პროექტში "ორი ვარსკვლავი", რომელსაც მაყურებელი "იმედის" არხზე "ცეკვავენ ვარსკვლავების" შემქნელებისგან მარტში იხილავს, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები მონაწილეობენ. მათ სიმღერა მოუწევთ. მეწყვილეებად კი ცნობილი მომღერლები ეყოლებათ.
ამჯერად გოგოლა კალანდაძისა და ნოდიკო ტატიშვილის წყვილს შევხვდით, რომლებმაც შოუსთვის უკვე დიდი მონდომებით დაიწყეს სამზადისი.
ნოდიკო ტატიშვილი:
- ნოე სულაბერიძემ მითხრა, პროექტებს - "ცეკვავენ ვარსკვლავები" და "ორ ვარსკვლავს" ვიწყებ და აირჩიე, სად მიიღებ მონაწილეობასო. "ცეკვავენ ვარსკვლავებზე" უკვე დიდი ხანია, უარს ვამბობ, არა იმიტომ, რომ არ მომწონს, უბრალოდ მგონია, რომ ძალიან სასაცილო ვიქნები, რომ ვიცეკვო.
ამიტომ გადავწყვიტე, ისევ ის საქმე გამეკეთებინა, რაც ვიცი და ჩემია, - უნდა ვიმღერო. თან, უმაგრესი პარტნიორი მყავს, გოგოლა კალანდაძე. უმაგრესად მღერის, უმაგრესი ყური აქვს და ძალიან ნიჭიერია. სიმღერის სწავლა უკვე დავიწყეთ, როგორც კი მოისმინა რაღაცები, მაშინვე ისწავლა და იმღერა. მივხვდი, რომ მუშაობისას არანაირი პრობლემა არ გვექნება. ამასთან, ძალიან მოწესრიგებული ადამიანია.
- დიდი მნიშვნელობა აქვს პфრტნიორს, მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული...
- კი, ვიცი, რომ "ორი ვარსკვლავი" მაინცდამაინც ჩემი კონკურსი არ არის, მე არ ვფასდები და გოგოლაზე მიდის დატვირთვა, ამიტომ ისე უნდა მოვიქცე, როგორც მისთვის იქნება კარგი...მხარი უნდა ავუწყო მას, როგორც ის იტყვის, ისე იქნება, რადგანაც ვიმეორებ, მისი კონკურსია. გარდა იმისა, რომ ახლა პარტნიორები ვართ, ადრე დუეტიც გვაქვს ერთად ჩაწერილი... მოკლედ, სულით და გულით ვგულშემატკივრობ, თავს არ დავზოგავ...
- ზოგადად, რას იტყვი პროექტზე?
- საინტერესო პროექტია, რადგანაც ხალხს აინტერესებს ამა თუ იმ პროფესიის ცნობილი ადამიანი (მსახიობი, ფეხბურთელი, მოჭიდავე) როგორ იმღერებს. ისევე როგორც "ცეკვავენ ვარსკვლავებში", აინტერესებთ, როგორ იცეკვებენ.
- ისე, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობაზე უარი რატომ თქვი?
- სხვათა შორის, თავიდან დავთანხმდი, მაგრამ მერე ნოეს მოვუბოდიშე და უარი ვუთხარი, ვერ ვიცეკვებ-მეთქი. ამ კონკურსზე ყოველი სეზონის წინ მიწვევდნენ. კარგ პროფესიონალებთან მომიწევდა ცეკვა და ამიტომაც ვერ გავრისკე. მაქსიმალისტი ვარ, კონკურსზე გავიდე და რომ ვერ გავაკეთო ისე, როგორც საჭიროა? იქნებ არ გამომივიდეს "რუმბა"? ეს არ მინდა... ამიტომ "ორ ვარსკვლავში" სიმღერა მირჩევნია...
- ე.ი. სიმღერაზე მუშაობა უკვე დაიწყთ, ხომ?
- კი და მრავალფეროვანი ნომრების მომზადება მოგვიწევს, სხვადასხვა ჟანრის ნამუშევრებს შევეხებით. კონკურსანტებს საშუალება ეძლევათ, პროფესიონალ მომღერლებთან ერთად, თავისი შესაძლებლობები აჩვენონ: იმღერონ მსოფლიო ჰიტიც, ქართველი კომპოზიტორების ტრადიციული სიმღერებიც, როკიც, ჯაზბალადებიც... ჩვენი მუსიკალური ხელმძღვანელი კომპოზიტორი რუსა მორჩილაძეა, ადამიანი, ვისთანაც
ლაპარაკი შეიძლება და ამა თუ იმ საკითხის შეჯერება, ანუ რასაც შემოქმედებითი პროცესი ითვალისწინებს.
გოგოლა კალანდაძე:
- საერთოდ, ძალიან მიჭირს გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ როდესაც ნოემ "ორ ვარსკვლავში" მონაწილეობა შემომთავაზა, რაღაც მალე დავთანხმდი და თან, სიამოვნებით. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ოჯახის, ბავშვების პატრონი ვარ და ამ საქმეებით ვარ დატვირთული. ეს პროექტი ვფიქრობ, რომ ჩემთვის ამ სიტუაციაში რაღაც განტვირთვა იქნება, მერე პროფესიასთანაც ახლოს არის ეს ყველაფერი. მოკლედ, ჩემს ყოველდღიურობას ცოტა გავიხალისებ. პრინციპში, ვცდი, რას ვკარგავ? ვიმღერებ, ჩემს გულს უხარია (სიცილით ამბობს).
- შენს მეწყვილეზე რას იტყვი?
- გამიხარდა, რომ ნოდიკოა ჩემი პარტნიორი. თუმცა რა სისულელეა, ყველანი ძალიან მაგრები არიან... ისე არ გამოგვივიდეს, რომ ერთმანეთს ვაქებთ და ვეფერებით, მაგრამ ძალიან მაგარია და ეს ყველამ ვიცით. მიხარია, რომ ის არის ჩემი პარტნიორი, ვიცნობ, ნიჭიერია, პროფესიონალია და ვცდილობ, მას მივბაძო. ადრე ერთად მაია კაჭკაჭიშვილის სიმღერა გვაქვს ჩაწერილი. ახლა ჩვენი მუსიკალური ხელმძღვანელი რუსა მორჩილაძეა. რუსა ხომ უნიჭიერესი კომპოზიტორია და უძლიერესი მუსიკოსი, რომელთანაც მუშაობა ყოველთვის მაინტერესებდა და ახლა მომეცა ამის საშუალება და შანსი. ორი დღის წინ გვქონდა რეპეტიცია. ისე, სიმართლე რომ ვთქვა, ვნერვიულობ.
- ამ შენს გადაწყვეტილებას ოჯახი როგორ შეხვდა?
- მინდა გითხრა, რომ ძალიან გაუხარდათ. ჩემი მეუღლის რჩევას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მეგობრები ვართ და უპირველესად, მის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებ. ჩემმა მეუღლემ ძალიან კარგად მიიღო ეს ყველაფერი. მითხრა, უნდა სცადოო და ალბათ, ასე სწარაფად ამანაც გადამაწყვეტინა, ნოეს წინადადებას დავთანხმებოდი. თან, ნოეც პროფესიონალია, კარგ პროექტებს აკეთებს და მაგარი შემოქმედებითი ჯგუფიც ჰყავს...
- შვილები რას გეუბნებიან?
- უფროსი გოგონა 14 წლის არის. დანარჩენები - პატარები არიან. თუმცა დღეს რეპეტიციიდან რომ მოვედი, სახლში ვმღეროდი და შუათანა ბიჭმა მითხრა, - დედა აღარ იმღერო, დავიღალეო. დღეს პირველი დღეა და ასეა უკვე და მერე ალბათ, სახლიდან გამაგდებენ...
- მოკლედ, შენგან სიურპრიზებს ველოდებით?
- ახლა სიურპრიზებს ძალიანაც ნუ დაელოდებით (სიცილით ამბობს), რა ვიცით, რა ხდება.ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის