10 და 11 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლო უვადო პატიმრობაში მყოფი გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას საქმეს განიხილავს. მათ "თელასის" მენეჯერ ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ედებათ ბრალი. ნიკა ლომინაძე 2002 წლის 13 აგვისტოს საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს. 2006 წლის მარტში მკვლელობა გახსნილად გამოცხადდა და დანაშაულის დამკვეთად გამოძიებამ "თბილგაზის" ყოფილი დირექტორი გია გვიჩიანი ცნო, მკვლელობის შემსრულებლებად კი - ნიკა ჩემია, ავთანდილ ხერკილაძე, გიორგი პაპაჩაშვილი და ნოდარ გვიჩიანი (პაპაჩაშვილსა და გვიჩიანს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ, ხერკილაძე კი ციხეში გარდაიცვალა). შარშან პროკურატურამ ლომინაძის მკვლელობა გაუხსნელად გამოაცხადა და მისი გადამოწმების ვალდებულება აიღო. გთავაზობთ ინტერვიუს სამუდამო პატიმრობამისჯილ ნიკა ჩემიასთან.
- საქმეში თქვენ "კილერად" მოგიხსენიებენ...
- ეს არის ბინძური ადამიანების: პროკურორ ანზორ ხვადაგიანის, სააკაშვილისა და მერაბიშვილის მოკერებული იარლიყი. თავად კილერები რასაც უშვრებოდნენ საქართველოს, ყველამ კარგად იცის. 32 წლისა დამიჭირეს ნოდარ გვიჩიანის წყალობით და, როგორ ფიქრობთ, ასეთი საშიში კრიმინალი რომ ვყოფილიყავი, მანამდე არ ვიქნებოდი რამეში შემჩნეული ან გასამართლებული? მე რომ იმათი თამაში მეთამაშა, აქედან დიდი ხნის გამოსული ვიქნებოდი. მხოლოდ იმის გამო, რომ კილერის იარლიყი არ მქონოდა, მომიწია ამდენი წამებისა და ტანჯვის ატანამ. ოჯახი და შვილები მყავს და ძალიან შეურაცხყოფილი ვარ. ანზორ ხვადაგიანს პირდაპირ ვეუბნები, რომ არის ნაძირალა და პირობას ვაძლევ, ამის გამო ციხეში მოხვდება. მან პასუხი უნდა აგოს საქმის გაყალბებისთვის, დნმ-ების პასუხის დამალვისთვის, ჩემი წამებისა და საქმის ფალსიფიკაციისთვის... მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქმეში მხოლოდ და მხოლოდ არის "მოწმედ ქცეული" ბრალდებულების - ნოდარ გვიჩიანისა და გიორგი პაპაჩაშვილის ჩვენებები, რითაც მათ მიაღწიეს 500 000-ლარიანი გირაოებით წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას (თუმცა ბრალდების მხარემ იცოდა, რომ ისინი გადამხდელები არ იყვნენ), პროკურატურამ მოისყიდა ისინი, ვინაიდან არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა. რაც შეეხება ნოდარ გვიჩიანს, ის 2005 წლის ნოემბერში დააკავეს ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტზე. მან ნიკა ლომინაძის საქმეზე პირველი ჩვენება მისცა 5 დეკემბერს. პროკურატურამ ისე, რომ არც გადაუმოწმებია, გვიჩიანი სიმართლეს ამბობდა თუ არა, 500-ათასიანი გირაო გაუფორმა და წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა ნარკორეალიზატორი. ეს მიჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ თვითონ პროკურორი ხვადაგიანი, რომელიც იმ დროისათვის საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე იყო, რაღაც დოზით ჩართული იყო ნარკომაფიაში, ან ამ ფულით სარგებლობდა, თორემ მრავალჯერ ნასამართლევ ნარკორეალიზატორს, რომელსაც 250 აბი სუბოტექსის რეალიზაციის ფაქტზე იჭერენ, სიტყვაზე ენდობოდა? (ვიდეოკამერითაა გადაღებული, როგორ ყიდის წამალს გვიჩიანი) დარწმუნებული ვარ, როდესაც პროკურატურა ადეიშვილის კადრებისგან გაიწმინდება, მისით გამოძიება დაინტერესდება და ხვადაგიანი ციხეში მოხვდება.
- ნოდარ გვიჩიანი ამტკიცებდა, თითქოს 2 თვე ამზადებდით ლომინაძის მკვლელობას, ადგენდით მის მარშრუტს...
- რასაც არგუმენტად მოვიყვან, ყველაფერი დევს საქმეში და დოკუმენტურად არის დადასტურებული. თეორიულადაც კი შეუძლებელი იყო, ეს დანაშაული ჩაგვედინა. ნიკა ლომინაძე ვენესუელაში მიდის 27 ივნისს. ამ დროს ნოდარი ზის ციხეში და, ამდენად, გია გვიჩიანისგან ვერანაირ შეკვეთას ვერ მიიღებს. ის ციხიდან გამოდის 3 ივლისს, ნიკა კი 22 ივლისს ჩამოდის საქართველოში. უნდა ვივარაუდოთ, რომ ე.წ. შეკვეთა მას შეეძლო მიეღო 3-სა და 22 ივლისს შორის. 23-ში მე მივდივარ გერმანიაში მანქანის ჩამოსაყვანად და 10 აგვისტოს დილით ჩამოვდივარ, 9 აგვისტოს კი ნიკა მიდის გურიაში და ჩამოდის 11 აგვისტოს, ღამის 10 საათზე. ერთადერთი დღეა 12 აგვისტო, როდესაც მოკლულის და ჩემი თბილისში ყოფნა ემთხვევა. ამ ორი თვის განმავლობაში ვერანაირად გავიგებდი ლომინაძის ვერც მისამართს, ვერც სამოძრაო გრაფიკს, მით უმეტეს, ცნობილია, რომ იგი ბახტრიონზე, მშობლების სახლში დარჩა შემთხვევით (ზანდუკელზე ცხოვრობდა). მე მხოლოდ 12 აგვისტოს შემეძლო მისი თვალთვალი. იმ დღეს წყნეთში ვიყავი ოჯახთან ერთად და მხოლოდ 3 საათით ჩამოვედი თბილისში, ლომინაძე კი ამასობაში დადის ხან სემეკში\, ხან სად და არსად ჩვენი კვეთა არ არის. მე და ნოდარ გვიჩიანს შორის საუბრებიც არაფრით მტკიცდება, არც საქმეში ხსენებული "მაკაროვია" საქმეში და არც სხვა არაფერი, რაც დანაშაულში ჩვენს მონაწილეობაზე მიანიშნებს.
- მაინც რატომ არ გაითვალისწინა ბრალდებამ ეს მონაცემები?
- ბრალდება დაეყრდნო გვიჩიანისა და პაპაჩაშვილის ჩვენებებს იმის თაობაზე, თითქოს მე ნიკას მკვლელობა დამიკვეთეს ივლისის ბოლოს. მათთვის ცნობილი იყო, რომ ეს იყო ცრუ და ყალბი ჩვენებები, რადგან საქმეში არსებობს ამონაწერი საზღვრის დაცვის დეპარტამენტიდან, რომ ამ დროს არ ვიმყოფებოდი საქართველოში და, შესაბამისად, ვერ მივიღებდი ვერანაირ დაკვეთას და ვერც ლომინაძეს ვუთვალთვალებდი. ამაზე ხვადაგიანმა განაცხადა, მოწმეები კეთილსინდისიერად ცდებიანო. მან აწარმოა მიკერძოებული და არასრულფასოვანი წინასწარი გამოძიება და სასამართლოს შეგნებულად წარუდგინა მოწმეთა ცრუ ჩვენებებზე დაფუძნებული მტკიცებულებები ჩემი უტყუარი ალიბების გასაქარწყლებლად, მანვე საპროცესო გარიგებით მოისყიდა და დაიყოლია ხერკილაძეც, რომელმაც თქვა, რომ თითქოს შეკვეთა ივნისში მომცეს.
- სად იმყოფებოდით ნიკა ლომინაძის მკვლელობის მომენტში - 13 აგვისტოს დილის 8-ის ნახევრიდან 9 საათამდე?
- ბრალდების მხარემ არ გაიზიარა ჩემი ალიბი - ჩემი, ჩემი მეუღლისა და მისი მეგობრის ტელეფონები დილის 9-ის 20 წუთზე ფიქსირდება თბილისის რკინიგზის სადგურზე, ბათუმში მივდიოდით. ამის შემდეგ დააკავეს ჩემი მეუღლე, მისი მეგობარი - სამი შვილის დედა და "კაპეზეში" ჩასვეს, რათა სასურველი ჩვენებები მიეღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათაც ციხეში ჩასმით ემუქრებოდნენ. წარმოიდგინეთ, ორთაჭალის მე-5 იზოლატორიდან გამიტაცეს, გადამიყვანეს სპეცკორპუსში, მოიყვანეს ხერკილაძე და ერთ საკანში ჩაგვსვეს. ხვადაგიანის ბრძანებით, ერთი თვე, ფაქტობრივად, მკლავდნენ, მაწამებდნენ (ამ ფაქტზე საქმეა აღძრული) იმისათვის, რომ მკვლელობა მეღიარებინა. ვეუბნებოდი, რომც მომკლათ, კილერობას არ დავიბრალებ-მეთქი, რაზეც ხვადაგიანმა პირდაპირ მითხრა, ეტყობა, კარგად ვერ დაგამუშავესო. შვილები მეზრდება და კილერის იარლიყი როგორ უნდა მიმეკერებინა?! ჩემთან ყოველდღე დელეგაციებად შემოდიოდნენ სოდ-ის თანამშრომლები. როცა ჩვენს უდანაშაულობაში დარწმუნდნენ, შემდეგ საპროცესოს გვეხვეწებოდნენ და 8 წელსა და საუკეთესო პირობებს გვთავაზობდნენ, რაზეც უარი ვთქვი. ჩემი წამება რომ შეწყვიტეს და პოზიცია შეიცვალეს, ამით მივხვდი, ამერიკიდან დნმ-ის პასუხები რომ ჩამოვიდა.
- ნიკას მამისთვის რატომ არის სარწმუნო ნოდარ გვიჩიანის ჩვენება?
- შვილმკვდარი მამა დაარწმუნეს ჩვენს დანაშაულში. მთელი სასამართლო პროცესის მსვლელობისას ვეხვეწებოდი მას, მოესმინა ჩემთვის და ზუსტად ამ დროს ხვადაგიანი უწყებდა ლაპარაკს, მან "დააბოლა" ეს საცოდავი კაცი. ლომინაძეს ჰყავდა აყვანილი ადვოკატი, რომელიც დარწმუნდა, რომ უდანაშაულოები ვიყავით, არ დაუმალავს და ეს თქვა. მეორე დღესვე უარი ათქმევინეს მასზე. მესმის ადამიანურად, რომ კაცი გამწარებულია, მაგრამ შვილის მკვლელებით როგორ არ უნდა იყო დაინტერესებული? მინდა მას და მისი ოჯახის გულშემატკივრებსაც მოვუწოდო, მოვიდნენ 10 თებერვალს სასამართლო პროცესზე და მოისმინონ, რამხელა აბსურდული ბრალდებით ვზივართ ციხეში მე და გია გვიჩიანი. საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ჩემს სასარგებლოდ არის თითის ანაბეჭდები და დნმ-ის ანალიზი, რომელსაც ამდენ ხანს მალავდნენ. არ არსებობს მკვლელობის იარაღი, არც ტყვიის გულა, არც გარეშე მოწმე, რომელიც იტყვის, რომ ლომინაძეს დავყვებოდი და ვუთვალთვალებდი. არ ვარ ვალდებული, მაგრამ მათ იქით ვუმტკიცებ, რომ ფიზიკურად ვერ შევძლებდი დანაშაულის ჩადენას. რაც ეს ხელისუფლება მოვიდა, მას შემდეგ ვითხოვთ გამოიძიონ, ვინ დამალა დნმ-ის პასუხები, მაგრამ არ იძიებენ, ხელს აფარებენ უსინდისო და ნაძირალა ხვადაგიანს. ვპირდები მას, რომ სიბერეს ციხეში გაატარებს. მე და გია შანტაჟის, მუქარისა და წამების პირობებშიც ვერ დაგვიყოლია პროკურატურამ ბინძურ გარიგებაზე, ეს დიდი რისკისა და ტანჯვის ფასად დაგვიჯდა. ჩვენი უვადო პატიმრობაში გაშვება წინა რეჟიმის მტკიცე პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. ჩვენს უდანაშაულობას ამტკიცებს 8 ექსპერტი.
- ავთანდილ ხერკილაძე რით გარდაიცვალა ციხეში?
- მე და ხერკილაძე ერთ საკანში ჩაგვსვეს და ერთი თვის განმავლობაში მის თვალწინ მაწამებდნენ. როგორ ფიქრობთ, ერთად შემთხვევით მოვხვდით? ხერკილაძე როგორ მოკლეს, ამას გამოძიება დაადგენს, იმასაც, რატომ ჩამოიხრჩო თავი თუ ჩამოახრჩვეს დავით კეკუა, რომელმაც შემთხვევის ადგილიდან გააქრო ტყვიის გულა. ყველაფერს თავის დროზე აეხდება ფარდა.
ნანა ფიცხელაური
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)