''ევროვიზიის'' მონაწილეების შესახებ უკვე მოგახსენეთ. ვინაიდან მათი შერჩევა ყოველთვის აჟიოტაჟს იწვევდა, გადავწყვიტე, რამდენიმე მომღერლისთვის მეკითხა აზრი წლევანდელ არჩევანზე.
ანრი ჯოხაძე:
- ანრი, რას ფიქრობ, ''საზოგადოებრივი მაუწყებლის'' გადაწყვეტილებაზე?
- კარგის მეტს რას უნდა ვფიქრობდე?! ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. რაც მთავარია, როგორც იქნა, მიხვდა ''საზოგადოებრივი მაუწყებელი'', რომ ვისი გაგზავნაც სურთ, მას საკონკურსო ფსევდომარათონში არ მიაღებინონ მონაწილეობა. ეს ძალიან კარგი ტენდენციაა. ''შინიც'' და მარიკო ებრალიძეც ჩემთვის პროფესიონალებისგან შემდგარი ბენდია, რომლის იმედიც უნდა გვქონდეს.
- შენი პროგნოზი როგორია?
- ვერაფერს ვიტყვი. ყოველთვის ძალიან პარადოქსულია ჩვენი გამოსვლები ''ევროვიზიაზე''. აჟიტირებული ისტერიკა გვქონდა გასულ წელს ნოდიკო ტატიშვილისა და სოფო გელოვანის გამო, ვამბობდით, არიქა, სამეულში მოვხვდებითო, არარსებული პიარი ავაგორეთ და ბოლოს მეთხუთმეტე ადგილი ძლივს მივიღეთ. ჩემ შემთხვევაში, როდესაც ტაშს მიკრავდნენ ''საზოგადოებრივ მაუწყებელში'' და მავანნი მეუბნებოდნენ, კარგადაა საქმეო, ფინალშიც კი ვერ მოვხვდი, პირველივე ტურში გამომაპანღურეს ''ევროვიზიიდან'' (იცინის). ასეთი კონკურსია ''ევროვიზია''. პოლიტიკურ ტონსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რამდენად ევროპულ სახელმწიფოდ მიგიჩნევს თავად ევროპა. მე არ მეგონა, ამ დონეზე თუ იყო პოლიტიზებული ეს კონკურსი, მაგრამ რა გაეწყობა, ასეა.
- შენ ხომ ''ევროვიზიაზე'' საქართველოში ჩატარებული კონკურსის შემდეგ გაემგზავრე და რატომ ფიქრობ, რომ ეს ფსევდოკონკურსია?
- კაი, გეხვეწები, რა გავიმარჯვე, ვიცოდი ზუსტად, რომ მე გავიდოდი (იცინის).
- ხუმრობ?
- ყოველ წელს ასე იყო. მე წინააღმდეგი ვიყავი, რომ ეს კონკურსი ჩაეტარებინათ. რაში სჭირდებოდათ? ანრი ჯოხაძის ''ევროვიზიაზე'' წარგზავნის წინააღმდეგი ვინმე იქნებოდა? უბრალოდ, ჩაატარეს ეს ფსევდოკონკურსი, ისეთი, არავის რომ არ სჭირდებოდა და ტყუილად ვიღაც ადამიანებს ალანძღვინეს ჩემი თავი. ვიცოდი, რომ მე გავიმარჯვებდი. ასევე იცოდნენ სტეფანემ და სამმა გოგომ, რომ ისინი წავიდოდნენ და ასე იყო სოფო ხალვაშის დროსაც. ჯობს, გამოაცხადონ, ვისი გაშვება სურთ. ვინ იტყვის, რომ ''შინ'' და მარიკო ებრალიძე არ იმსახურებენ ჩვენი ქვეყნის სახელით წასვლას? არ მეგულება ისეთი ნაძირალა, ამ ადამიანებზე თქვას, რატომ მიდიანო. უნდა წავიდნენ, აბა, რა უნდა ქნან.
იხილეთ სტატიის გაგრძელება