ჰოლივუდში განსაკუთრებულ ტექნიკას იყენებენ, რომელიც მსახიობებს საშუალებას აძლევს, ეკრანზე გაცილებით გამხდრები და მაღლები ჩანდნენ, ვიდრე ცხოვრებაში არიან. ეს ტექნიკა, რომელსაც "ციფრული ოპერაცია" (digital surgery) დაარქვეს, პროგრამა Photoshop-ის კინემატოგრაფიულ ანალოგს წარმოადგენს და მას ფილმებსა და ტელეშოუებში იყენებენ.
როგორც ბრიტანულ გამოცემა The Daily Mail-ს კომპანია Hoax Films-ის თანამშრომელმა შეატყობინა, "ციფრული ოპერაციების" წყალობით, კინემატოგრაფისტები მსახიობების სხეულის ფორმას ცვლიან და მათი სახიდან ნაოჭებსა და დეფექტებს აცილებენ.
ასეთი ტექნიკის არსებობაში ჟურნალისტები მას შემდეგ დაეჭვდნენ, რაც ბრიტნი სპირსის ლას-ვეგასის შოუზე დოკუმენტური ფილმი ნახეს, სადაც 32 წლის ორი შვილის დედა გაცილებით უფრო დახვეწილად გამოიყურება, ვიდრე ცხოვრებაში და საკუთარი რეალურ სიმაღლეზე 7,5 სმ-ით მაღალი ჩანს.
კომპანია Lola Visual Effects, რომელიც ფილმების "უოლ-სტრიტის მგელი" და "უოლტერ მიტის წარმოუდგენელი ცხოვრების" შემქმნელია, ამ ტექნიკას იყენებდა, წერს გამოცემა ერთ-ერთ პროდუსერზე დაყრდნობით. ინფორმატორი გამოცემას მოუყვა, რომ ტექნიკა "მრუდე სარკესავით" მუშაობს, ნივთებს ათხელებს და აგრძელებს.
ჟურნალისტური გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა ავსტრალიელმა ბლოგერმა აღნიშნა, რომ მსახიობი მარგო რობი ფილმ "უოლ-სტრიტის მგელის" ერთ-ერთ ცენტრალურ სცენაში "არარეალურად მაღალია".
სტატიაში ნათქვამია, რომ 23 წლის მსახიობმა "ციფრული ოპერაციის" გამოყენებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა - ის ქალებზე ზეწოლას ახდენს და მათ რეალურ ცხოვრებაში არარსებული იდეალური პროპორციების მიღწევას აიძულებს.
მომზადებულია The Daily Mail-ს მიხედვით.