ბოლო სამი-ოთხი დღეა, რაც ტელევიზიით "გასკანდალდა", კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი სამსახურიდან გაათავისუფლესო. ამ ადამიანმაც, რომლის პერსონაც თავიდანვე იწვევდა ეჭვს, თავისი "ნაციონალური" აზროვნებით, "სკანდალი" მაღალ დონეზე შეიფერა. როგორც კი მიზანდარი გადააყენეს, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით გამოქვეყნდა სტატიები მის მიერ დაგროვილი ქონების შესახებ... მაგალითად, წერენ, რომ მას 5 საცხოვრებელი ბინა აქვს, მათ შორის, 3 ბინა გუდაურში, 1 - საზღვარგარეთ, ბრიუსელში და 1 - თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე. ასევე, დეკლარაციის მიხედვით, აქვს 15 ათასი ევრო, სხვადასხვა ცნობილი მხატვრის 5 ფერწერული ტილო. სესხის სახით აუღია 159 ათასი ევრო, რომელიც 2028 წელს უნდა დაფაროს. ვიდრე მიზანდარი მინისტრის პირველი მოადგილე გახდებოდა, "ევროპის სახლის" პროგრამების დირექტორი იყო (ნეტა, სად შოულობენ ასეთ კარგ სამსახურებს ეს საშუალო დონის ხელოვნებათმცოდნეები?), სადაც წლიური შემოსავალი 12 500 ევრო ჰქონია. ამავე დროს, თურმე პარალელურად, ევროკავშირის პროექტების მონიტორინგის ექსპერტის პოსტს ითავსებდა, სადაც ხელფასის სახით 40 ათას ევროს იღებდა. მოკლედ, მიზანდართან დაკავშირებით ქართულმა მედიამ იმაზე მეტი ვერაფერი მოიპოვა, ვიდრე მას ჰქონდა დეკლარაციაში ასახული.
"ალიას" მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ქალაბტონმა მიზანდარმა თავის დეკლარაციაში იმის ნახევარიც არ ჩაწერა, რა ქონებაც მთლიანად დააგროვა. მაგალითად, მან გაზაფხულზე იყიდა ბინა სოლოლაკში, კოჯრის 15/3-ში, იტალიურ ეზოში, 80 ათას დოლარად. ეს ის ეზოა, სადაც თავის დროზე ცხოვრობდა რუსი პოეტი სერგეი ესენინი. ეს ბინა ბოლოს "ნაცების" ექსპერტ ნიკა ჩიტიძეს ეკუთვნოდა და კერძო იპოთეკარებმა წაართვეს. ნიკას დეიდაშვილმა ჩადო იპოთეკაში. ეს ბინა ჩიტიძეს ბებიამ და ბაბუამ დაუტოვეს. ასე რომ, მიზანდარმა ნიკას ბინა იპოთეკარებისგან შეიძინა და სხვათა შორის, მისი ყიდვა სადღაც ერთი წლის წინათ რუს მსახიობს, სერგეი ბეზრუკოვს უნდოდა, ის ესენინისეულ სახლში ცხოვრებაზე ოცნებობს.
მოკლედ, მარინე მიზანდარი მაგარი "კვაჭი" აღმოჩნდა... მან ეგრევე დაიწყო გრანდიოზული რემონტი და ბოლოს ისე შევიდა ეშხში, კიდევ ორი ბინა შეიძინა პირველ და მეორე სართულებზე (ჩიტიძე-ესენინის ბინა მესამე სართულზეა). როგორც მეზობლები ამბობენ, მიზანდარმა სახლი რკინის შველერებით გაამაგრა და ახლა ვინმე ქეთინოს ბინასაც ყიდულობს (რატომაც არა, პატარა შემოსავალი არ ჰქონდა). სხვათა შორის, ეს სახლი ისეთ ადგილზეა, რამდენჯერმე ინვესტორებმაც დაადგეს თვალი, მაგრამ ქეთინო ვერავინ მოხიბლა, ქალი იძახის, თუ აქედან გადავალ, მხოლოდ ვაკეში და თანაც ფალიაშვილზე, სტალინის კორპუსშიო. წარმოგიდგენიათ? ქალბატონმა მიზანდარმა ყველა ინვესტორს აჯობა, ებრაელი ქეთინოს სურვილიც დააკმაყოფილა და ახლა თურმე თავად ნადირობს ინვესტორებზე, რათა მთელი სახლი გაყიდოს, მის ადგილას თანამედროვე კორპუსი დაადგმევინოს და კაი გვარიანი წილიც მიიღოს. თუმცა, მეზობლებისთვის უთქვამს, თუ არავინ გამოჩნდა, შენობას მაგრად გავარემონტებ, პირვანდელ სახეს დავუბრუნებო.
აჰა, ხალხო, მეტი რა გინდათ? ჩვენ რომ გვგონია, მინისტრებსა და მათ მოადგილეებს ჩვენზე ზრუნვით ღამეები არ სძინავთ, ესენი თბილისში ბინების "ბიზნესით" არიან დაკავებულები. უკვე აშკარად იკვეთება ერთი ტენდენცია - ადამიანები, რომლებიც მინისტრები ან მოადგილეები ხდებიან, ეგრევე იღებენ ბანკებიდან გრძელვადიან სესხებს, ყიდულობენ ბინებს, იწყებენ რემონტს, მერე ამ სესხებს ფარავენ ჩვენი ჯიბიდან ამოღებული პრემიებით და ყველაფერი არის მშვენივრად. ამ ადამიანებმა იციან, რომ სანამ თანამდებობიდან გააბუნძულებენ, თადარიგი უნდა დაიჭირონ. მათი ბინები ისე რემონტდება, უბრალო მოკვდავებზე არ გაქირავდება, ეს უფრო უცხოელებზეა გათვლილი, რომლებიც თვეში, სულ მცირე, 2 ათას დოლარს იხდიან. ხუთი-ექვსი ბინა საკმარისია იმისთვის, რომ თანამდებობიდან გაბუნძულებულმა მომავალში უზრუნველად იცხოვროს. რა სამშობლო და ქართველი ხალხი?
ჩვენ მიერ დაქირავებული ჩინოვნიკები მოსწრებაზე არიან. თუკი "ნაციონალები" დარწმუნებული იყვნენ, რომ მუდმივად ჩაიგდეს ძალაუფლება ხელში და საგულდაგულოდ "კვნეტდნენ" ბიუჯეტს, ესენი პირიქით იქცევიან - "გასწი-გაგლიჯე-მოასწარის" პრინციპით მუშაობენ. რა არის ეს - ღალატი, დანაშაული, თუ უბრალოდ, ადამიანური სიხარბე? ეს არის ერთიც, მეორეც, მესამეც და ამ ყველაფერში უპირველესად დამნაშავეა ახალი ხელისუფლება. გაიგეთ, რომ დღეს არა მხოლოდ კულტურის სამინისტრო, არამედ ყველა სახელმწიფო სტრუქტურა გადაძეძგილია "ნაციონალებით", რომლებიც გადასულები არიან თანხების ფლანგვასა და მუცლების ამოყორვაზე. მე პირადად, ქართველი ხალხის სახელით, ვთხოვ ფინანსთა მინისტრს, ბატონ ნოდარ ხადურს, გაარკვიოს, რატომ გამოიწერეს საახალწლოდ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსმა, დიმიტრი დარბაისელმა და მისმა მოადგილეებმა 30-30 ათასი ლარი პრემიის სახით?
რატომ ფინანსდება მათი ყოველდღიური კვება ბიუჯეტიდან და რატომ ჰქვია ამ ყველაფერს "წარმომადგენლობითი ხარჯები"? რატომ მიდის ყოველდღიურად სასჯელაღსრულების დეპარტამენტში "გუდვილიდან" და "შირნჰოფერიდან" "ენ" რაოდენობის "რედბული", ძეხვი და ყველი სწორედ ამ "წარმომადგენლობითი ხარჯების" მოტივით? გაგვარკვიოს ბატონმა ნოდარმა, ამხელა ხელფასებისა და პრემიების შემდეგ ამათ კვებასაც ჩვენ ვაფინანსებთ დამატებით? თუკი ასეა (და ვიცი, რომ ასეა), მაშინ, ვაი, ჩვენს პატრონს!
გელა ზედელაშვილი