ტექნოლოგიების საუკუნეში თქმა, რომ შვილს დედაზე უკეთ ვერავინ გაზრდის, შეიძლება, ვინმეს ძველმოდურად მოეჩვენოს, მაგრამ ფაქტია, რომ ე.წ. ძიძების ინსტიტუტი საქართველოში ოდითგან არსებობს. აკაკი წერეთლის "ჩემს თავგადასავალზე" რომ აღარაფერი ვთქვათ, სულხან-საბას "სიბრძნე სიცრუისაში" ვკითხულობთ: "ნამდვილად დაჯდა ლეონ. სამი დღე და ღამე წართვით სვა. ჯუმბერ მწდედ დაიყენა, არც დასვა და არც არა აჭამა. ფეხზე დგომითა და შიმშილითა ესრეთ უღონო იქმნა, ქვე დაეცა და შეწუხდა. მერმე უბრძანა დაჯდომა და ჭამა პურისა". მოკლედ, ძველ საქართველოში სწამდათ, რომ ჯუმბერივით გაწვრთნილს, თუ ბუნებაც უშველიდა, კაცი იქნებოდა კაცური.
რა ხდება თანამედროვე საქართველოში - არსებობენ თუ არა პროფესიონალი ძიძები, რომელთაც შვილებს თვალსდაუხამხამებლად ვანდობთ? სოციალურ ქსელში შეხვდებით ვიდეორგოლებს, სადაც მომვლელები უსუსურ ბავშვებს სასტიკად უსწორდებიან, მეტიც, თბილისელი ძიძები ჩვილებს, თურმე, მათხოვრებზე აქირავებენ?! ამასთან, არის შემთხვევა, როცა ძიძა ე.წ. დამქირავებლის ბინიდან ძვირფასი ნივთების მოპარვაში ამხილეს... "ვერსიას" ქალბატონი დაუკავშირდა, რომელმაც გარკვეული მიზეზების გამო, ვინაობის გამხელა არ ისურვა და ასეთი ისტორია გვიამბო:
"დასავლეთიდან თბილისში მატარებლით მოვდიოდი, ჩემთან ერთად ორი ახალგაზრდა მგზავრობდა, მგონი, დები იყვნენ... ერთი მეორეს ეუბნებოდა, მომკლა იმ ბავშვმა, ძალიან მძიმეა, თავიდან ვწვალობდი - ხელში ვაძინებდი, ყოველ 15 წუთში იღვიძებდა. ამას წინათ, პარკში სეირნობისას მასწავლეს, ყიფლიბანდზე ყინული დაადეო. ჰოდა, ახლა მთელი დღე მიგდებულია, მე კი სერიალებს გემრიელად ვუყურებო... ამის გამგონე, ცუდად გავხდი, ორივე გამოვლანძღე. მოკლედ, მთელი მატარებელი ფეხზე დავაყენე, ახლა ვბრაზობ, პატრული რატომ არ გამოვიძახე... თბილისში ჩამოსულმა ყველაფერი ჩემს ქალიშვილს ვუამბე და გადავწყვიტეთ, ჩემი შვილიშვილის ძიძისთვის სათვალთვალო კამერა დაგვემონტაჟებინა. ერთ საღამოს, კადრების ყურებისას, საშინელ დღეში ჩავცვივდით: ადამიანი, ვისშიც ადრე ეჭვი არ გვეპარებოდა, 9 თვის ბავშვს უმოწყალოდ იმის გამო სცემდა, რომ ბოთლიდან წყალი გადაასხა და იატაკი დაასველა. მერე, ატირებული ბავშვი ლოგინში ჩააგდო და ოთახის კარი გამოკეტა, ერთი საათი ისმოდა ბავშვის განწირული ტირილი, ძიძა კი იჯდა და ტელევიზორს უყურებდა..."
ინკოგნიტო ქალბატონის მონათხრობის შემდეგ, "ვერსია" იმის გარკვევას შეეცადა, რამდენად ხშირია ასეთი შემთხვევა და ერთ-ერთ საშუამავლო სააგენტოს დაუკავშირდა.
"ჩვენს ძიძებს ბავშვები არასოდეს უცემიათ, თუმცა იყო შემთხვევა, როცა ჩვენგან რეკომენდირებულმა გადიამ პატარა ნაცნობს სამათხოვროდ მიაქირავა. ბავშვი ოჯახის ახლობელმა იცნო, წარმოიდგინეთ, ზამთარში ბავშვს ქუჩა-ქუჩა დაატარებდნენ... მშობლებმა სასამართლოს მიმართეს, გამოძიებასთან ჩვენც ვითანამშრომლეთ... საერთოდ, ძიძობის კანდიდატთა ბიოგრაფიას ყურადღებით ვსწავლობთ, ვთხოვთ სარეკომენდაციო წერილს. მიუხედავად ამისა, უსიამოვნებებისგან დაზღვეულნი მაინც არ ვართ", - განაცხადეს საშუამავლო სააგენტოში.
ფსიქოლოგ ლიკა თუშიშვილის თქმით, მხოლოდ ძიძები კი არა, ხშირად მშობლებიც მიიჩნევენ, რომ, რადგან უფროსები არიან, წამორტყმის უფლებაც აქვთ. არადა, საქართველოს კანონმდებლობით, ბავშვზე ფიზიკური ძალადობა - ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობა - შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი ქმედება, რომელიც იწვევს ბავშვის პატივისა და ღირსების შელახვას, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმებით ისჯება.
ასე რომ, ვიდრე გადაწყვეტთ, შვილი უცხო ადამიანს მიაბაროთ და ამაში სოლიდური თანხა გადაიხადოთ, ჯერ დარწმუნდით, რომ მძიმე სოციალური მდგომარეობისა და სხვა ფაქტორების გამო, "მერი პოპინსს" ნერვული სისტემა მწყობრში აქვს და პირადი პრობლემებით ნერვებმოშლილი ჯავრს თქვენს პატარაზე არ იყრის, თუმცა ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, პატიოსანი ძიძაც ბევრია...
ანი ბეშიტაიშვილი