ძლიერი ყინვით ყველაზე მეტად საყოფაცხოვრებო ტექნიკის ხელოსნებმა იხეირეს. ბოლო რამდენიმე დღეა, ისინი შეკვეთებს ვერ აუდიან. ტემპერატურის ვარდნამ დედაქალაქში წყლის გამაცხელებლების და ზოგადად სანტექნიკის მასშტაბური დაზიანება გამოიწვია. ხელოსნების ინფორმაციით, შეკვეთამ იმატა, რის გამოც დაძაბულ რეჟიმში უწევთ მუშაობა და თავისუფალი დრო თითქმის არ რჩებათ.
თავის მხრივ, საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაზიანებას ტექნიკის მაღაზიებში ამ ნაწარმზე მოთხოვნის ზრდაც მოჰყვა. ელიავას ბაზრობის მოვაჭრეების თქმით, წყლის გამაცხელებლებზე მოთხოვნამ იმატა, თუმცა მას ფასზე გავლენა არ მოუხდენია.
სამაგიეროდ, გაძვირდა ხელოსნის მომსახურების საფასური. ამჟამად თბილისში 10-დან 8-9 გამოძახება წყლის გამაცხელებლებზე მოდის. ტექნიკის შემკეთებელმა კომპანიებმა ფასი მეტ-ნაკლებად შეინარჩუნეს, თუმცა კერძო ხელოსნების უმეტესობამ მომსახურების ღირებულება გაზარდა, რასაც მომხმარებლებიც ადასტურებენ.
საყოფაცხოვრებო ტექნიკის ხელოსანი, რომელსაც დღის განმავლობაში ხშირად ერთი შეკვეთაც არ ჰქონდა, ამბობს, რომ საქმეს ვერ აუდის.
გიორგი რიკაძე ორ ათეულ წელიწადზე მეტია, კერძო ოსტატია. მისი თქმით, შეკვეთამ საოცრად იმატა და ყველაზე მეტი საქმე ახლა გამოუჩნდა.
"ძლიერ ყინვას წყლის გამაცხელებლების დაზიანება მოჰყვა. მსგავსი შემთხვევა დედაქალაქის მასშტაბით ძალიან ბევრია. არა მარტო გამაცხელებლები, ხალხს ცენტრალური გათბობაც დაუზიანდა. სადაც შეკეთება შესაძლებელია, ვაკეთებთ, თუმცა ზოგიერთი ახლის შეძენას ცდილობს.
ხალხს შიში აქვს, რომ შეკეთებული ტექნიკა, შესაძლოა, მალევე გაუფუჭდეს ან საშიში იყოს. სინამდვილეში ასე არ არის. ხარისხიანად შეკეთებული, წყლის გამაცხელებელია თუ ნებისმიერი სხვა ტექნიკა, უსაფრთხოა. 2 თებერვლიდან მოყოლებული, 20 შეკვეთაზე მეტი მივიღე. რამდენიმე ჩემს კოლეგას უფრო დატვირთულ რეჟიმშიც უწევს მუშაობა", - ამბობს გიორგი რიკაძე.
"ახლა ისეთი პერიოდია, რომ კარგ ხელოსანს საქმე არ დაელევა. დღეში 2 შეკვეთას თუ ძლივს ვიღებდით, 4-5 დღის განმავლობაში თითო ხელოსანმა 50-ზე მეტი შეკვეთა მიიღო. თბილისის მასშტაბით, თითქმის არ არის არც ერთი კორპუსი, სადაც წყლის გამაცხელებლებთან დაკავშირებით, პრობლემა არ შექმნოდათ. მათი უმეტესობა ტექნიკის შეკეთებაზე გვთანხმდება, ზოგიც ახალს ამონტაჟებს. ნებისმიერ შემთხვევაში, საქმე ჩვენი გასაკეთებელია. მომსახურების ღირებულება 20 ლარიდან იწყება და 60 ლარს აღწევს, ხელობის სირთულის შესაბამისად", - ამბობს ზაზა წულაია, კერძო ხელოსანი.
მოთხოვნის ზრდაზე საუბრობენ კომპანია "მისტერ მასტერშიც". კომპანია მომხმარებელს სანტექნიკის მომსახურებას, კანალიზაციის შეკეთებას, კონდენცირება-გათბობის მონტაჟს, უნივერსალურ სამუშაოებსა და საკეტების დაყვენებას სთავაზობს.
"მისტერ მასტერის" თანამშრომლის თქმით, მთელი კვირის განმავლობაში მოთხოვნა დიდი იყო. რაც შეეხება მომსახურების საფასურს, არ შეცვლილა და ამ ეტაპზეც 35 ლარს შეადგენს.
ბოლო ერთი კვირა აქტიურია ელიავას ბაზრობის მოვაჭრეებისთვისაც. განსაკუთრებით კი იმ სეგმენტისთვის, რომელიც წყლისა და ელექტროგამაცხელებლებზე მუშაობს.
მოვაჭრეების ინფორმაციით, გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, ტექნიკა არ გაძვირებულა და ამ მხრივ ცვლილებებს უახლოესი პერიოდის განმავლობაში არ გეგმავენ.
"დიდი ხანია, ასე ნაყოფიერად არ გვიმუშავია. დატვირთული კვირა გვაქვს. მართალია, ტემპერატურამ აიწია და ამინდი ცოტათი გაუმჯობესდა, ხალხი მაინც გვაკითხავს. 2-3 დღის წინ წყლის გამაცხელებლებზე დიდი მოთხოვნა იყო. ახლა ელექტროგამაცხელებლებიც დაემატა.
ხალხი შიშობს, რომ ძლიერი ყინვა განმეორდება და წინასწარ თადარიგს იჭერს. უფრო ეკონომიურ გამათბობლებს ყიდულობენ, რომლის ღირებულება 5 ლარიდან 150 ლარამდე მერყეობს. წყლის გამაცხელებლები 120 ლარიდან 300 ლარამდე ღირს. ტექნიკა არ გაგვიძვირებია და მსგავს ცვლილებებზე არც ვფიქრობთ, თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა არ იქნება", - ამბობს ვახო კვარაცხელია, ელიავას ბაზრობის მოვაჭრე.
საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაზიანების შემთხვევებზე საუბრობენ დაზარალებულები, რომელთა თქმითაც ხელოსნების მომსახურების ფასი თითქმის გაორმაგდა.
თბილისში, ვაკეში მცხოვრები ლელა აბულაშვილი ამბობს, რომ გაზის გამაცხელებლის შეკეთება, რომელიც ჩვეულებრივ 50 ლარი ღირს, 80 ლარი დაუჯდა, რაც ხელოსნებზე მოთხოვნის ზრდით იყო გამოწვეული.
"მიუხედავად იმისა, რომ ყინვისთვის წინასწარ მოვემზადე და ქართველი სინოპტიკოსების პროგოზი გავითვალისწინე, მაინც დავზარალდი. გამიფუჭდა გამაცხელებელი და როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ეს გამოწვეული იყო წყლის მიწოდების შეწყვეტით. 5 თებერვალს დილაადრიან მთელი ერთი დღით გადაიკეტა წყალი. როგორც ხელოსნებმა თქვეს, წყალი რომ ყოფილიყო, დაზიანება ასე მასშტაბური არ იქნებოდა.
გაფუჭებული ტექნიკის შეკეთება, სულ მცირე, 80 ლარი დამიჯდა. ვერ დავიჩემებ, რომ ხელოსნებმა ამით ისარგებლეს, მაგრამ ფაქტია, რომ მათი მომსახურების ღირებულება თითქმის გაორმაგდა. მიუხედავად იმისა, რომ ნაცნობი ხელოსანი მყავს, 2 დღის დაგვიანებით მოვიდა. ელიავას ბაზრობასაც კი მივაშურე, მაგრამ იქ იმდენად ბევრი ხალხი დამხვდა, ვარჩიე, ხელოსანს დავლოდებოდი", - ამბობს ლელა აბულაშვილი.
მარი ჩიტაია