ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ ვერ ვისწავლეთ ხელისუფლების დაქირავება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის "მოქალაქე" პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ხალხმა არ იცოდა როგორ აერჩია და როგორ ეკონტროლებინა ხელისუფლება.
"სწორედ ეს იყო მიზეზი, 20 წლიან მოჯადოებულ წრეზე სიარულის. ამ პრობლემას კარგად ვიცნობდი და მოსვლის პირველივე დღიდან ამაზე ვაკეთებდი აქცენტს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ კარგად, როგორ ვიქირავოთ ხელისუფლება. პირველ რიგში ჩვენ კარგად უნდა ვისწავლოთ, ვინ უნდა ავირჩიოთ და რატომ. კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ადამიანს თუ საკუთარი პარტია ვერ დაუფუძნებია და ქვეყნის აშენებას გვპირდება, ოქროს კოშკებს გვიხატავს, ამ დროს ცხოვრებაში არაფერი არ შეუქმნია და მის ბიოგრაფიას თუ გადახედავ, ხელმოცარული იყო უმეტესად, როგორი ლამაზი სიტყვებითაც არ უნდა გვესაუბრებოდეს, ჩვენ უნდა შევძლოთ სწორი არჩევანი გავაკეთოთ",-განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, არ უნდა "ვეძებოთ მუდამ" უმწიკვლო ადამიანი. "შეიძლება არ იყოს დიმიტრი გელოვანი, შეიძლება ჰქონდეს ნაკლი, მაგრამ არსებული რეალობიდან უნდა გავაკეთოთ ღირსეული არჩევანი. არც ის ვარგა, რომ განაწყენებულები არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ვამბობთ. ამ დროს უარესი არჩევანი დგება", - განაცხადა ივანიშვილმა.