Scoopshot-ის საშუალებით Ambebi.ge-მ რამდენიმე მკითხველისგან ერთი და იგივე შინაარსის სხვადასხვა ფოტო მიიღო. ფოტოები თბილისში, ავტობუსების სხვადასხვა გაჩერებაზეა გადაღებული და მასზე ასახულია საინფორმაციო ტაბლოები, რომელიც ავტობუსების მოძრაობის გრაფიკს აჩვენებს. მკითხველის ყურადღება ტაბლოზე ტემპერატურის მაჩვენებელმა მიიქცია - ორ ფოტოზე ტემპერატურა -95 გრადუსია, ხოლო ერთზე - 93.
ამასთან დაკავშირებით Ambebi.ge თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მარკეტინგისა და პიარის სამსახურის ხელმძღვანელს, თამაზ რობაქიძეს დაუკავშირდა.
"თითოეულ ტაბლოს აქვს თავისი სენსორი, რომელიც ზომავს ტემპერატურას. როგორც ჩანს, რამდენიმე ტაბლოზე მოხდა ამ სენსორის დაზიანება და ამიტომ აჩვენა არასწორი ტემპერატურა. რაც შეეხება ამის კავშირს ტაბლოს ძირითად ფუნქციასთან - ავტობუსების მოსვლის გრაფიკთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს. გრაფიკი რეგულირდება GPRS სისტემით, რომელიც დამონტაჟებულია როგორც ავტობუსში, ასევე ტაბლოებზე და ტემპერატურის მაჩვენებელთან კავშირი არ აქვს", - განაცხადა რობაქიძემ.
Scoopshot-ის გამოყენება სმარტფონის ნებისმიერ მფლობელს შეუძლია, აპლიკაციის ჩამოტვირთვა უფასოა და ხელმისაწვდომია აიფონების, ანდროიდისა და "ვინდოუსის" პროგრამის მქონე სმარტფონებისთვის.
აპლიკაციის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ QR უნიკალური კოდით
ნათია ლეშკაშელი, Ambebi.ge