"პალიტრამედიის" ნიუსრუმში მუშაობა ბევრი ჟურნალისტისთვის უმნიშვნელოვანესი და საპატიო საქმიანობაა. ერთ-ერთი ასეთი, ლელა ბაღდავაძე გახლავთ, რომელიც მართალია, "ინტერპრესნიუსის" წამყვანი თანამშრომელია, მაგრამ ნიუსრუმის თითქმის ყველა პლატფორმაზე წარმატებულ მუშაობას ახერხებს.
ბავშვობიდან ჟურნალისტობაზე ოცნებობდა და მომავალში მხოლოდ ამ პროფესიის ადამიანად წარმოედგინა თავი. ოცნება აუხდა.
- ჩემი პრაქტიკული საქმიანობა ჟურნალ "ულტრადან" დაიწყო. მუშაობას სტაჟიორად 16 წლის ასაკში შევუდექი. კარგად მახსოვს პირველი ჰონორარი - 15 ლარი ავიღე. ის დღე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უბედნიერესი იყო. იმავე საღამოს ოჯახში დიდი სუფრა გაიშალა - მამაჩემმა ვერ გეტყვით, რა თანხა დახარჯა იმ "15 ლარის" აღსანიშნავად (იღიმის)... ცოტა ხანს ტელეკომპანია "202"-შიც ვიმუშავე, მაგრამ მალე ეს კომპანია დაიხურა. მერე ჩემს შრომით ბიოგრაფიაში საინფორმაციო სააგენტოების სერია დაიწყო: რამდენიმე სააგენტოს თანამშრომელი გახლდით, მაგრამ წელიწადზე მეტხანს ვერსად გავჩერდი... ორწელიწად-ნახევარია "პალიტრამედიის" ნიუსრუმის ჟურნალისტი ვარ. ვთანამშრომლობ როგორც "ინტერპრესნიუსთან", ასევე "პალიტრა ტვ"-სთან, რადიო "პალიტრასთან" და "ამბები.გე"-სთან. "პალიტრამედია" არის კომპანია, სადაც რაც დრო გადის, თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ. ეს იმის შედეგია, რომ აქ დაფასებას ვგრძნობ, რაც გამოიხატება იმაშიც, რომ პერიოდულად, წახალისების მიზნით, თანამშრომლებს სხვადასხვა პრიზით გვასაჩუქრებენ. შარშან, თებერვალში გუდაურში ორკაციანი საგზური მომცეს და მეუღლესთან ერთად იქ მშვენივრად დავისვენე. ამასთან, ისეთ გუნდში ვარ, რომელიც მზად არის, 24-საათიან რეჟიმში იმუშაოს.
- მძიმე სამუშაო გრაფიკის ფონზე რაიმე ეპიზოდს ხომ ვერ გაიხსენებ?
- მახსოვს, ჩვენი ერთ-ერთი "ურეჟიმო რეჟიმი" ციხის სკანდალის შემდგომი აქციების დროს გვქონდა, როდესაც პირადად ჩემი სამუშაო დღე დილის 5 საათზე დამთავრებულა... ხშირად ამბობენ, რომ ჩვენთან მუშაობა რთულია. რეალურად, მართლაც ასეა, მაგრამ რთულზე მეტად, ჩვენთან განსხვავებული მუშაობის წესია, რადგანაც ინტეგრირებული ნიუსრუმის თანამშრომლები ვართ, - კონკრეტულ ღონისძიებაზე, ერთი ჟურნალისტი სამ-ოთხ საინფორმაციო სამსახურს წარმოვადგენთ და ვემსახურებით: ვწერთ ნიუსს "ინტერპრესნიუსისთვის", ვაკეთებთ ჩართვებს რადიო "პალიტრის" მთავარი საინფორმაციო გამოშვებისთვის და სიუჟეტებს ვამზადებთ "პალიტრა ტვ"-სთვის. რაც აქ ვმუშაობ, მინახავს მუშაობის დაწყების სურვილით ჩვენთან მოსული ჟურნალისტები, რომლებიც მალე აქედან, პირდაპირი მნიშვნელობით, თავქუდმოგლეჯილი გაქცეულან და უთქვამთ, რომ სიგიჟეა აქ მუშაობა, რომ ეს ყველაფერი მათ ძალებს აღემატება... არადა, ეს ნამდვილად არ არის სიგიჟე და აქ მუშაობა რომ შესაძლებელია, ამას ჟურნალისტები ყოველდღიურად ვამტკიცებთ... მინდა ვთქვა, რომ "პალიტრამედიის" ნიუსრუმს არაჩვეულებრივი მთავარი რედაქტორი, ნატა მუმლაძე ჰყავს. ასევე მინდა გამოვყო "ინტერპრესნიუსის" რედაქტორი - ირინა დეკანოიძე. მას "დიქტატორს" ვეძახით, თუმცა ეს ის "დიქტატორია", რომლის ოფისში არყოფნისას სერიოზულ დისკომფორტს განვიცდით და როცა სამსახურშია, ვიცით, რომ სააგენტო მოწესრიგებულად და აწყობილად იმუშავებს.
- ლელა, რადიო "პალიტრაში" ერთი პერიოდი გადაცემა "რეზიუმეც" მიგყავდა...
- კი, ამ კომპანიაში არაერთი მიმართულებით გამოვცადე თავი. 9 თვის დაწყებული მქონდა "პალიტრაში" სამსახური და მახსოვს, ჩვენმა მაშინდელმა მთავარმა რედაქტორმა - ბაია ცანავამ მითხრა, "რეზიუმე" უნდა წაიყვანო, რადგან გადაცემის წამყვანი - მერაბ მეტრეველი ორკვირიან შვებულებაში გავიდაო. რა თქმა უნდა, დიდი ნდობა იყო და უდიდესი პასუხისმგებლობით განვიმსჭვალე. ძალიან ვღელავდი, მაგრამ პირველი გადაცემის შემდეგ უფროსებმა მითხრეს, რომ მშვენივრად გამომივიდა და სანერვიულო არაფერი მქონდა. კომპლიმენტები კოლეგებმაც მითხრეს, რაც შემდგომი მუშაობისთვის სტიმული იყო. იმ ორი კვირის განმავლობაში გადაცემაში მოწვეული სტუმრების უმრავლესობა დღეს მაღალი თანამდებობის პირია...
- ვიცი, რომ "რეზიუმეს" სტუმარი დღევანდელი პრემიერ-მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილიც იყო...
- კი, ერთ დღესაც პროდიუსერმა მითხრა, რომ ჩვენი სტუმარი ახალბედა პოლიტიკოსი, ირაკლი ღარიბაშვილი უნდა ყოფილიყო. მაშინ ოპოზიციური "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. მოკლედ, მისი პირდაპირ ეთერში სტუმრობის დებიუტი "რეზიუმეში" შედგა, რომელიც მე მიმყავდა. ბატონი ირაკლი ძალიან ღელავდა. მეც თავიდანვე საქმის კურსში ჩავაყენე - რომ მეც თითქმის ანალოგიურ მდგომარეობაში ვიმყოფებოდი, რადგან ასეთი გადაცემის წაყვანის მწირი გამოცდილება მქონდა. თუმცა ყველაფერმა მშვენივრად ჩაიარა. გადაცემა რომ დაიწყო, სადღაც გაქრა მისი ნერვიულობა.
- მაშინ ალბათ ვერც წარმოიდგენდი, რომ ის ქვეყნის ერთ-ერთი პირველი პირი იქნებოდა, არა?
- დიახ, ისევე, როგორც იმას, რომ ჩემი სხვა სტუმრების უმრავლესობა ხელისუფლების წარმომადგენლები გახდებოდნენ. დღეს მათი 90 პროცენტი მინისტრები არიან: თეა წულუკიანი, სოზარ სუბარი, კახა კალაძე; დეპუტატები: თინა ხიდაშელი, ზაქარია ქუცნაშვილი, ლევან ბერძენიშვილი...
- შენთვის როგორც ჟურნალისტისთვის, რა არის მთავარი?
- ვიყო ოპერატიული და ობიექტური. "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტებს ბევრჯერ გვქონია ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებისთვის საინტერესო და შესაძლოა, შოკის მომგვრელიც ყოფილიყო, მაგრამ ის დაბლოკილა და ვერ მოხვედრილა ჩვენს ვებგვრდზე იმიტომ, რომ ვთქვათ, ვერ მოხერხდა ჭეშმარიტების დადგენა... ხშირად ამბობენ, რომ ჟურნალისტის პროფესიონალიზმის განმსაზღვრელი ის არის, როცა კარს უხურავენ და ფანჯრიდან გადადის. მე არ მივეკუთვნები ჟურნალისტთა იმ კატეგორიას, რომელიც ფიქრობს, რომ ეს დაუწერელი კანონი ნებისმიერი დახურული კარის შემთხვევაში უნდა გამოიყენოს. საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ღია, უშუალო, ჯანსაღი, ადამიანური ურთიერთობა მეტად პროდუქტიულია და პრაქტიკაში არაერთხელ მქონია ასეთი ფაქტი...
- საყვარელი რესპონდენტი თუ გყავს?
- კი, მყავს, არჩილ კბილაშვილი და ამ სტატუსით სარგებლობდა ჯერ კიდევ მაშინ, სანამ მაღალი თანამდებობის პირი გახდებოდა. არ მახსოვს, არც ერთ თხოვნაზე, კომენტართან დაკავშირებით, მისგან უარი მიმეღოს. ის ხშირად ამის გამო სხვა მედიასაშუალებების კრიტიკის ობიექტი ხდებოდა და ადანაშაულებდნენ იმაში, რომ "ინტერპრესნიუსს" პრივილეგირებულ მდგომარებაში აყენებდა. ჟურნალისტის მიზანია, ქვეყნის პირველ პირებთან კონტაქტზე გავიდეს. თუ ამას ვერ მოახერხებს, წამგებიან პოზიციაში რომ დგება, ეს არავისი ბრალია... მნიშვნელოვანი ის არის, რომ კბილაშვილი ისეთივე ღირსეულ ადამიანად დარჩა, როგორიც თანამდებობაზე დანიშვნამდე იყო. ეს ღირსება მერეც შეინარჩუნა, განსხვავებით ზოგიერთი პოლიტიკოსისგან, რომლებიც თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ შეიცვალნენ. არადა, ოპოზიციაში ყოფნისას სრულიად განსხვავებულები იყვნენ. დღეს გვერდით ისე ჩაგივლიან, გამარჯობასაც არ გეტყვიან. თუკი ამ ინტერვიუში საკუთარ თავს ამოიცნობენ, კარგია!..
- ლელა, საოცრად აქტიური ჟურნალისტი ხარ. ამავე დროს, ხარ ახალგაზრდა დედაც. როგორ ახერხებ ამ ყველაფრის ერთმანეთთან შეთავსებას?
- ორი გოგონა მყავს: უფროსი 8 წლის არის, უმცროსი - 3-ის... მართალია, მოვახერხე საკუთარი თავის რეალიზება, მაქვს სამსახური, მაგრამ ამაში დიდი წვლილი მიუძღვის დედაჩემს და ჩემს მეუღლეს. რომ არა მათი მხარდაჭერა და დახმარება, ამას ვერ შევძლებდი. შეიძლება ითქვას, რომ დედამ თავისი პირადი ცხოვრება შემომწირა, - თვითონ დაჯდა შინ იმის გამო, რომ მე მემუშავა. ჩემი მშობლები ჯერ სწავლაში და შემდეგ უკვე პროფესიულ საქმიანობაში დამეხმარნენ, მაგრამ ბავშვები უჩემობას განიცდიან. ჩემს მეუღლესაც დატვირთული გრაფიკით უწევს მუშაობა. უფროსი გოგონა მეუბნება, ზუსტად ვიცი, რომ ჟურნალისტი არასოდეს ვიქნები იმიტომ, რომ შვილი არ მივატოვოო (იღიმება)...
- ე.ი. კმაყოფილი ხარ არჩევანით?
- პროფესიას თავიდან რომ ვირჩევდე, ისევ ჟურნალისტობას ავირჩევდი... ჩემი გადატვირთული გრაფიკის გამო ერთი თვის წინ ასეთი რამ შემემთხვა: მე და ჩემი მეუღლე სახლში გვიანობამდე ვერ მივდივართ, ამიტომ გაზის კომპანიის ინკასატორი ჩვენების ჩაწერას ჩემთან დარეკვის შემდეგ ახდენს. იმ დღესაც დამირეკა. სამსახურში ვიყავი და ვუთხარი, გვიან ვიქნები სახლში, დაგირეკავთ და ჩვენებას ჩაგაწერინებთ-მეთქი. იმ დღეს ძალიან დატვირთული საღამო მქონდა, "ინტერპრესნიუსში" ვმორიგეობდი, ბევრ ადამიანთან მომიწია დარეკვამ, მათ შორის, ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატებთან და პროკურატურის თანამშრომლებთან. სახლში რომ მივედი, ავკრიფე ინკასატორის ნომერი და მრიცხველის ჩვენება ვუკარნახე. რამდენიმე დღის შემდეგ მირეკავს და გაბრაზებული ხმით მეუბნება: ჩვენებას არ ჩამაწერინებთ? აღმოჩნდა, რომ რესპონდენტთან დამირეკავს, ისიც მიხვდა, რომ შემეშალა და არც შეიმჩნია.
ლალი ფაცია
(გამოდის ხუთშაბათობით)