სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი გეგუთის ციხესთან საპროტესტო აქციებს "ძველი ბიჭების ძმაკაცებს" უკავშირებს. როგორც სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, გეგუთში ამ დროისთვის სიმშვიდეა და როგორც "არაფრის გამო დაიწყო არეულობა, ისე არაფრის გამო დასრულდა".
მინისტრის შეფასებით, გარეთ გაცილებით დიდი ხმაური იყო და გაცილებით მეტ აჟიოტაჟს ქმნიდა პრესა, ვიდრე სინამდვილეში რამე ხდებოდა.
"რამდენიმე ათეული ადამიანი, არა მშობლები, არამედ შიგნით მყოფი ძველი ბიჭების ძმაკაცები მოდიოდნენ და გარეთ ქმნიდნენ აურზაურს, მაგრამ გამოძიება დაწყებულია და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც გარეთ კანონი დაარღვიეს, სასწრაფოებს გამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ და ციხეში შეჭრას ცდილობდნენ, გამოძიების კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ. ჩადენილი არავის ეპატიება. როდესაც ავადმყოფი ადამიანი გადის გარეთ და ამ დროს ვიღაცა სასწრაფოებს გზას უკეტავს, ეს დანაშაულია", - განაცხადა სუბარმა და აღნიშნა, რომ ამ ადამიანების მიმართ კანონი ძალიან მკაცრი იქნება.
სასჯელაღსრულების მინისტრის ინფორმაციით, გამოძიება იმ თანამშრომლებზეც იმუშავებს, რომლებიც შეგნებულად აწყობდნენ პროვოკაციებს და შეგნებულად აქეზებდნენ პატიმრებს თუ მათ ოჯახებს.
"ძველი თანამშრომლების ძალიან დიდ რაოდენობას არ აწყობს წესრიგის დამყარება ციხეებში. ისინი შეჩვეული იყვნენ უწესრიგობას, წამებას, ფულის გაკეთებას და დღეს ამის გაგრძელება სურთ, მაგრამ ეს ვერ გაგრძელდება. სწორედ ისინი იყვნენ მთავარი დამნაშავეები ამ პროცესში, ძალიან ბევრი თანამშრომელი ჩართული იყო პროცესში. კორუმპირებული კორუმპირებულია, მნიშვნელობა არ აქვს, როდის დაინიშნენ ისინი. უმრავლესობა ძველი თანამშრომელია, რადგან 4 ათასი კაცის ერთ დღეში გაშვება ვერ მოხერხდებოდა, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ზოგიერთი ახალი მიღებულიც იყოს", - აღნიშნა სუბარმა.
გეგუთის ციხეში, პატიმრები კოლონიის უფროსის გადადგომის მოთხოვნით რამდენიმე დღის განმავლობაში შიმშილობდნენ. გეგუთის ციხეში პატიმრებმა შიმშილობა 2 დღის წინ შეწყვიტეს.