რა რაოდენობით ნავთობი და გაზი მოიპოვება საქართველოში დღეს და რა პერსპექტივები არსებობს სამომავლოდ? - ამ საკითხზე გაზის და ნავთობის კორპორაციის ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებების დეპარტამენტის ექსპერტი, გეოლოგი სოსო ღუდუშაური გვესაუბრება:
- შეგნებულად თუ შეუგნებლად, წინა ხელისუფლების პერიოდში მუდმივად იმაზე იყო ლაპარაკი, რომ საქართველოში ნავთობი და გაზი არ არის, რაც არასწორია. ფაქტია, რომ საქართველოში დღეს 16 საბადოა, მათ შორის, 15 ნავთობის და ერთი - გაზის. ნავთობის მოპოვება ჩვენში გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან იწყება და დღეისათვის მთლიანად 28 მილიონი ტონა ნავთობი და სამ მილიარდ კუბ.მეტრზე მეტი გაზია მოპოვებული. ეს ციფრები მეტყველებს, არის თუ არა საქართველოში ნავთობი და გაზი. მთავარი კითხვაა, შეუძლია თუ არა ამ დარგს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა ქვეყნის ეკონომიკაზე? ამ თვალსაზრისით ნავთობის მოპოვების ოქროს ხანა 1970-იანი წლების ბოლო და 80-იანი წლების დასაწყისი იყო, როცა თბილისის გარეუბანში - სამგორში, სართიჭალაში აღმოაჩინეს ნავთობის მაღალდებიტიანი, მდიდარი საბადოები. მაშინ წლიურად 3 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობი მოიპოვებოდა, რაც პატარა ქვეყნისთვის საკმაოდ ბევრია. დღევანდელი ფასით თუ დავიანგარიშებთ, ტონა ნავთობი დაახლოებით 700 დოლარი ღირს, შემოსავალი საკმაოდ დიდი იყო... შემდეგ, რთული პოლიტიკური პროცესების შედეგად, სისტემა, რომელიც საბადოების აღმოჩენას და ამოქმედებას უწყობდა ხელს, მთლიანად მოიშალა, "მხედრიონის" პერიოდში ნავთობის საბადოებიდან დატაცებაც კი ხდებოდა... ახალი სისტემის, კანონმდებლობის შექმნამ, ფინანსების ძიებამ დიდხანს გასტანა, ჩამოყალიბდა ისეთი მიდგომა, რომ ამ დარგში ძირითადად უცხოური ინვესტიციებით უნდა წარმართულიყო საქმიანობა. ამჟამად საქართველოს ტერიტორია რამდენიმე სალიცენზიო ბლოკად არის დაყოფილი, რომლებიც 25-წლიანი ხელშეკრულებით გადაეცა რამდენიმე უცხოურ და ერთ ქართულ კომპანიას. ეს 7-8 კომპანია აწარმოებს ნავთობის მოპოვებას ჩვენ მიერ ადრე აღმოჩენილ საბადოებზე და ცდილობენ, ახალი საბადოები აღმოაჩინონ, ტარდება სეისმოძიება (პროგნოზირება სიღრმეში, თუ რომელ უბანზე შეიძლება ველოდოთ საბადოს არსებობას) და ძებნა-ძიებითი ბურღვა. ორ და სამგანზომილებიანი სეისმოძიებების საფუძველზე საქართველოს მასშტაბით ახლა მონიშნულია დაახლოებით 40 უბანი, სადაც შეიძლება იყოს ნავთობის საბადო.
- კონკრეტულად სად მიმდინარეობს ნავთობის საძიებო სამუშაოები?
- ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოში, გარე კახეთში, თბილისისპირა რაიონებში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შავ ზღვაში, საქართველოს კუთვნილ შავი ზღვის შელფში.
- ამბობენ, რომ საქართველო შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან ერთადერთია, რომელიც შავ ზღვაში ნავთობის საძიებო სამუშაოში არ მონაწილეობს. ზოგი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ძალზე ძვირად ღირებული "სიამოვნებაა"...
- ამერიკულმა ნავთობკომპანია "ანადარკომ" შავ ზღვაში ფართო სეისმოძიება ჩაატარა, ლაპარაკია ფოთის განედის სამხრეთით, სამეგრელოსა და აჭარის მიმდებარე ზღვის ნაწილზე (აფხაზეთის აკვატორიას ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ), გამოვლენილია რამდენიმე უბანი, სადაც დიდი ალბათობით არის საბადოები. ორ უბანზე ამერიკულმა კომპანიამ მონიშნა კიდეც ადგილი, სად უნდა გაებურღა ჭაბურღილი. მოხდა ისე, რომ ამ დროისათვის, 2008 წლისთვის, კომპანიას ე.წ. ძებნა-ძიების ფაზა უსრულდებოდა. საერთოდ, ზღვაში ნავთობის ძებნა, განსაკუთრებით ბურღვა, ძალზე ძვირია, ერთი საძიებო ჭაბურღილი ზღვაში დაახლოებით 100-დან 150 მილიონამდე ჯდება, მაშინ როცა ხმელეთზე დანახარჯი სულ 10 მილიონამდეა. ამასთანავე, რისკი, რომ ნავთობი შეიძლება არ აღმოჩნდეს, ძალზე მაღალია - აღმოჩენის ალბათობა 20-25 პროცენტს არ აჭარბებს, ანუ ფული შეიძლება ჰაერში გადაყრილი აღმოჩნდეს. ნავთობმოპოვებაში ასეა, თუმცა, როგორც ამბობენ, ვინც არ რისკავს, ვერც შამპანურს სვამს... კომპანია "ანადარკომ" გვითხრა, რომ ასეთ რისკს მარტო ვერ გასწევდა, ვერც პარტნიორი მონახა და ლიცენზიის გაგრძელებაზეც სახელმწიფომ უარი უთხრა. ამჟამად საქართველოს კუთვნილ შავი ზღვის სალიცენზიო ბლოკებზე სამუშაოები არ მიმდინარეობს, ახლა დღის წესრიგშია ტენდერის ჩატარება, ამ ტერიტორიაზე ახალი კომპანიები უნდა შემოვიდნენ... ჩვენში წელიწადში დაახლოებით 50 000 ტონა ნავთობი და 8-10 მილიონი კუბ.მეტრი გაზი მოიპოვება, ხოლო მოხმარება შესაბამისად, ნავთობპროდუქტების მილიონ ტონაზე მეტია, ბუნებრივი აირის - მილიარდ 800 მილიონი კუბური მეტრი, თუმცა, შესწავლის სხვადასხვა ეტაპზე ფასდება რესურსების რაოდენობა და იმ 40 უბანზე, სადაც მივიჩნევთ, რომ შესაძლოა საბადოები იყოს, ნავთობის რესურსის რაოდენობა დაახლოებით 680 მილიონი ტონაა, ხოლო ბუნებრივი აირის - 150 მილიარდი კუბ. მეტრი. ყველაზე მეტი ალბათობა კომერციული საბადოების აღმოჩენისა თბილისთან ახლოს და შავ ზღვაშია. რაც შეეხება ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას, როგორ შეიძლება ასეთი ქარხანა არ იყოს საქართველოში, რომელიც სატრანზიტო ქვეყანაა და სადაც ამდენი ნავთობსადენი გადის? ეს გარკვეულწილად, ნავთობროდუქტებს, ბენზინს გააიაფებს, რადგან ტრანსპორტირების ხარჯი საბოლოოდ გასაყიდ ფასზე აისახება, ახალი სამუშაო ადგილებიც შეიქმნება.
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)ნინო კვიტაშვილი