შემქმნელების დავალება ასეთი იყო: გააკეთეთ უგზოობის საუკეთესო ავტომობილი. მათ ეს მოახერხეს. ახალი "რენჯ როვერი" საქართველოში ოქროს საჭის გამარჯვებული გახდა.
შეგახსენებთ, რომ ოქროს საჭის გამოკითხვაში მხოლოდ ის მოდელები მონაწილეობდნენ, რომელთა წარმოება 2013 წელს დაიწყო.
SUV-კლასის ავტომობილების კატეგორიაში ხმები ასე გადანაწილდა:
SUV-კლასი
1. Range Rover 44.4 %Auto Bild
2. BMW X5 26.8 %
3. Jeep Cherokee 13.6 %
4. Toyota RAV 4 5.5 %
5. Subaru Forester 3.3 %
6. Mini Paceman 2.8 %
7. Renault Captur 1.3 %
8. Ford Kuga 0.7 %
9. Chevrolet Trax 0.6 %
10. Suzuki SX4 0.5 %
11. Peugeot 2008 0.4 %
12. Ssang Yong Rexton 0.1 %
მიკ კამერონი გაჯგიმული დგას. "ძრავები ჩათვლით ყველაფერი განვაახლეთ. ორიენტაცია ლუქს-სედანებისკენ გვქონდა აღებული," - მეუბნება "რენჯ როვერის" განვითარების მთავარი ინჟინერი.
ახალი Range Rover 5.0 V8 ერთად გავტესტეთ. პირველი, რაც აღმოვაჩინე, ის იყო, რომ მიუხედავად ბევრი ცვლილებისა, სათავადო SUV-ის მეოთხე თაობამ ყველა პლუსი უდანაკარგოდ შეინარჩუნა. მისი დაკიდება არ არის ისეთი ხისტი, რომ მგზავრებს კომფორტი მოაკლოს ისე, როგორც ამას სხვა სპორტული ქროსოვერები აკეთებენ ხოლმე.
ავტომობილს გიგანტური შესაძლებლობები აქვს: 5-ცილინდრიანი კომპრესორის სიმძლავრე 510 ცხენის ძალაა, რითაც ახალი "რენჯი" სპორტულ ავტომობილებსაც კი შეახარბებს. ვისაც საწვავის მაღალი ხარჯი აფიქრებს, შეუძლია, დიზელის ძრავებზე შეაჩეროს არჩევანი: წარმოდგენილია 4.4-ლიტრიანი V8 დიზელი (339 ცხენის ძალა, საწვავის ხარჯი 8.7 ლიტრი 100 კილომეტრზე) და 3-ლიტრიანი V6 დიზელი 258 ცხენის ძალით (7.5 ლიტრი 100 კილომეტრზე).
ახალი "რენჯის" სალონი წინამორბედისაზე ტევადი ჩანს. "გვინდოდა, რომ ავტომობილი მხოლოდ შიგნიდან გაზრდილიყო, - მიდასტურებს კამერონი, - ამას ბაზის გაზრდის ხარჯზე მივაღწიეთ." ბაზა 2880-დან 2922 მილიმეტრამდე გაიზარდა, რაც პირველ რიგში იმ მგზავრებს გაუხარდებათ, რომლებიც უკან უნდა ჩასხდნენ. მათი მუხლებისთვის ახლა წინამორბედზე 12 სანტიმეტრით მეტი სივრცეა.