ჩოხატაურში, "ჩოხატაურის სპორტკომპლექსის" უფუნქციოდ დარჩენილ შენობაში უსახლკარო ოჯახი პირველად 22 წლის წინ შევიდა. დღეს იქ 7 ოჯახი ცხოვრობს. ყველა მათგანი სოციალურად დაუცველია.
შენობის სახურავი 3 წლის წინ სტიქიის შედეგად დაზიანდა და მას შემდეგ წყალი ჩადის. აქ არც სასმელი წყალი და გაზია, გასათბობად შეშას კი მდინარის პირზე, ან ახლო-მახლო ტერიტორიაზე ეძებენ. ყველა ოჯახი უკიდურეს გაჭირვებასა და გაუსაძლის პირობებზე საუბრობს. ისინი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
"ამას თუ ცხოვრება ჰქვია, ვცხოვრობთ. სხვაგან არ გვაქვს წასასვლელი, თორემ აქ როგორ იცხოვრება? არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. ალბათ, აქ მცხოვრებლები ადამიანებად არ მივაჩნივართ. არაფერს ვითხოვთ, გარდა იმისა, რომ სახურავი მაინც შეაკეთონ", - ამბობს ლუიზა ყარაჯაშვილი, რომელსაც უამრავი დიპლომი და სიგელი საგულდაგულოდ აქვს შენახული - ცდილობს, წვიმამ არ დაუსველოს.
აქ მცხოვრები ადამიანების თქმით, დაბის რწმუნებული, გოჩა ჯინჭარაძე ერთადერთი ადამიანია, ვინც მათი ამბით ინტერესდება. "ბევრჯერ ჯიბის ფულით დაგვხმარებია", - ამბობენ ისინი. იმედს იტოვებენ, რომ იქ, "ზემოთ", თბილ სავარძლებში მოკალათებული ადამიანები ერთ დღეს მათი ბედითაც დაინტერესდებიან და დროებით საცხოვრებელში, ყოველი წვიმის დროს, საწოლების გადაადგილება, დასველების თავიდან ასაცილებლად მაინც აღარ გახდება საჭირო.