ვანო მერაბიშვილმა ნინო ბურჯანაძეს დღევანდელ სასამართლოზე მიცემული ჩვენებისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მერაბიშვილმა სასამართლო დარბაზში განაცხადა, ბურჯანაძის ჩვენება დაცვის მხარეს ძალიან გამოადგება.
"ყველამ გავიგეთ, რა მიზანი ამოძრავებდა და როგორ მიმდინარეობდა მიტინგი. მისი ჩვენება კარგად გამოადგება დაცვას", - განაცხადა მერაბიშვილმა.
ბრალდებულმა ნინო ბურჯანაძეს მიმართა და 2007 წლის ნოემბრის აქციის დაშლა შეახსენა.
"ამაში უკანონო არაფერი იყო, თუმცა 2007 წლის აქციის დაშლის ინიციატორი ბადრი ბიწაძე იყო", - აღნიშნა მერაბიშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის დაკითხვა მიმდინარეობს. პროცესზე 26 მაისს გარდაცვლილი პოლიციელის, ვლადიმერ მანსურაშვილის დედაც იმყოფება. დარბაზში იმყოფებიან ასევე შოთა უტიაშვილი, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრები.