ჰამერბერგი - ევროკავშირის ბევრ ქვეყანაშიც კი არ არსებობს ადამიანის უფლებათა დაცვის ისეთი სამოქმედო გეგმა, როგორიც საქართველოში

ჰამერბერგი - ევროკავშირის ბევრ ქვეყანაშიც კი არ არსებობს ადამიანის უფლებათა დაცვის ისეთი სამოქმედო გეგმა, როგორიც საქართველოში

საქართველო ადამიანის უფლებების საკითხში სამოქმედო გეგმის შემუშავების თვალსაზრისით მოწინავე პოზიციაზე დგას, - ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამართლებრივ კონსტიტუციურ საკითხებსა და ადამიანის უფლებებში თომას ჰამერბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანაშიც კი არ არსებობს ადამიანის უფლებათა დაცვის მსგავსი სამოქმედო გეგმა და მათაც ალბათ შეუძლიათ საქართველოსგან ბევრი რამ ისწავლონ.

"ეს არ არის მხოლოდ ფურცელზე დაწერილი რამ, რიტორიკა და საუბარი იმაზე, რა უნდა გაკეთდეს. ეს არის ძალიან რთული სამუშაო, რომელიც ყველამ უნდა შეასრულოს იმისთვის, რომ ქართველი ხალხი გარანტირებული იყოს იმ უფლებით, რომლებზეც ვსაუბრობ. ამ პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ყველა რიგითმა მოქალაქემ გააცნობიეროს, რას წარმოადგენს ადამიანის უფლებები.

ადამიანის უფლებები არ არის ყველაფერი, რაც შეიძლება ჩვენ გვინდოდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტური პრინციპები. შეიძლება ითქვას, ეს არის გარკვეული ხელშეკრულება, რომელიც იდება სახელმწიფოსა და ინდივიდს შორის, რადგან ეს არის თითოეული ადამიანის უფლებები. ამ თვალსაზრისით უნდა ვისაუბროთ ადამიანის უფლებებზე. ეს კონტრაქტი იდება ხელისუფლებაში მყოფ გუნდსა და ადამიანებს შორის. ადამიანის უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია მთელი საზოგადოების ინტეგრაციისთვის, მთლიანობის უზრუნველყოფისთვის. საზოგადოების შემადგენლობაში არიან უმცირესობის, შეძლებული თუ ღარიბი ფენის წარმომადგენლები. მათი განსხვავებების მიუხედავად მათ უნდა ჰქონდეთ შეგრძნება, რომ არიან საზოგადოების სრულფასოვანი წევრები და ისარგებლონ თანაბარი უფლებებით", - განაცხადა ჰამერბერგმა.

მისი თქმით, აუცილებელია შშმ ადამიანებში უფლებების გათვალისწინებაც. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის შეფასებით, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მრავალი მიზეზის გამო ხდებოდა და დღესაც ხდება ამ ადამიანების არახელსაყრელ პირობებში ჩაყენება და დისკრიმინაციაც კი.

"მაგრამ სინამდვილეში პრობლემა მდგომარეობს არა იმაში, რომ ამ ადამიანებს რაღაც თვალსაზრისით შეზღუდული აქვთ შესაძლებლობა, არამედ იმაში, რომ საზოგადოებაში არ არის დანერგილი გონებრივი მისადაგების პრინციპი, რომელზეც საუბრობს გაეროს კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობების თაობაზე. საზოგადოებისგან სჭირდება ყოველდღიური მონიტორინგი იმას, რამდენად სრულდება პირობა, რომელსაც მთავრობა დღეს დებს. ადამიანის უფლებების კომპლექსში მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოციალური და ეკონომიკური უფლებები, რათა ადამიანებს ჰქონდეთ გარანტირებული ცხოვრების დონე. საქართველოს არ უდგას იოლი დღეები და მის წინაშე ბევრი ეკონომიკური გამოწვევაა, მაგრამ ამ მიმართულებითაც ხელისუფლების მუშაობა არის ნაწილი იმისა, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს მოქალაქეების უფლებები", - განაცხადა ჰამერბერგმა.

მისი თქმით, ცალკე უნდა გამოიყოს ბავშვთა უფლებები - ყველას უნდა ჰქონდეს განათლების და სათანადო კვების უფლება. დოკუმენტში პრიორიტეტულია ბავშვთა უფლებები. "ეს ძალიან კარგი დასაწყისია და ქვეყანას ნამდვილად შეუძლია, იამაყოს იმით, რა სამუშაოც უკვე შეასრულა, მაგრამ არ უნდა დაგვეუფლოს თვითკმაყოფილება, უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ მივადევნოთ თვალი, რამდენად სრულდება ეს გეგმა, არ შეგვეშინდეს შეცდომების აღიარების, უნდა ვეძებოთ პრობლემების გადაჭრის გზები. რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრისთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მთავრობა ამ საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერით წარმატებული იქნება. საქართველოს ძალიან ძლიერი სახალხო დამცველის ინსტიტუტი ჰყავს, უკვე შექმნილია პერსონალურ მონაცემთა დაცვის მექანიზმი და ეს ყველაფერი ხელს უწყობს იმას, რომ ქვეყანაში დაცული იყოს ადამიანის უფლებები", - აღნიშნა ჰამერბერგმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა