მუხროვანის მოვლენებზე გავრცელებულ სკანდალურ ვიდეომასალაზე გაკეთებულ კომენტარებს შორის ჩემპიონატი რომ ჩატარებულიყო, ნომინაციაში "არაადეკვატური" ნამდვილად მიხეილ სააკაშვილის კომენტარი გაიმარჯვებდა. კერძოდ, სააკაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, თავი დამანებეთ და პოლიტიკაში ნუ ჩამრევთო. თითქოს 2004-2013 წლებში ქვეყანას სააკაშვილი კი არა, ოჩოპინტრე მართავდა. მეორე ადგილზე კი გიგი უგულავას კომენტარი გავიდოდა, რომელიც ვიდეოფირზე აღბეჭდილია სააკაშვილსა და ადეიშვილთან ერთად. მუხროვანში შემთხვევით მოვხვდიო, - განაცხადა უგულავამ. შემთხვევით შეიძლება ფეხი იღრძო, მაგრამ სპეცოპერაციის ცენტრში ვერ მოხვდები. ეტყობა, 2008 წლის აგვისტოში უგულავა ასევე "შემთხვევით ერეოდა" სამხედროების საქმეებში. ასეა თუ ისე, პროკურატურამ გავრცელებულ ვიდეომასალაზე გამოძიება დაიწყო და შესაძლოა, ზოგ-ზოგიერთს "შემთხვევით" ბრალი დაუმძიმდეს. ექსპერტი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ სამართალდამცველებს გაუჩნდათ შანსი, ბოლოს და ბოლოს, ახადონ ფარდა, თუ ვინ იდგა რეალურად მუხროვანის მოვლენების უკან.
- კარგია, რომ მუხროვანის თემამ წინა პლანზე წამოიწია და პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა ქართული ჯარის მშენებლობასა და 2008 წლის აგვისტოს ომზე. იმედია, მუხროვანის თემის გამოძიება ამ ჯაჭვის პირველი რგოლი იქნება. რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოფირს, კატასტროფაა, როდესაც ასეთი ლექსიკით ლაპარაკობს შს მინისტრი და ამბობს, ორი გვამი მინდაო. დავინახეთ ისიც, როგორ იგეგმებოდა ოპერაცია - აბსოლუტურად არაპროფესიონალურად და ქუჩის დონეზე. ვნახოთ, როგორ გამოიძიებს პროკურატურა ამ საქმეს. ყოველ შემთხვევაში, ვერსია, რომ მუხროვანის მოვლენები "ნაციონალური მოძრაობის" შიდადაპირისპირების შედეგი იყო, ნამდვილად ყურადსაღებია. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილს დავით კეზერაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ თავდაცვის მინისტრად ბაჩო ახალაიას დანიშვნა უნდოდა, თუმცა ამერიკელების წინააღმდეგობის გამო ვერ მოახერხა. ამერიკელებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ კეზერაშვილის შემდეგ მინისტრად დავით სიხარულიძე დანიშნულიყო და ამაში მერაბიშვილის ხელიც ურევია.
არ არის გამორიცხული, მუხროვანის ამბები სწორედ ძმებმა ახალაიებმა დაგეგმეს იმისთვის, რომ დავით სიხარულიძის დისკრედიტაცია მოეხდინათ და, ბოლოს და ბოლოს, ბაჩო ახალაია დანიშნულიყო მინისტრად.
შესაძლოა, ეს კარგად იცოდა ვანო მერაბიშვილმა და იმიტომაც იყო აღელვებული და აფორიაქებული. სხვათა შორის, მუხროვანის მოვლენების შემდეგ სამხედროებს დავუსვით მთავარი კითხვა: ჰქონდათ თუ არა ბრძანება, რომ მიტინგის დარბევაში მიეღოთ მონაწილეობა (2009 წელს სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით თბილისში მასშტაბური აქცია მიმდინარეობდა). გვითხრეს, პირდაპირი ბრძანება არ გვქონდა, მაგრამ თავდაცვის სამინისტროდან გამოვიდა ხმა, რომ ჩვენთვის მომიტინგეებთან დაპირისპირების დავალებას აპირებდნენ, არ გვინდოდა, ეს დაგვეშვა და პრესკონფერენციის გამართვას ვაპირებდითო. ვფიქრობ, ასეთ ხმას სპეციალურად ავრცელებდნენ სამხედრო ნაწილში, რათა უკმაყოფილების პროვოცირება მოეხდინათ. გარდა ამისა, ყოფილ ხელისუფლებასთან არის ერთი მთავარი კითხვა: თუ ჰქონდა ინფორმაცია, რომ მუხროვანის სამხედრო ნაწილში რაღაც მზადდებოდა (ასე გამოდის იმ ვიდეომასალიდან, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ მუხროვანის მოვლენების შემდეგ გაავრცელა), რატომ არ მიიღო მაშინვე ზომები? ამ კითხვაზე პასუხი დღემდე არ გაუციათ. ეს კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვს, რომ საქმე გვქონდა სპექტაკლთან. თუმცა აქვე გეტყვით, რა თქმა უნდა, სამხედრო ნაწილში თვითნებურად მიტინგებისა და პრესკონფერენციების ჩატარება არ შეიძლება.
- კამათი გრძელდება მერაბიშვილის საკვანძო ფრაზაზე "ორი გვამი მინდა". დღევანდელი ხელისუფლების, ექსპერტთა და საზოგადოების ნაწილის აზრით, ეს არის ლიკვიდაციის ბრძანება, რომელიც შესრულდა კრიალაშვილისა და ოთანაძის ჩაცხრილვით. მერაბიშვილი და "ნაციონალები" კი ამტკიცებდნენ, იყო ოპერატიული ინფორმაცია, რომ მუხროვანის ამბოხში ორი რუსი გრუ-ს თანამშრომელი მონაწილეობდა, რომლებიც ამბოხებულებმა კვალის დაფარვის მიზნით მოკლეს და "ორ გვამში" მათ ცხედრებს ვგულისხმობდით, თუმცა შემდეგ ეს ინფორმაცია არ დადასტურდაო.
- მერაბიშვილისა და "ნაციონალების" განცხადებები რუს ჯაშუშებზე სასაცილოა. საზოგადოების დიდი ნაწილი ბევრი ფაქტორის გამოა დარწმუნებული, რომ ფრაზა "ორ გვამზე" სწორედ თიანეთის გზატკეცილზე კრიალაშვილისა და ოთანაძის ჩაცხრილვას უკავშირდება, რაც კრიალაშვილის სიკვდილით დასრულდა. მაგალითად, "ნაციონალები" ამტკიცებენ, თიანეთის გზატკეცილზე ორმხრივი სროლა იყოო. არადა, ეს მტკნარი სიცრუეა - გზატკეცილი მჭიდროდ დასახლებული ადგილია, მომხდარს ბევრი თვითმხილველი ჰყავდა და ორმხრივი სროლა იქ არ ყოფილა. ასევე, "ნაციონალები" ამბობენ, ოთანაძის ლიკვიდაცია არ გვინდოდა, მას ხომ ვუმკურნალეთო. არადა, კაცს 12 ტყვია რომ მოხვდება, წესით, მკვდარი უნდა იყოს - ოთანაძე ღვთის განგებამ გადაარჩინა და არა იმან, რომ მაშინდელ ხელისუფლებას მისი ლიკვიდაცია არ სურდა. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი სპექტაკლი იყო - შეიტყუეს კრიალაშვილი და სხვები მუხროვანში და შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. ხელისუფლებისგან, რომელსაც გვამებზე მოსიარულეს უწოდებდნენ, ეს არ იყო გასაკვირი.
სასაცილოა გიგი უგულავას განცხადება, მუხროვანში შემთხვევით აღმოვჩნდიო და ამის დამადასტურებლად ის მოჰყავს, რომ კოსტიუმი ეცვა.
თბილისის მერი შემთხვევით როგორ უნდა აღმოჩნდე იმ ადგილას, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს? სამოქალაქო სამოსი ეცვათ მერაბიშვილსაც, სააკაშვილსაც და ადეიშვილსაც და ისინიც შემთხვევით აღმოჩნდნენ იქ?! ესენი ერთად, ჯგროდ დადიოდნენ ხოლმე და დარწმუნებული ვარ, როგორც კი გაიგო უგულავამ, რომ რაღაც ხდებოდა მუხროვანში, მაშინვე გაიქცა და მარაქაში გაერია.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა ქაოსი იყო და როგორ იყო აღრეული ფუნქციები მაშინდელ ხელისუფლებაში.
- თქვენი აზრით, ზემოხსენებული ვიდეომასალა ვინ განათავსა ინტერნეტში? ფაქტია, რომ ვიდეომასალასთან წვდომა რიგით და საშუალო რანგის ყოფილ თუ მოქმედ ძალოვანებს ნამდვილად არ ექნებოდათ.
- როგორც სააკაშვილის ყოფილმა ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ თქვა, მიმდებარე ტერიტორიაზე 4 ვიდეოკამერა მუშაობდა და მართლაც საოცარია, რაში სჭირდებოდათ ამის გადაღება? ალბათ, იმისთვის, რომ შემდეგ შეემოწმებინათ, ვინ როგორ იქცეოდა. ჩემი აზრით, ინტერნეტში ვიდეომასალის გავრცელება ყოფილი ხელისუფლების დაჯგუფებებს შორის მიმდინარე დაპირისპირების შედეგია. ყველა ხედავს, რომ ახალაიების მხარდამჭერები ვანო მერაბიშვილს რუსეთის აგენტს უწოდებენ, ვანოს მომხრეები კი მიწაში დებენ ძმებ ახალაიებს. ვიცი, რომ საზღვარგარეთ მყოფი ძველი ხელისუფლების რამდენიმე წევრი ცდილობს, თავისი თანაგუნდელების შესახებ კომპრომატები კარგად გაასაღოს. მაგალითად, ჩემი ინფორმაციით, სამართალდამცველებს სამეგრელოს სამალავებზე დათა ახალაიამ მიუთითა. პირდაპირ გეტყვით, ვაჭრობა მიმდინარეობს დათა ახალაიასა და ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს შორის. დეტალებს ვერ დავაკონკრეტებ. ისიც ფაქტია, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" ბევრი პირია დაინტერესებული ერთმანეთის ჩაძირვით. მოკლედ, არ გამოვრიცხავ, რომ გავრცელებული ვიდეომასალის უკან დათა ახალაია იდგეს.
- თუ ამ ვერსიას განვავითარებთ, მაშინ უნდა ველოდოთ, რომ ამჯერად მერაბიშვილის დაჯგუფება გადავა კონტრშეტევაზე და ახალაიების შესახებ გავრცელდება ვიდეოკომპრომატი.
- არ არის გამორიცხული, მართლაც გაგრძელდეს კომპრომატების სერიალი ჟანრიდან "დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში". ისე, გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ დებს ინტერნეტში კომპრომატებს - ახალაია, მერაბიშვილი თუ შსს. სამწუხაროა, რომ საქართველოში დამკვიდრდა კომპრომატებით ბრძოლის ასეთი მეთოდები.