ბოლო 9 წლის განმავლობაში, თბილისსა და ზოგადად საქართველოს, არაერთი ახალი ობიექტი შეემატა. ყველა ახალი შენობის, ხიდისა და სხვა ნაგებობების მშენებლობას, საზოგადოების დიდი აქტიურობა, კრიტიკა და ხშირ შემთხვევაში, აქციებიც ახლდა. თუმცა, ქალაქს ახალი ობიექტები მაინც ემატებოდა. ბოლო წლებში განსაკუთრებული ინტერესი შეინიშნებოდა თბილისის მიმართ. კითხვა - სჭირდება თუ არა ქალაქს ეს ობიექტები, - კვლავაც აქტუალური რჩება.
ბოლო რამდენიმე თვეა, საზოგადოების ყურადღება ვაკის პარკისკენაა მიმართული, სადაც სასტუმროს მშენებლობა იგეგმება და როგორც მერია ამბობს, - პროექტი უკვე დამტკიცებულია.
ასევე, ქალაქის ხელმძღვანელობის ინიციატივით, თბილისის შემოსასვლელთან, "ვეფხვისა და მოყმის" ძეგლთან, კიდევ ერთი ხიდი აიგება, რომელიც საბურთალოს დიდუბესთან დააკავშირებს...
არქიტექტორ გიგა ბათიაშვილის თქმით, ასეთი ქაოსური მშენებლობების მიზეზი ის არის, რომ არ არსებობს ქალაქის სრულყოფის გენერალური გეგმა, - ქალაქის კონსტიტუცია. მნიშვნელოვანი საკითხები სპეციალისტების ჩარევის გარეშე, პირადი მოსაზრებებით წყდება...
- თბილისის შემოსასვლელთან კიდევ ერთი ხიდის აშენება იგეგმება, რასაც საზოგადოების აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. სჭირდება თუ არა კიდევ ერთი ხიდი ქალაქს?...
- ნებისმიერი სიახლე, არქიტექტურულ კონსტიტუციაზე ანუ ქალაქის გენერალურ გეგმაზე დაყრდნობით უნდა გადაწყდეს. გენერალური გეგმა არის ის დოკუმენტი, რომელიც ქალაქის ხელმძღვანელობას სწორი განვითარებისთვის სჭირდება. ამ ხნის განმავლობაში, ყველა გადაწყვეტილება ხელმძღვანელობის სუბიექტური შეხედულებებით იყო მიღებული... რაც შეეხება ობიექტებს, - ალბათ უხერხულია იმაზე ლაპარაკი, სჭირდება თუ არა კიდევ ერთი ხიდი ქალაქს - რაც მეტი ხიდი იქნება, მით უკეთესი, მით უფრო, ისეთი გეოგრაფიისა და რელიეფის მქონე ქალაქში, როგორიც თბილისია, მაგრამ მთავარია, როგორც ხიდის, ისე სხვა ობიექტის აშენების ადგილი სწორად განვსაზღვროთ. მტკვრის ორივე მხარეს, დაახლოებით 40 კილომეტრის მანძილზე ერთმანეთს სულ 10 ხიდი აკავშირებს... როგორ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი? - გმირთა მოედანზე აშენებული ესტაკადები, რომელშიც უამრავი ფული ჩაიყარა, "გმირულად" და ხარისხიანად აშენდა, მაგრამ ის ფუნქცია, რომელიც უნდა ჰქონოდა, არ აქვს და ვერც ექნებოდა... იმ ადგილას ხიდი უნდა აშენებულიყო. ესტაკადებმა კი, სანაპიროს ყელი შეავიწროვა. შედეგად კი, არა მარტო პიკის საათებში, მთელი დღის განმავლობაში, იმ ადგილიდან გალაკტიონის ხიდამდე მუდმივი საცობია. ხიდის აშენების შემთხვევაში, ორივე სანაპიროზე ცალმხრივი მოძრაობა იქნებოდა, რაც პრობლემას მოგვიხსნიდა. მერე ყველა ახალი ხიდი სტაბილურ სიტუაციას შექმნიდა, მათ შორის იქაც, სადაც ახლა აპირებენ, მაგრამ ხიდის იმ ადგილას აშენება, რომელმაც საბურთალო და დიდუბე უნდა დააკავშიროს, ვერაფერს შეცვლის.
- თბილისის მოსახლეობას აშფოთებს ვაკის პარკთან სასტუმროს აშენების საკითხი... რა ზიანს მოუტანს ქალაქს ეს მშენებლობა?
- ეს პრობლემაც, ისევ და ისევ, გენერალური გეგმის არარსებობას უკავშირდება, თუმცა მის გარეშეც შეიძლებოდა სწორი გადაწყვეტილების მიღება. პარკი არის ქალაქის ფილტვი და იქ ნაგებობის აშენება დაუშვებელია. წინა ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე დადებით საქმედ, შეიძლება თბილისის გამწვანება ჩავთვალოთ. საბჭოთა კავშირის დროს, მასობრივი გამწვანება დაიწყო, რადგან თბილისის ტიპის ქალაქისთვის ეს აუცილებელია. სარეკრეაციო ზონაში სასტუმროს აშენება, რბილად რომ ვთქვათ, დანაშაულია, რადგან პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ვაკის პარკი ორად გაიყოფა, - გზა კუს ტბის ქვედა ტერასიდან შემოვა და აბაშიძის ქუჩამდე გავა. შედეგად კი, იქ მისული ადამიანები მშვიდად ვერ ისხდებიან. კიდევ ერთი, - თბილისში ნიადაგი ძირითადად თიხნარია, თიხის მტვერი დგას და ჰაერის ფილტრაციას სწორედ მწვანე საფარი ახდენს. იქ ობიექტის აშენება მხოლოდ ქალაქის ვიზუალურ ნაწილს კი არა, მოსახლეობასაც დააზარალებს...
- ბატონო გიგა, საინტერესოა თქვენი, როგორც ავტორის მოსაზრება, ყოფილი პრეზიდენტის ყოფილ რეზიდენციასთან დაკავშირებით. ახალმა პრეზიდენტმა იქ შესვლაზე უარი თქვა და მისი უნივერსიტეტად გადაკეთება გადაწყვიტეს... რას ფიქრობთ ამაზე?
- ამ შემთხვევაში მას მხოლოდ ავტორის პოზიციიდან არ განვიხილავ. ჯერ კიდევ 80-იანი წლების მიწურულს, იქ "საქართველოს სახლის" აშენება მინდოდა და ქალაქის ხელმძღვანელობამაც მხარი დამიჭირა. ეს იქნებოდა ცენტრი, სადაც ქვეყნის ერის სულიერი და მატერიალური ფასეულობები იქნებოდა თავმოყრილი, - ხელნაწერთა საცავები, მხატვრული და არქეოლოგიური ნამუშევრები, ყველაფერი, რისი აღქმაც ვიზუალურად, ყურთასმენით, გულითა და გონებით იქნება შესაძლებელი... რეზიდენციის შენობა გარედან პრაქტიკულად დასრულებული იყო, როდესაც გარკვეული მიზეზების გამო, საავტორო ზედამხედველობის გაწევა ამიკრძალეს. მალე იტალიელი დიზაინერი ჩამოიყვანეს, რომელმაც შიგნიდან გუმბათში პანდუსი მოაწყო... რაიხსტაგსაც ჰქონდა გუმბათი, რომლის ქვეშაც პანდუსია გაკეთებული, რომლის საშუალებითაც შენობიდან ხელისგულივით მოჩანს მთელი ბერლინი, მაგრამ თბილისს ეს პრობლემა არ აქვს. ფუნიკულორიც გვაქვს, ნარიყალაც და მეტეხიც, საიდანაც მთელი თბილისის დანახვა შეიძლება. რეზიდენციიდანაც საოცარი ხედები მოჩანს... პრეზიდენტი ქვეყნის სიმბოლოა, რეზიდენციაც ის ადგილია, საიდანაც პირველი პირი ქვეყანას უნდა მართავდეს და მაღალი რანგის სტუმრებს იღებდეს.
- სასწავლებლისთვის რამდენად მისაღებია ის შენობა?
- არ ვეთანხმები მის უნივერსიტეტად გადაკეთებას, იმიტომ, რომ მისი უნივერსიტეტისთვის შესაფერის შენობად გადაკეთება, სხვადასხვა მიზეზის გამო, თითქმის შეუძლებელია, - შიგნით ძალიან ცოტა ფართობია, სულ რაღაც 60 მეტრი აქვს სიგრძე, მაგრამ ისეა დაპროექტებული, რომ გარედან გრანდიოზულის შთაბეჭდილებას ტოვებს... გარდა ამისა, უნივერსიტეტში აუდიტორიებია საჭირო, ლექციების ჩასატარებლად. სასწავლო პროცესისთვის ამ შენობის "ანატომია" გამოუსადეგარია. ამასთან, რა სატრანსპორტო ცვლილებებიც უნდა განხორციელდეს იმ ზონაში, მისი ადგილმდებარეობის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ვერ მოგვარდება. სწორედ ეს გახლდათ, იმ ადგილზე რეზიდენციის აშენების ერთ-ერთი მიზეზი, - ადგილი შთამბეჭდავია და გარდა ამისა, ისეთი მდებარეობა არ აქვს, რომ ბაზარივით ყველას უწევდეს გავლა. უნივერსიტეტი კი, სწორედ იმ ადგილას უნდა მდებარეობდეს, რომელიც სტუდენტებისა და ლექტორებისთვის მიუდგომელი არ იქნება... ასე რომ, კიდევაც რომ დამავალონ მისი გაკეთება, ვერ და არ გავაკეთებ.
- პარლამენტის შენობაზეც გკითხავთ, რომელზეც უმრავლესობას, უმცირესობასა და საზოგადოებას თავ-თავიანთი სიმართლე აქვთ...
- მესმის ქუთაისელების წუხილი, პარლამენტის თბილისში დაბრუნების თაობაზე. ამით ქალაქს პრესტიჟი აკლდება. ამ ქალაქმა ქართული კულტურული მემკვიდრეობის შექმნაში უდიდესი როლი ითამაშა... ქუთაისსა და ზოგადად, საქართველოს, ორი საგანმანათლებლო ცენტრი სჭირდება და კარგი იქნება, თუ ქუთაისი მეორე საუნივერსიტეტო ცენტრი გახდება. ამ ქალაქში, განათლების მიღების მსურველი და განათლებული კონტინგენტი უნდა იყოს თავმოყრილი. ამ შემთხვევაში, ქუთაისელებიც არ დაიჩივლებენ, - პარლამენტის გარეშე, ქალაქი დაცარიელდებაო...
- რაც შეეხება თვით პარლამენტის ახალ შენობას...
- იმ ადგილას პარლამენტის შენობის არსებობა, სადაც ვანდალური აქტი მოხდა, ამორალურია, - წინა ხელისუფლებამ იქ ქართველ გმირთა მემორიალი დაანგრია, რასაც მაშინ დედა-შვილის სიცოცხლე შეეწირა... შენობის გაუმართაობასა და სხვა საკითხებზე რომ არაფერი ვთქვათ, უბრალოდ, ამორალურია იმ ადგილიდან ქვეყნის მართვა, სადაც ტრაგედია მოხდა.
- ძველი პარლამენტის ადგილასაც არის იუნკრების საფლავი...
- დიახ, ეს ბევრჯერ თქმულა, მაგრამ ასე არ არის. იქ "სობორო", რუსების სამხედრო დიდი ტაძარი იყო აშენებული. იმ ტაძრის ეზოშია დასაფლავებული რუსი გენერალი გრიაზნოვი, რომელიც ეტლში მჯდომი ააფეთქეს და უთავოდ დაკრძალეს. იუნკრების საფლავის იქ არსებობის ალბათობა, თითქმის არ არსებობს. ქუთაისის პარლამენტის შენობა უნდა მოწესრიგდეს, რაღაცები რომ ცვივა, დასრულდეს. არ ვიცი, საზოგადოებამ იცის თუ არა, რომ ჯერჯერობით, ექსპლუატაციაში არ არის გადაცემული. დასრულების შემდეგ კი, თუ ქუთაისს საუნივერსიტეტო ქალაქის ფუნქცია მიენიჭება, ის შენობა საერთაშორისო მასშტაბის საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, საკონცერტო, საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზებისთვის შესანიშნავი ადგილია.
ლალი პაპასკირი
(გამოდის ხუთშაბათობით)