ყვარლის რაიონის სოფელ გავაზის მოსახლეობა ყვარლის მაჟორიტარ-დეპუტატ მარიკა ვერულაშვილს ტყის უკანონო შესყიდვაში ადანაშაულებს. ისინი აცხადებენ, რომ ვერულაშვილმა მეუღლესთან ერთად სოფელში 100 ჰექტრამდე კაკლისა და აკაციის ტყე უკანონოდ იყიდა. გავაზელების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტყე ერთ-ერთ ადგილობრივს იჯარით ჰქონდა აღებული, ვერულაშვილის ოჯახმა ის ფარულად შეიძინა.
გავაზის მაცხოვრებლებმა ტყის დაბრუნების მოთხოვნით საპროტესტო აქციაც გამართეს. მათი თქმით, ტყის გასხვისების შესახებ მას შემდეგ გაიგეს, რაც შეშით სარგებლობა აუკრძალეს. ტყეში კაკლის ხეებია მოჭრილი, რასაც მოსახლეობა ვანდალიზმად აფასებს.
ტყის მფლობელი ვერულაშვილთან კავშირს გამორიცხავს. მისი წარმომადგენელი ხვიჩა შარიაშვილის განცხადებით, ტერიტორიაზე ხეხილის და ვენახის გაშენებას გეგმავენ, სადაც ადგილობრივები დასაქმდებიან.