სასკოლო ასაკი 5-ის ნაცვლად, სავარაუდოდ, ისევ 6 წლით განისაზღვრება. შესაბამისი რეკომენდაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დასკვნით სამუშაო შეხვედრაზე შეიმუშავეს. შეხვედრის მონაწილეების ინფორმაციით, 2014-2015 სასწავლო წელი გარდამავალი პერიოდი იქნება და სასკოლო ასაკის მქონედ მიჩნეული იქნებიან ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ.
ყოველი შემდგომი სასწავლო წლისთვის კი სასკოლო ასაკის ბავშვებად მიჩნეული იქნებიან ისინი, ვისაც 6 წელი სასწავლო წლის დაწყებამდე შეუსრულდება.
შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება პოზიტიურ შედეგს მოიტანს, ვინაიდან 5 წლის ბავშვს ფსიქოსოციალური და ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე სასკოლო მზაობა არ აქვს.
გარდა ამისა, როგორც სამუშაო შეხვედრის მონაწილეები აცხადებენ, ამისთვის მზად არ არის სკოლებიც, რადგან არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა.