ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, c ჰეპატიტით დაავადებული პაციენტები დაინფიცირების წყაროებს ვერ ასახელებენ, თუმცა ექიმი-ინფექციონისტებისა და იმუნოლოგების განცხადებით, უწინ თუ c ჰეპატიტით დაინფიცირება ძირითადად ინტრავენური გზით და ერთი შპრიციდან რამდენიმე პირის მიერ ნარკოტიკების მოხმარებიდან ვრცელდებოდა, ახლა ვირუსის გავრცელებას ხელს კლინიკებსა და სილამაზის სალონებში სამედიცინო იარაღებისა თუ წვერის გასაპარსი მოწყობილობების არასათანადო სტერილური დამუშავებაც უწყობს ხელს.
აივ-ინფექცია/ შიდსით და c ჰეპატიტით ადამიანის დაინფიცირება, სამედიცინო მანიპულაციებისა და წვერის გაპარსვის გარდა, ხდება ტატუს, პირსინგის, ეპილაციის, მანიკიურისა და პედიკიურის გაკეთების დროსაც. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ მოიმატა ქალი პაციენტების რაოდენობამ.
ლალი, 45 წლის: ღვიძლზე პრობლემები შემექმნა და კლინიკას მივაკითხე. ექიმთან ვიზიტის შემდეგ შევიტყვე, რომ c ჰეპატიტით ვიყავი დაავადებული. თავზარი დამეცა, მეგონა, მეუღლემ გადამდო, მის ერთგულებაში ეჭვი შემეპარა. ანალიზები მასაც ჩავაბარებინე, მაგრამ ვირუსი არ აღმოაჩნდა. ბევრი ვიფიქრე, საიდან შეიძლებოდა დავინფიცირებულიყავი. სტომატოლოგი გამოვრიცხე, რადგან ბოლო 5 წელია, კბილებზე პრობლემები არ შემქმნია და ექიმთან არ ვყოფილვარ. მხოლოდ სილამაზის სალონზე მაქვს ეჭვი, სადაც მანიკიურსა და პედიკიურს ვიკეთებდი. ახლა ისე შეშინებული ვარ, თმის შესაჭრელადაც ვეღარ ვბედავ სალონში მისვლას...
დიმა, 28 წლის: ჩემი უბედურების სათავე სტომატოლოგი ან ტატუს სალონი შეიძლება გამხდარიყო. c ჰეპატიტის მკურნალობა ძვირია. ვისაც ათასები არა აქვს, ფაქტობრივად განწირულია...
არასამთავრობო ორგანიზაცია "მომხმარებელთა ფედერაციის" ხელმძღვანელი მადონა კოიძე შექმნილ ვითარებას საგანგაშოს უწოდებს და აცხადებს, რომ სახელმწიფო მაკონტროლებელი ბერკეტები გასამკაცრებელია:
- შორს წასვლა არ გვინდა, გავიაროთ თუნდაც ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთმანეთის მიყოლებით 12 ე.წ. სილამაზის სალონია ჩამწკრივებული. არც ერთ მათგანში სველი წერტილი, წყლის ონკანი და საკანალიზაციო სისტემა არ არსებობს. გარდა იმისა, რომ სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები დარღვეულია, ასევე არსებობს c ჰეპატიტით და აივ-შიდსით დაინფიცირების მაღალი რისკი. ამ სალონებში მამაკაცებს წვერს ძველებური სამართებლით პარსავენ. რეალობა საგანგაშოა. ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ავტოსაბურავების ვულკანიზაციას და სტომატოლოგიურ კლინიკას ერთი კედელი ყოფს. ეს დაუშვებელია. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად სახელმწიფო კონტროლია საჭირო.
ექიმი-ინფექციონისტი ფატი გაბუნია აცხადებს, რომ მიმდინარე წლის ივლისიდან პენიტენციურ სისტემაში მყოფი პატიმრების ჯანმრთელობაზე სახელმწიფო იზრუნებს და მათთვის მკურნალობა უფასო იქნება. ასევე, c ჰეპატიტის მკურნალობა რიგითი მოქალაქეებისთვის 60-70 პროცენტით გაიაფდება:
- ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყნის მოსახლეობის 6.7 პროცენტი c ჰეპატიტის ვირუსის მატარებელია, მათი რაოდენობა დაახლოებით 200 ათასია, თუმცა ყველა მათგანს არ სჭირდება მკურნალობა - ეს ვირუსის მენოტიპზეა დამოკიდებული. ხოლო ვისაც მკურნალობა ესაჭიროება, ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით უნდა მიმართოს და მის მკურნალობაზე შეღავათები დაწესდება. მათი რაოდენობა წელიწადში დაახლოებით 10.000 იქნება.
- რა შეღავათებზეა ლაპარაკი?
- თუ ადრე 24-კვირიანი მკურნალობა 9.800 ლარი ჯდებოდა, ახლა პაციენტს 4.000 ლარამდე ხარჯი მოუწევს, საერთო თანხის 60-70 პროცენტს სახელმწიფო დაფარავს.
- დაინფიცირების წყაროები მეტ-ნაკლებად ცნობილია, მაინც როგორ უნდა გავუფრთხილდეთ თავს, c ჰეპატიტის ვირუსით რომ არ დავინფიცირდეთ?
- დაინფიცირების რისკები სამედიცინო დაწესებულებებში, სტომატოლოგიურ კაბინეტებში, ესთეტიკისა და სილამაზის სალონებში უნდა ვეძებოთ. სანიტარიულ-ჰიგიენური და სტერილიზაციის ნორმების დაცვა ამ მავნე ვირუსის თავიდან აცილებაში დაგვეხმარება.