ქართული ტელეარხები და ქართველი მაყურებლის გულები თურქულმა სერიალებმა დაიპყრო. ჩვენს ტელეკომპანიებს უცხოური ტელესერიალების ყიდვა და გახმოვანება გაცილებით იაფი უჯდებათ, ვიდრე - სამამულოს გადაღება, თუმცა ქართული ტელეარხების ეთერში ადგილი ქართულმა სერიალებმაც დაიმკვიდრეს და ზოგიერთი მათგანი საკმაოდ რეიტინგულია.
ვეცადეთ გაგვერკვია, რა თანხა იხარჯება თანამედროვე ქართული სერიალის გადაღებაზე. ტელეკომპანიებმა და სტუდიებმა ოფიციალური ინფორმაციის მოწოდებისგან თავი შეიკავეს. თუმცა "ყველა სიახლემ" სხვადასხვა წყაროსგან მოიპოვა ინფორმაცია, თუ დაახლოებით რა ჯდება ქართული ტელესერიალების გადაღება.
გაირკვა, რომ ტელესერიალის თითო სერიის გადასაღები თანხა 4 ათასიდან 10 ათას ლარამდე მერყეობს და შეიძლება ცოტათი ასცდეს კიდეც ამ ზღვარს. ყველაფერი დამოკიდებულია გადაღების ადგილზე - სტუდიურია, პავილიონში იღებენ, ქუჩაში თუ სხვაგან; ასევე, გასათვალისწინებელია, რა თანხას მოითხოვს რეჟისორი და ესა თუ ის მსახიობი (როლის მნიშვნელობისა და მსახიობის ცენზისა და გამოცდილების მიხედვით) და რამდენის გადახდის საშუალება აქვს სტუდიას ან ტელეკომპანიას; ყოველდღიურია სერიალი თუ მხოლოდ უქმეებზე ან თუნდაც კვირაში ერთხელ გადის ეკრანზე; გასათვალისწინებელია კიდევ, რამდენად იყიდის იმ სერიალს კონკრეტული არხი. ასეთ შემთხვევაში თითო სერიის ღირებულება 17 ათასამდეც აღწევს.
მაგალითად, კინოს ტიპის სერიალები, როგორიც იყო "ცხელი ძაღლი" ან არის "ჩემი ცოლის დაქალები" და რომელიც გამორჩეულად უყვარს ტელემაყურებელს, გაცილებით ძვირად ფასობს, ვიდრე, ვთქვათ, ასევე რეიტინგული სტუდიური "შუა ქალაქში". როგორც გვითხრეს, "ჩემი ცოლის დაქალების" ერთი სერია, დაახლოებით, 7 ათასიდან 10 ათასამდე ჯდება.
ირმა ხარშილაძე