დაიხრჩო თავი და წყალმა წაიღო. ცხედარი მაინც ხომ უნდა გვენახა, თუ მდინარეში დაიხრჩო? დღისით დაიკარგა ბავშვი და ვინმე მაინც ხომ ნახავდა? იმედი მაქვს, რომ თურქეთში იპოვიან.
გიორგიძეების ადვოკატი - ლედი ტუკვაძე დარწმუნებულია, რომ ნათიას კვალს მიაგნებენ:
- ის მამაკაცი თავდაპირველად ამბობდა, - ვერ ვიხსენებ, რა სახელი და გვარი მითხრა ჩემმა მეუღლემო, მერე კი, როგორც იქნა, გვიამბო, რომ ვიდრე მეუღლე დაურეკავდა, მანამდე ვინმე ქეთინომ (რომელიც ერთ-ერთი გადამყვანი იყო) თურქეთიდან დაურეკა და უთხრა: თქვენი მეუღლის გადაყვანას ვერ ახერხებენ, რადგან 19 წლის გოგოს გადაყვანის გამო პრობლემები შეექმნათ, გოგონას ინტერპოლი ეძებს. ამიტომ გადამყვანებისგან თქვენი თანხის ამოღებას მხოლოდ ქურდების დახმარებით თუ შეძლებთო. ამ ზარის შემდეგ რამდენიმე წუთში ატირებულმა მეუღლემ დაურეკა და უთხრა: აქ 19 წლის ქართველი გოგონა შველას მთხოვს. მოუტაცებიათ და საშინელ დღეში ჰყავთ. იქნებ ამის შესახებ მანდ პოლიციაში განაცხადოო. ამ ამბიდან რამდენიმე დღეში ოჯახს აცნობეს, რომ მისი მეუღლე გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზად მოწამვლა დასახელდა, ვერსია თვითმკვლელობა იყო. თუმცა ოჯახი დღემდე დარწმუნებულია, რომ ქალი მოკლეს. ლოგიკურად ჩნდება ეჭვი, რომ იგი მნიშვნელოვანი ამბის მოწმე გახდა და მოიშორეს. როგორც მისი მეუღლე ამბობს, მასაც ემუქრებოდნენ.
- ნათია გიორგიძეზე რას ამბობს?
- რამდენჯერმე ვთხოვე, იქნებ გაეხსენებინა 19 წლის გოგონას სახელი და გვარი. ვეხვეწებოდი, - უკვე შეცვლილია ხელისუფლება, არც ის ადამიანი იქნება თანამდებობაზე, რომელიც დანაშაულებრივ ჯგუფს მფარველობდა-მეთქი. ღამის სამ საათზე დამირეკა. მითხრა, - ვეღარ მოვითმინე, ახლა ჩემმა ქალიშვილმაც გაიხსენა, რომ ნათია გიორგიძეზე იყო ლაპარაკიო. ქალიშვილმაც დამიდასტურა. ამ მამაკაცმა უკვე მისცა ჩვენება გამოძიებას და ვფიქრობ, ყინული დაიძვრება. იმედია, მივაკვლევთ დაკარგული გოგონას ადგილსამყოფელს. ვიცით ის სასტუმროც, სადაც ნათია გიორგიძე იყო. ახლა საქმეში ტრეფიკინგის სამსახურიც უნდა ჩაერთოს. ნუთუ არავის აინტერესებს, რა მოხდა, როგორ აღმოჩნდნენ ჩვენი მოქალაქეები თურქეთში?
კიდევ ერთი დაკარგული - 16 წლის ხელვაჩაურელი გოგონას, დარეჯან დიასამიძის ბედი კვლავ გაურკვეველია. იგი გასული წლის აგვისტოში დაიკარგა. ბიძის სახლიდან საკუთარ სახლში უნდა წასულიყო, მაგრამ გოგონა გაქრა. 6 თვეა, ოჯახი უშედეგოდ ეძებს დაკარგულ შვილს.
ლამზირა მახარაძე, დარეჯან დიასამიძის დედა:
- დიდი მადლობა ყურადღებისთვის. სამწუხაროდ, ჩემი შვილის გაუჩინარების საქმეში არანაირი ცვლილება არ არის. მართალია, ძიება ოფიციალურად არ შეწყვეტილა. ალბათ არც შეწყდება მანამ, ვიდრე ჩემს შვილს არ იპოვიან ან ცოცხალს, ან მკვდარს. თუმცა, სიმართლე გითხრათ, იმას, რასაც სამართალდამცავები აკეთებენ, "ძებნა" რამდენად ჰქვია, არ ვიცი.
- ამას რატომ ამბობთ?
- შეიძლება, დაუჯერებელი იყოს, მაგრამ არანაირი ვერსია არ გაგვაჩნია არც ჩვენ და არც - გამოძიებას. ხანდახან ეჭვი მეპარება იმაში, რომ პოლიცია მუშაობს. გამწარებულმა დედამ რა ვიფიქრო, აღარ ვიცი.
- თქვენ რა ვერსიებს განიხილავთ? თავიდან ამბობდით, - შესაძლოა, დარეჯანი ცოლად შერთვის მიზნით მოიტაცესო. როგორ ფიქრობთ, გათხოვილი რომ იყოს, ხმას მოგაწვდენდათ?
- ცოცხალი რომ იყოს, აუცილებლად შეეცდებოდა ჩემთან დაკავშირებას. გამოვრიცხავ იმ ვერსიებს, რომ ჩემს შვილს ჰქონდა რაიმე შეცდომა ჩადენილი და ამიტომ იმალება, როგორც ამას აჭარის სამხარეო პოლიციის სამმართველოს უფროსი ვალერი თელია განიხილავს.
- კონკრეტულად, რა გითხრათ თელიამ?
- თელიამ ისედაც გამწარებული დედის უფრო მეტად გამწარება სცადა, მაგრამ ამით რა მოიგო, ვერ მივხვდი. პირდაპირ მითხრა, - შენი შვილის დაკარგვის გამო საკუთარი თავი უნდა დაიდანაშაულო, რადგან შვილები მიტოვებული გყავდაო. მთელმა ქვეყანამ იცის: როცა ჩემი შვილი დაიკარგა, სამუშაოდ თურქეთში ვიყავი და ეს ამბავი რომ გავიგე, მაშინვე წამოვედი. მერე უამრავი დღე და ღამე გავათენე ქუჩაში, შვილის ამაო ძებნაში. სიდუხჭირემ მაიძულა, სამუშაოდ სხვა ქვეყანაში წავსულიყავი. მე ხომ ასე შვილების საკეთილდღეოდ მოვიქეცი? თან, მათთან ძალიან ახლოს ვიყავი, ტელეფონით ყოველდღე ვლაპარაკობდით და ბავშვების ყველა ნაბიჯი ვიცოდი. საერთოდ არ მაინტერესებს, რას იფიქრებს ჩემზე თელია, მთავარია, შვილი ვიპოვო... მე რომ იძულებული გავხდი, ოჯახი მიმეტოვებინა, ეს ჩვენი მთავრობის ბრალია. აქ სამუშაო ვერ ვიშოვე და აბა, რა უნდა მექნა?.. ჩემი შვილის პატიოსნებაში 1000%-ით ვარ დარწმუნებული. ბატონმა თელიამ მითხრა, რომ თურმე, დაკარგვიდან 2 კვირის შემდეგ, ჩემი შვილი თელავის რომელიღაც კერძო პოლიკლინიკაში ნახეს. ამას ადასტურებენ მიმღებში მყოფი ქალბატონებიც, მაგრამ რატომღაც, ამაზე ალაპარაკდნენ დარეჯანის დაკარგვიდან 4 თვის შემდეგ.
- ჩვენც გავიგეთ, რომ თითქოს, კახეთის საავადმყოფოში ახალგაზრდა ფეხმძიმე გოგო ასაკოვან მამაკაცთან ერთად მივიდა აბორტის გასაკეთებლად. თურმე, მას პასპორტი არ აღმოაჩნდა. ექიმმა ის დაკარგულ დარეჯანს მიამსგავსა და ამის შესახებ პოლიციაში განაცხადა...
- ეს ამბავი რომ შევიტყვე, ამ ქალბატონის ნახვა გადავწყვიტე და ჩავედი კიდეც ბათუმიდან კახეთში, გამომძიებელთან ერთად. მასთან ლაპარაკის შემდეგ დავრწმუნდი, რომ სიმართლეს არ ამბობდა.
- ასეთს რას ამბობდა?
- მას ბევრი ფოტო მივუტანე და მათ შორის ჩემი შვილის ამოცნობა ვთხოვე. არც ერთს არ დახედა. პასპორტს დაავლო ხელი, იქ ჩაწებებულ სურათს დაადო თითი და თქვა, - ეს იყოო. თან, ცინიკურად იღიმოდა. არ ვენდობი იმ ქალბატონის ნათქვამს. ნეტავ, სიმართლე იყოს და შვილი ცოცხალი მყავდეს.
- იმ მამაკაცის ამოცნობაც შეძლო, ვინც მას ახლდა ან ფოტორობოტი ხომ არ შეიქმნა მისი ჩვენების საფუძველზე?
- თქვა, რომ მამაკაცისთვის არ შეუხედავს, მაგრამ იცის, რომ ასაკოვანი კაცი იყო. ხომ იცით, მთელი საქართველო ეძებდა ჩემს შვილს. ჰოდა, ვკითხე, - პოლიციას ეს ამბავი აქამდე რატომ არ აცნობეთ-მეთქი. გამიბრაზდა. მერე გამომძიებლისთვის უთქვამს: მადლობის თქმის ნაცვლად, შეკითხვებს მისვამსო... ის ქალი ამბობდა, - გოგონას ექიმთან შესვლა უნდოდა. პირადობა რომ მოვთხოვე, არ ჰქონდა და ამიტომაც არ შევუშვი. აცრემლიანებული, ნანერვიულები სახე ჰქონდა. მამაკაცმა შემომძახა: ჩემი პირადობა არ გაჭრისო? - არა, პაციენტის პირადობაა საჭირო-მეთქი. ჰოდა, ამის მერე გაბრაზებული წავიდაო. ვკითხე: თუ შეამჩნიეთ, ორსულად იყო-მეთქი? თქვა, - როგორ არა! ექიმის კაბინეტიდან გამოვიდაო. ექიმის სახელი და გვარი რომ ვკითხე, მითხრა: არა, არა, ექიმთან არ შესულაო. მოკლედ, დაბნეული იყო... ოდესმე შვილს ცოცხალს თუ ვიპოვი და ის მეტყვის, რომ კახეთში საერთოდ არ ყოფილა, იმ ქალბატონს ამ ყველაფერს არ ვაპატიებ. სხვათა შორის, მინდა იცოდეთ: დარეჯანი ვინმეს რომც შეეცდინა, ამას მეტყოდა. იცოდა, რომ მას ხელს არაფრის დიდებით არ ვკრავდი. ამიტომაც, ეს ვერსია აბსურდული მგონია.
- თქვენი აზრით, შეიძლება, დარეჯანი თურქეთში გადაეყვანა ვინმეს?
- ახლა მეც თურქეთში ვარ. აქ ჩამოვედი იმისთვის, რომ ჩემს შვილზე და მის გაუჩინარებაზე თურქებსაც მივაწოდო ინფორმაცია. უკვე აქაურ პრესაშიც დაიბეჭდა ჩვენზე სტატიები. მოკლედ, შვილს ყველგან ვეძებ. ისე კი, დღემდე ვერ გამიგია, რატომ უნდა დაკარგულიყო უგზო-უკვლოდ? მას არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. ვინც უყვარდა, იმასთან ერთად თავს კარგად გრძნობდა. ვიცოდი, შეყვარებული რომ იყო. ჩვენ დაქალებივით ვიყავით, მაგრამ უკვე 6 თვეა, ჩემი შვილის ხმა არ გამიგონია და განადგურებული ვარ. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და თქვენი ჟურნალის მეშვეობით მივმართო დარეჯანს, თუ რა თქმა უნდა, ცოცხალია: ძალიან, ძალიან მენატრები. რაც უნდა გქონდეს გაკეთებული, ყველაფერს გაპატიებ. შვილო, გემუდარები, გამოჩნდი, თუკი გაქვს ამის საშუალება... აქვე საზოგადოებას მივმართავ, თუ ვინმემ რაიმე იცის, მითხრან, უკვე ყველანაირი ინფორმაციის მოსასმენად ვარ მზად.
თეა ხურცილავა
(გამოდის ხუთშაბათობით)