სოჭის ოლიმპიადის ოფიციალურ ინგლისურენოვან ვებგვერდზე გალი რუსეთის ტერიტორიად არის მოხსენიებული. მოთხილამურე მარიკა პერტახიას მონაცემებში, დაბადების ადგილად მითითებულია რუსეთი, გალი. იქვე განმარტების სახით ასევე აღნიშნულია: აფხაზეთის რესპუბლიკის გალის რაიონი.
მარიკა პერტახია 21 წლის სპორტსმენია. ის ოლიმპიადაზე რუსეთის სახელით ასპარეზობს. საცხოვრებელ ადგილად კრასნოიარსკია მითითებული.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი ვებგვერდზე არსებულ "შეცდომასთან" დაკავშირებით საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს საქმის კურსში ჩააყენებს.
საგარეო უწყების განმარტებით, ქართული დელეგაცია სოჭშივე ეცდება დღის განმავლობაში დაუკავშირდეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტს.
"გუშინ, საღამოს, შევატყობინეთ აღნიშნული ინფორმაცია. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი დღის განმავლობაში ეცდება დაუკავშირდეს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს. ვიმედოვნებთ, მაქსიმალურად მალე აღმოიფხვრება პრობლემა", - განაცხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მომზადებულია "ინტერპრესნიუსი"-ის მიხედვით