თბილისში მიწისქვეშა გადასასვლელების უმეტესობა სიბინძურის ბუდედ არის ქცეული. სწორედ ამიტომ უამრავი ადამიანი მიწისქვეშა გადასასვლელებით ვერ სარგებლობს და ქუჩას უადგილო ადგილას კვეთს, რაც თავისთავად ავარიული შემთხვევების მიზეზი ხდება. ისე, ცოდვა გამხელილი ჯობს და, ზოგიერთი დიდად არც მიწისზედა გადასასვლელებს იყენებს, რაც ჩვენი საზოგადოების მოუწესრიგებლობის მაღალი ხარისხის მაჩვენებელია.
ამჯერად რეპორტაჟს სწორედ მიწისქვეშა გადასასვლელებიდან შემოგთავაზებთ. თუმცა, ვაღიარებ, რომ მეც ნაკლებად ვსარგებლობ ამ "სიკეთით". რატომ? პირველი, რაც იქ ჩასვლის სურვილს მიხშობს, სიბნელის შიშია, მეორე კი - იქ გამეფებული ანტისანიტარია. ამიტომ ვცდილობ ან უახლოესი მიწისზედა გადასასვლელი ვიპოვო, ან შუქნიშანთან გადავიდე მშვიდად. ამჯერად კი, რა მეტი გზა მაქვს, რეპორტაჟის მოსამზადებლად შიშიც უნდა დავძლიო და რამდენიმე წუთით ბინძური ჰაერიც ჩავისუნთქო...
გმირთა მოედნის მიწისქვეშეთს მიახლოებული, აუცილებლად იგრძნობთ, რომ დედაქალაქში ტუალეტების ნაკლებობაა. ამის გასაგებად გვირაბში შესვლა არც დაგჭირდებათ. სუნი, რომელიც ამ გვირაბიდან იფრქვევა, სუნთქვას გიკრავს და ნაბიჯის გადადგმის საშუალებას არ გაძლევს. პირბადემომარჯვებული მაინც ჩავდივარ და რამდენიმე ფოტოს ვიღებ. სიბინძურესთან ერთად, იქაურობა მთლად გაპარტახებულია. ერთ-ერთ სათავსოზე მფლობელს წაუწერია "ვინც გატეხოს, წყეულიმც იყოს (ცარიელია)".
"აქ ყოველთვის ასეთი მდგომარეობაა, ამ გადასასვლელს ვერც ერთმა მთავრობამ ვერ უშველა. ან მთავრობა რა შუაშია, როცა ხალხი ჩადის და საპირფარეშოდ აქციეს აქაურობა. ხშირად ბავშვთან ერთად ქუჩის ზემოდან გადაჭრა მიწევს, აქ ჩასვლას ყველაფერი მირჩევნია" - შემომჩივის გამვლელი ქალბატონი.
გზას ვაგრძელებ, რუსთაველსა და თავისუფლების მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელები მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია, რადგან აქ ძირითადად სავაჭრო ობიექტებია განთავსებული, თუმცა ნაგავს აქაც ნახავთ.
სასტუმრო "რედისონთან" მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელზე ისეთი ჭორები მსმენია, იქ თუ ოდესმე ჩავიდოდი, არ მეგონა. თინეიჯერები, რომლებიც იქ ხშირად იკრიბებიან, იქაურობას მორგად მოიხსენიებენ. ამაზე ჩასასვლელთან გაკეთებული წარწერაც მეტყველებს - "HELL" (ჯოჯოხეთი). ამ ჯოჯოხეთის კიბეები ჩავიარე და მართლაც ჯოჯოხეთურ სიბნელეში ამოვყავი თავი. სადღაც, გვირაბის ბოლოს კიაფობდა სინათლე და მეც ჩქარი ნაბიჯებით იმ მხარეს გავეშურე.
პირველი, რაც ირგვლივ გამეფებული სიბინძურის ფონზე თვალში მომხვდა, კედელზე საღებავებით გამოსახული თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის დროშები იყო. როგორც კი სურათების გადაღებას ვიწყებ, ერთ-ერთი ახალგაზრდა ჩემკენ მოემართება და მეკითხება:
- მორგს რა პონტში უღებ?
- და მორგს რატომ ეძახით აქაურობას?
- აქ თურმე იმდენი საქმის გარჩევები და მკვლელობები ხდებოდა, რომ ასე დაერქვა. გინდა, ჩაგიყვან იმ კიბეებზე... მთავაზობს გაღიმებული სახით.
- რა მინდა მაგ ნაგვის ბუდეში, თქვენ რა, იქ ჩადიხართ?
- კი, გოგოები ჩაგვყავს ხოლმე. ჩვენი შეკრების ადგილია.
...იქაურობას გულდამძიმებული ვტოვებ. გზადაგზა თურქული თუ არაბული ბარები მხვდება, რომელთა კედლები მოხატულია და ზედ საინტერესო წარწერებს ნახავთ - "I kill you" (მე შენ მოგკლავ) "ბოზები ყველგან" და ა.შ.
სახარბიელო მდგომარეობას ვერც ბარათაშვილის ხიდის გადასასვლელში ნახავთ, ტერიტორია გაუნათებელი და საშინლად დაბინძურებულია. მიუხედავად იმისა, რომ იქ არსებული საავტომობილო გზა საკმაოდ გადატვირთულია, ხალხი ამ გადასასვლელით ვერ სარგებლობს.
თბილისის მერიის განცხადებით, მიწისქვეშა გადასასვლელების ნაწილი იჯარითაა გაცემული და მათ არ ექვემდებარება. თუმცა, იჯარით გაცემული გადასასვლელები ასე თუ ისე მოწესრიგებულია, ხოლო ის გადასასვლელები, რომლებიც კომერციული საქმიანობისთვის არ გამოიყენება, საპირფარეშოებად არის ქცეული.
მაკა ქობალია
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)