ზამთრის ოლიმპიური თამაშები კარს მოგვადგა. 7 თებერვალს საზეიმოდ გაიხსნება XXII თამაშები. 80-ზე მეტი ქვეყნის ათლეტებს შორის, სოჭის თოვლ-ყინულიან არენებზე ქართველი სპორტსმენებიც იასპარეზებენ. იასონ აბრამიშვილი, ნინო წიკლაური და ალექსი ბენიაიძე სამთო მოთხილამურეთა ტრასებზე გამოვლენ, ხოლო ელენე გედევანიშვილი ფიგურულ მოციგურავეთა შორის შეეცდება წინა ორ, ტურინისა და ვანკუვერის ოლიმპიადებზე უკეთესი შედეგი აჩვენოს. თუმცა, სიმართლე ითქვას, მათგან დიდ წარმატებას არავინ ელოდება. ლამის 6 ათეული წელია, ქართველი სპორტსმენები ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობენ და კობა წაქაძის შემდეგ ამერიკული სკვო-ველისა და იაპონური საპოროს ტრამპლინებზე დაკავებულ მე-9 ადგილზე უკეთესი შედეგი დღემდე არავის ჰქონია. ჩვენ უფრო ზაფხულის თამაშების ხალხი ვართ, სადაც 37 მხოლოდ ოქროს მედალი გვაქვს მოპოვებული.
გულახდილები თუ ვიქნებით, ისიც უნდა ითქვას, რომ ზამთრის ოლიმპიადების შესახებ ჩვენში გაცილებით ნაკლები იწერებოდა ჟურნალ-გაზეთებსა და სხვადასხვა გამოცემაში და ჩვენებურმა გულშემატკივრებმაც ნაკლებად იციან ამ ასპარეზობის შესახებ. ამიტომაც გადავწყვიტეთ, ზოგი რამ გაგვეხსენებინა ზამთრის თამაშების ისტორიიდან.
ზამთრის სახეობებში პირველი ოლიმპიური მედლები 1908 წელს, ლონდონის ზაფხულის ოლიმპიადაზე გათამაშდა. ამის გამო პირველი ჩემპიონები ზაფხულის თამაშების გამარჯვებულებად არიან აღიარებულნი. თანამედროვეობის ოლიმპიური თამაშების აღორძინების ინიციატორს, ფრანგ ბარონს, პიერ დე კუბერტენს ოლიმპიადების პროგრამაში ზამთრის სახეობების ჩართვა XX საუკუნის დასაწყისშივე უნდოდა. უფრო მეტიც: კუბერტენმა ზამთრის ოლიმპიადების ჩატარების იდეაც წამოაყენა, მაგრამ მას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, პირველ რიგში - სკანდინავიისა და ალპების მთების მოსაზღვრე ქვეყნები. სკანდინავიელები ოთხ წელიწადში ერთხელ ატარებდნენ "ჩრდილოეთის თამაშებს", რომლებშიც ზამთრის სახეობების ყველა უძლიერესი სპორტსმენი მონაწილეობდა. ამიტომ მსგავსი ასპარეზობების გამართვას საჭიროდ არ მიიჩნევდნენ. შიშობდნენ, რომ ზამთრის ოლიმპიადები "ჩრდილოეთის თამაშების" პრესტიჟს შელახავდა. საბოლოოდ ასეც მოხდა - 1926 წლიდან ეს ასპარეზობები აღარ ტარდება. ალპების მთების მოსაზღვრე ქვეყნებიც თავიანთი კურორტების პრესტიჟზე ზრუნავდნენ. გარდა ამისა, ისინი თავს სამთო თხილამურებისა და ბობსლეის დამფუძნებლებად მიიჩნევდნენ და არც ამის დათმობა სურდათ. იყო კიდევ ერთი არგუმენტი: ზამთრის სახეობებს ისტორიული ფესვები არ ჰქონდა - ძველ საბერძნეთში ამ სახეობებში შეჯიბრებები არ იმართებოდა.
მოწინააღმდეგეების აზრის გაუთვალისწინებლობა არ შეიძლებოდა. ამ ქვეყნების მხარდაჭერის გარეშე არათუ ზამთრის, არამედ ზაფხულის ოლიმპიადების ჩატარებაც შეუძლებელი იქნებოდა. ამის გამო კუბერტენს დიდი ძალისხმევა, გამჭრიახობა და თითქმის ოცწლიანი ბრძოლა დასჭირდა მიზნის მისაღწევად. საბოლოოდ, 1920 წლის ანტვერპენის ზაფხულის VII თამაშების პროგრამაში ჯერ ფიგურული სრიალი და შაიბიანი ჰოკეი შეიტანეს, ხოლო შემდეგ, 1924 წელს, უკვე ზამთრის I ოლიმპიური თამაშები გაიმართა. ოღონდ აქაც ფრანგ ბარონს ცოტა ეშმაკობა დასჭირდა. სწორედ იმ წელს პარიზში ზაფხულის VIII ოლიმპიადა ტარდებოდა. მანამდე კი საფრანგეთის პატარა სოფელ შამონიში გაიმართა ასპარეზობები სახელწოდებით: "პარიზის VIII ოლიმპიადისადმი მიძღვნილი ზამთრის სპორტის კვირეული".
როგორც ხედავთ, სიტყვა "ოლიმპიადა" აქ ნახსენები არ არის, თუმცა საზეიმო გახსნის ცერემონიაზე ასევე საკმაოდ გამჭრიახმა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გასტონ ვიდალმა აღნიშნა: "ასპარეზობები საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პატრონაჟით ტარდება". გარდა ამისა, ზოგიერთ შეჯიბრებაზე ოლიმპიურ სიმბოლიკასაც იყენებდნენ. მაგალითად, ბობსლეისტთა და ტრამპლინიდან მხტომელთა ასპარეზობების დაჯილდოების ცერემონიაზე ოლიმპიური დროშა ფრიალებდა. სწორედ ეს პატარ-პატარა ნიუანსები აღმოჩნდა გადამწყვეტი მოგვიანებით გამართული, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკი) სესიაზე, რათა შამონიში გამართული შეჯიბრებები ოფიციალურად ეღიარებინათ "ზამთრის I ოლიმპიურ თამაშებად".
როგორც მოსალოდნელ იყო, უმეტეს სახეობაში სკანდინავიელებმა გაიმარჯვეს. ფინელმა კლას ტუნბერგმა სულაც, 3 ოქროს მედალი მოიპოვა. თუმცა პირველი ოლიმპიური ჩემპიონი - ამერიკელი ჩარლი ჯუტროუ გახდა. 16 ქვეყნის 300-მდე მონაწილეს შორის, 13 ქალი იყო. ისინი მხოლოდ ფიგურულ ციგურაობაში გამოდიოდნენ. მათ შორის იყო 12 წლის ნორვეგიელი გოგონა - სონია ჰენი, რომელიც შემდგომში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და კინოვარსკვლავი გახდა. მხატვრული ფილმი "მზიური ველის სერენადა", რომელშიც ჰენი მთავარ გმირს თამაშობს, დღესაც ძალზე პოპულარულია მთელ მსოფლიოში. სხვათა შორის, მოკლე ქვედაბოლო სწორედ ამ გოგონას შემოღებულია მოდაში.
რა თქმა უნდა, პირველმა ზამთრის ოლიმპიადამ პიერ დე კუბერტენის ყველა იმედი ვერ გაამართლა. უინტერესო აღმოჩნდა ჰოკეისტთა ტურნირი. კანადელები საკალათბურთო ანგარიშით 30:0, 33:0 ამარცხებდნენ მეტოქეებს. თამაშების მასპინძლებმა, ფრანგებმა მხოლოდ ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ფინანსური თვალსაზრისით კი ოლიმპიადამ სრული კრახი განიცადა. სამაგიეროდ, პატარა ფრანგულმა სოფელმა შამონიმ მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი და ზამთრის სპორტის "გურმანთა" ერთ-ერთი საერთაშორისო ცენტრი გახდა. ყოველწლიურად აქ 50 ათასი ტურისტი ჩადის, თითქმის საუკუნის წინ აშენებული ოლიმპიური ტრამპლინი დღესაც მწყობრშია, სოკ-ის ოლიმპიურ მუზეუმში კი გამორჩეული ადგილი უკავია შამონის ოლიმპიადის დროინდელ სხვადასხვა სპორტულ ექსპონატს.
"თოვლი მხოლოდ სკანდინავიაში როდია", - ასეთი პასუხი გასცა კუბერტენმა თავის ოპონენტებს და აბსოლუტურად მართალიც აღმოჩნდა. 1928 წლის ზამთრის II ოლიმპიურ თამაშებზე შვეიცარიის სანქტ-მორიცში თითქმის ორჯერ მეტი - 500-მდე სპორტსმენი გამოვიდა. აშშ-სა და კანადის დელეგაციებს ამერიკის კონტინენტიდან მექსიკისა და არგენტინის, აზიიდან - იაპონიის, ხოლო ევროპიდან - ბალტიის ქვეყნების ათლეტებიც შეუერთდნენ. თამაშები თავად შვეიცარიის პრეზიდენტმა, ედმუნდ შულტერსმა გახსნა, რაც ხაზს უსვამდა ოლიმპიადის მნიშვნელობას.
სკანდინავიელთა უპირატესობა კვლავ აშკარა იყო. 13-დან 9 ოქროს მედალი მათ დაისაკუთრეს. ფინელმა კლას ტუნბერგმა შამონის 3 ოქროს ჯილდოს კიდევ ორი მიუმატა. სონია ჰენიმ 15 წლისა და 316 დღის ასაკში მოიპოვა თავისი პირველი ტიტული და მთელი 70 წელი ზამთრის თამაშების ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიური ჩემპიონი იყო. მისი თანამემამულე იაკობ ტულინ-ტამსი ტრამპლინიდან იმდენად შორს, 73 მეტრზე გადახტა, რომ კინაღამ შეეწირა ამ რეკორდულ ნახტომს (ტრასა არ იყო გათვალისწინებულ ასეთი შორეული ნახტომისათვის). თამაშების პროგრამაში პირველად შეიტანეს სკელეტონი (ციგაობის სახეობა) და ასევე პირველად, ოქრო-ვერცხლი ამერიკელებმა ძმებმა - ჯენისონ და ჯონ ჰიტონებმა გაიყვეს. ჰოკეიში კვლავ კანადელებმა გაიმარჯვეს.
1932 წლის ზამთრის III თამაშები პირველად ჩატარდა ამერიკის კონტინენტზე, რის გამოც ლეიკ-პლესიდში გასამგზავრებლად ბევრ დელეგაციას არ ეყო თანხა. ოლიმპიადა ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა, ფრანკლინ დელანო რუზველტმა გახსნა, რომელიც მომდევნო წელს აშშ-ის პრეზიდენტი გახდა. სპორტსმენების სახელით ფიცი ამერიკელმა ჯონ შიმ დადო. მანვე მოიპოვა ორი ოქროს მედალი (სხვათა შორის, 1980 წელს, როდესაც ზამთრის თამაშები კვლავ ლეიკ-პლესდში გაიმართა, ჯონ ში ორგკომიტეტის წევრი იყო; მოგვიანებით კი, მისი შვილიშვილიც ოლიმპიური ჩემპიონი გახდა). სონია ჰენის შვიდივე მსაჯმა მიანიჭა პირველობა, ხოლო ამერიკელმა ედი იგენმა, რომელმაც 1920 წელს ანტვერპენის ზაფხულის ოლიმპიადაზე მოკრივეთა ტურნირში გაიმარჯვა, ამჯერად ოქრო ბობსლეისტთა შეჯიბრებაში მოიპოვა. ედი იგენი დღემდე ერთადერთია ამ უნიკალური მიღწევით - ზაფხულის და ზამთრის ოლიმპიადების ჩემპიონობით.
1936 წლის ზამთრის IV თამაშები, რომელიც ორ ბავარიულ სოფელში - გარმიშსა და პარტენკირხენში ჩატარდა, ნაცისტურმა გერმანიამ თავისი ქვეყნის იდეოლოგიის არენად აქცია. ტუალეტებზე წარწერებიც კი გამოაკრეს: "ძაღლებისა და ებრაელებისათვის შესვლა აკრძალულია!" ამან სოკ-ის პრეზიდენტის, ანრი დე ბაიე-ლატურნის აღშფოთება გამოიწვია. "როცა სტადიონზე ოლიმპიური დროშა ფრიალებს, ეს გერმანია არ არის, ეს ოლიმპიაა", - განუცხადა მან ადოლფ ჰიტლერს და აიძულა, ეს წარწერები ჩამოეხსნათ.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ცნობილი სპორტსმენი პროტესტის ნიშნად გერმანიაში არ ჩავიდა, თამაშები მაინც გრანდიოზული გამოვიდა. მასში 28 ქვეყნის 760-მდე ათლეტი მონაწილეობდა. გახსნის ცერემონიას 150 ათასი კაცი დაესწრო, სულ კი ნახევარი მილიონი ბილეთი გაიყიდა. ოლიმპიადის მთავარი სენსაცია კანადელი ჰოკეისტების მარცხი იყო. პირველობისთვის მატჩი მათ 1:2 წააგეს ბრიტანელებთან, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ კუნძულელთა გუნდის 12 წევრიდან 10 წარმოშობით კანადელი იყო.
ბევრი საინტერესო რამ ხდებოდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გამართულ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებშიც. 1952 წლის ოლიმპიადა პირველად ჩატარდა არა რომელიმე ზამთრის საკურორტო სოფელში, არამედ ქვეყნის დედაქალაქში - ოსლოში. ნორვეგიელებმა, რომლებიც თავს სათხილამურო სპორტის სამშობლოდ მიიჩნევენ, ოლიმპიური ცეცხლი ბერძნული ოლიმპიის ნაცვლად, ნორვეგიის პატარა სოფელ მიურგედალში აანთეს, ანუ იქ, სადაც ლეგენდარული მოთხილამურე სონდრ ნორდჰაიმი დაიბადა, მერე კი ჩირაღდანი ოსლოში ჩაიტანეს. მომდევნო ორ ოლიმპიადაზეც იგივე განმეორდა.
საბჭოთა სპორტსმენების დებიუტი ზამთრის თამაშებში 1956 წელს, იტალიურ კორტინა დ"ამპეცოში შედგა. მასპინძლები ჩინებულად მოემზადნენ ამ ასპარეზობისთვის. სპეციალურად ოლიმპიადისთვის აშენებული ოთხიარუსიანი სტადიონი და ტრამპლინი ამ დროისათვის საუკეთესო იყო მსოფლიოში. 32 ქვეყნის 900-ზე მეტი სპორტსმენის პაექრობას პირველად გადასცემდნენ ტელევიზიით. ყველაზე მეტი - 7 ოქროს, 3 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი საბჭოთა კავშირის გუნდმა მოიპოვა. თუმცა თამაშების გმირად ავსტრიელი სამთო მოთხილამურე, ტონი ზალერი აღიარეს, რომელმაც სამივე დისციპლინაში გაიმარჯვა. ჰოკეისტთა ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში საბჭოთა ნაკრებმა 2:0 დაამარცხა კანადის გუნდი და პირველობა მოიპოვა. საინტერესოა, რომ გამარჯვებულთა კაპიტანი - ვსევოლოდ ბობროვი 1952 წლის ჰელსინკის ზაფხულის ოლიმპიადაზე საბჭოთა ფეხბურთელთა ნაკრების კაპიტანიც იყო. ესეც უნიკალური შემთხვევაა.
ტრამპლინიდან ხტომაში ფინელებმა ყველას აჯობეს ახალი აეროდინამიკური სტილის წყალობით: წინ გაშვერილი ხელების ნაცვლად, ისინი გვერდებზე მიტყუპებული ხელებით ხტებოდნენ. ამ ოლიმპიადაზე ზამთრის თამაშებში ქართველთა დებიუტიც შედგა. კობა წაქაძემ 30-ე ადგილი დაიკავა. შემდგომში მან კიდევ სამ ოლიმპიადაზე იასპარეზა და, როგორც ვთქვით, ორჯერ გავიდა მე-9 ადგილზე. ეს საუკეთესო შედეგია ჩვენი სპორტსმენებისთვის.
დამოუკიდებელი საქართველოს დებიუტი ზამთრის თამაშებში 1994 წელს ნორვეგიაში, ლილეჰამერში შედგა. პირველად სწორედ მაშინ ჩატარდა ზამთრის ოლიმპიადა არაოლიმპიურ წელს. ამით სოკ-ს სურდა, კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა მიენიჭებინა ზამთრის თამაშებისთვის. XVII ოლიმპიადა ნორვეგიის მეფემ და სამი ოლიმპიადის მონაწილემ ჰარალდ V-მ გახსნა. ამ თამაშებში პირველად მონაწილეობდა 14 ქვეყანა და მათ შორის იყო 5 ქართველი სპორტსმენი: კახა ვახტანგიშვილი (მედროშე), ზურაბ ჯიჯიშვილი, კახა წაქაძე, ლევან თიბილოვი და ლევან აბრამიშვილი. ამ ხუთეულიდან საუკეთესო შედეგს - მე-17 ადგილს ციგაობაში ვახტანგიშვილმა და თიბილოვმა მიაღწიეს.
ეს შედეგი ოთხი წლის შემდეგ იაპონიის ნაგანოში ჯიჯიშვილმა გააუმჯობესა. სამთო კომბინაციაში მან მე-14 ადგილი დაიკავა. 2008 წელს კი, იტალიაში, ტურინის XX ოლიმპიურ თამაშებზე ელენე გედევანიშვილი ფიგურულ ციგურაობაში საუკეთესოთა ათეულში შევიდა.
დღევანდელი ჩვენი ოლიმპიელებიდან ყველაზე გამოცდილები - ელენე გედევანიშვილი და იასონ აბრამიშვილი არიან. ეს მათთვის მესამე თამაშებია. ნინო წიკლაური კანადის ვანკუვერის თამაშების მონაწილეა, ხოლო ალექსი ბენიანიძისათვის მომავალი ოლიმპიადა სადებიუტო იქნება.
როგორც სოჭის ოლიმპიადის ორგანიზატორები ირწმუნებიან, ეს იქნება ყველაზე ინოვაციური თამაშები, რომლისთვისაც სპეციალურად აიგო 11 ახალი სპორტული ობიექტი. მასპინძლები 80-ზე მეტი ქვეყნის დელეგაციასა და 6 ათასამდე მათ წევრს ელიან. 17 დღის განმავლობაში მედლების 98 კომპლექტი გათამაშდება. როგორც ვთქვით, სოჭის XXII ზამთრის ოლიმპიური თამაშები 7 თებერვალს დაიწყება და 23 თებერვლამდე გაგრძელდება.
გოგი ფრანგიშვილი
(გამოდის ხუთშაბათობით)