ლარის კურსის გამყარება ფასებზე გავლენას ვერ მოახდენს. მოვაჭრეებს ეშინიათ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება ისევ განმეორდება, რის გამოც პროდუქციის გაიაფებას არ აპირებენ.
გაძვირება თავის დროზე, უცხოურთან ერთად, ადგილობრივ ნაწარმსაც შეეხო. შიში იმისა, რომ უკვე გაძვირებული პროდუქტი ლარის კურსის გამყარების შემთხვევაშიც არ გაიაფდება, მართლდება.
ყოველ შემთხვევაში, სავაჭრო სფეროს წარმომადგენლები ჯერჯერობით არ იჩქარებენ. მათი თქმით, სარეალიზაციო პროდუქტის უმეტესობა ძვირად აქვთ შესყიდული და ამ ეტაპზე ვერ გააიაფებენ. თუმცა ლარის კურსის გამყარება რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში თუ გაგრძელდება, ფასების გადახედვა თანდათან დაიწყება, განსაკუთრებით კი იმპორტირებული ნაწარმის შემთხვევაში.
გაძვირებული პროდუქტის გაიაფებას მოკლევადიან პერიოდში არ ვარაუდობს ექსპერტი პაატა შეშელიძე, "ახალი ეკონომიკური სკოლის" წარმომადგენელი. მისი თქმით, ჯერჯერობით იმპორტიორებს გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდებათ.
"გააჩნია, რის ხარჯზე გამყარდა ლარი და როგორია მოლოდინი, რომელიც მის მიმართ საზოგადოებას აქვს. კურსის დაცემის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ იმპორტი უფრო ძვირად დაებეგრათ. იმპორტიორებს აქვთ სურვილი, ეს თანხა ამოიღონ და ამით შეამცირონ დანახარჯი. ცხადია, ეს ტვირთი საბოლოოდ მომხმარებელს დააწვება. სანამ არ დაინახავენ, რომ არ არის ლარის შემდგომი გაუფასურების საფრთხე, უკვე გაძვირებულ პროდუქტს ვერ გააიაფებენ. გარდა ამისა, სანამ არ ექნებათ სარეალიზაციო საქონლის ახალი პარტია და ახალი შესაძლებლობა არ გამოჩნდება, ფასების კლებას არ უნდა ველოდოთ. ასეთია რეალობა და რამდენ ხანს გასტანს ეს პროცესი, დანამდვილებით ვერ გეტყვით. მით უმეტეს, ზამთარია და გაიაფებას, სეზონიდან გამომდინარე, არც უნდა ველოდოთ", - განმარტავს შეშელიძე.
ექსპერტი სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ნოდარ კაპანაძე ამბობს, რომ გაზრდილი ფასების გრძელვადიან პერიოდში შენარჩუნება დარტყმას მიაყენებს ღარიბ მოსახლეობას, რომელიც ისედაც მძიმე მდგომარეობაშია.
"ფასების ზრდას ეკონომიკის ზრდაზე შეიძლება დადებითი შედეგიც ჰქონდეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მინიმალური მაჩვენებლით. ამ პროცესისგან დიდ სარგებელს არ უნდა ველოდოთ. უარყოფითი ფაქტორი კი ისაა, რომ საკვების გაძვირება ცუდად მოქმედებს ღარიბ მოსახლეობაზე და აზარალებს მათ.
განსაკუთრებით დამაფიქრებელია ფართო მოხმარების სურსათის გაძვირება. სხვა შემთხვევაში, მაგალითად, შავი ხიზილალა ათიათასჯერაც რომ გაძვირდეს, ღარიბი მოსახლეობის ჯიბეს ამით არაფერი დააკლდება. ყოველდღიური მოხმარების პროუდქტის მცირედით გაძვირებაც სოციალურად გაჭირვებულ ფენას დიდ ზიანს მიაყენებს.
მოსახლეობის მყიდველუნარიანობა კიდევ უფრო დაკლებულია იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყანაში უმუშევრობა არ შემცირებულა. რაც მეტად გაიზრდება ან თუნდაც შენარჩუნდება, მსყიდვითი უნარი იქნება დაბალი. ბოლო პერიოდში ლარის კურსი სერიოზულ ცვლილებას განიცდის. ამანაც, თავის მხრივ, ფასებზე გარკვეული გავლენა მოახდინა. ერთ-ერთი ფაქტორია სეზონიც, როდესაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მარაგი იკლებს. ეს ფასზეც ადეკვატურად აისახება", - ამბობს ნოდარ კაპანაძე.
თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე სუპერმარკეტის ადმინისტრატორის, მზია ცქიტიშვილის ვარაუდით, საკვები მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში არ გაიაფდება. თავი რომ დავანებოთ ვალუტის კურსს, ფასებზე ცვლილება სეზონურიცაა, რის გამოც სურსათის გაიაფება არ არის მოსალოდნელი. "კარგია, რომ ლარი გამყარდა, მაგრამ რყევას მომავალშიც არ გამოვრიცხავთ. ფასებზე გავლენას სეზონიც ახდენს. ამ პერიოდში პროდუქტი ყოველთვის ძვირი ღირს. განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო ნაწარმი, რომლის უმეტესობაც იმპორტირებულია. კარტოფილის, სტაფილოს, ხახვის, მწვანილისა და რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ადგილობრივი ნაწარმი იშვიათობაა.
ხალხს ზამთრისთვის თადარიგი არ დაუჭერია, ყველაფერი ძვირი ღირს და ახლაც მიზერული რაოდენობით ყიდულობენ. ლარი გამყარდა და რატომღაც ყველა ელოდება, რომ პროდუქტს გავაიაფებთ. ამის შესაძლებლობა ჯერ არ გვაქვს. მით უმეტეს, არ ვიცით, რას იზამს ეროვნული ვალუტა და რამდენად მყარია პოზიცია, რომელიც მას დოლართან მიმართებაში აქვს. მცირედი სხვაობა საბოლოოდ ჩვენ დაგვაზარალებს. არ გამოვრიცახვთ, გარკვეული დროის შემდეგ პროდუქტი მართლაც გაიაფდეს, მაგრამ უახლოეს პერიოდში ეს მოსალოდნელი არ არის", - ამბობს მზია ცქიტიშვილი.
ანალოგიური მდგომარეობაა სამომხმარებლო ბაზარზე. მოვაჭრეები პროდუქტის გაიაფებას არ ჩქარობენ. მიზეზი ამ შემთხვევშაიც ლარის მიმართ უნდობლობაა.
"როდის რა შეიცვლება, არ ვიცით. ასეთი პოზიცია აქვთ შემომტანებსაც. ჩვენ კი პროდუქტს ძვირად ვყიდულობთ და მთლიანად მათ მიერ დადგენილ ფასზე ვართ დამოკიდებული. პირველ რიგში, ჩვენი ინტერესია სურსათი გაიაფდეს. ამით გაყიდვას გავაუმჯობესებთ. აქტიური მყიდველი შემოგვაკლდა და ეს რეალიზაციაზე აისახება.
ლარის კურსი საბოლოოდ თუ გამყარდება, ფასიც დაიწევს, მაგრამ ამის იმედი ჯერ არ გვაქვს. კურსი, ალბათ, მერყეობას გააგრძელებს, ერთხელ უკვე ვიწვნიეთ ამის სიმწარე და მომავალში უფრო ფრთხილად ვიქნებით", - ამბობს ლია ცირდავა, გლდანის სამომხმარებლო ბაზრის მოვაჭრე.
მარი ჩიტაია