მას მერე, რაც ქართველი ვაჟისა და ქისტი გოგონას სიყვარულის ამბავი მოვისმინე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჭეშმარიტი სიყვარული ნებისმიერ დაბრკოლებას გადაგალახვინებს!
შეყვარებულ წყვილს ურთიერთობაში სხვადასხვა სარწმუნოება და განსხვავებული ოჯახური ტრადიციები უშლიდა ხელს: მიხეილ ტოგონიძე ტრადიციულ რაჭულ ოჯახში აღიზარდა, ელენე გუმაშვილი კი - ასევე ტრადიციების დამცველ ქისტების ოჯახში, მაგრამ მათ მაინც მოახერხეს დაოჯახება და განაწყენებული ოჯახის წევრების შემორიგებაც. ეს სიყვარულის ამბავი კინოფილმის სცენარს უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურ ამბავს. ამჟამად ბატონი მიხეილი 59 წლისაა, ქალბატონი ელენე კი 56-ის. 35 წლის წინ დაწყებულ სიყვარულს დღემდე არ გასვლია ყავლი.
ელენე გუმაშვილი:
- მიშა 1977 წელს, სტუდენტობისას გავიცანი. ერთად ვსწავლობდით და საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით. თავიდან ვმეგობრობდით და ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ შემიყვარდებოდა, რადგან გარეგნულად არ მომწონდა და თან, სარწმუნოებაც სხვადასხვა გვქონდა.
- მაინც რით მოგხიბლათ მომავალმა მეუღლემ?
- ძალიან ლმობიერი, ყურადღებიანი და მზრუნველი იყო. ერთმანეთს შევეჩვიეთ. მერე ისე მოხდა, რომ საერთო საცხოვრებლიდან სხვაგან გადავედი. ჰოდა, სწორედ მაშინ აღმოვაჩინე, რომ მიყვარდა... ახლაც მიჭირს იმის გახსენება და მოყოლა, რაც ამ სიყვარულის გამო გადავიტანე. მამამ რომ გაიგო, შეყვარებული ვიყავი, თანაც - ქრისტიანზე, მაშინვე შეგვექმნა პრობლემები. პირველად ბიძაჩემმა დაინახა, როგორ მიმაცილა მიშამ ავტობუსამდე და ეს ამბავი მამას უთხრა. სოფელში რომ ჩავედი, ჭიშკართან დამხვდა და ეზოში შესულს სილა გამაწნა. ძალიან გავმწარდი, შეურაცხყოფილი დავრჩი. მამის საქციელის გამო გადავწყვიტე, მიშას ცოლად გავყოლოდი! არადა, გაჩერებაზე დავემშვიდობე და ავუხსენი, რომ ოჯახური ტრადიციებისა და რელიგიის გამო ერთმანეთს უნდა დავშორებოდით. დიახ, მამის გაწნულმა სილამ შემაცვლევინა აზრი!.. შინ მისული სახლში გამომკეტეს და არსად მიშვებდნენ. მამამ ოჯახის წევრებს გამოუცხადა: პირველსავე მთხოვნელს, კოჭლიც რომ იყოს, გავაყოლებო.
- თუმცა შეყვარებულთან დაკონტაქტებას მაინც ახერხებდით, არა?
- მიშას ბიძაშვილის დახმარებით ვეკონტაქტებოდი. შევუთვალე: სახლიდან გამოვიპარები და ამა და ამ დროს, ამა და ამ ადგილას დამხვდი-მეთქი. ერთ საღამოს, როცა ჩემს ბიძაშვილს ჯარში აცილებდნენ, მამამ მასთან დასამშვიდობებლად მეც წამიყვანა. სუფრასთან გვერდით დამისვა, რომ არ გავპარულიყავი. შუა ქეიფისას ვუთხარი: საპირფარეშოში გავალ-მეთქი. გამიშვა, მე კი დრო ვიხელთე და ოჯახურ ტყვეობას თავი დავაღწიე. მაშინ ჯიბეში კაპიკიანიც არ მქონდა. გადავიარე ყანები, ჩავედი სოფლის ბოლოში და ჩავჯექი ავტობუსში. ნახევარი გზა რომ გავიარეთ, მაშინ გავაცნობიერე, რაც მოვიმოქმედე, მაგრამ უკან ვეღარ დავბრუნდებოდი. დავიწყე ტირილი და ასე ტირილ-ტირილით მივედი დანიშნულ ადგილამდე. მიშამ მომკიდა ხელი და თავის სახლში მიმიყვანა.
- მამა ალბათ, ძალიან გაგიბრაზდა.
- თურმე ძალიან დიდხანს მეძება და როცა ვეღარსად მიპოვა, შინ დაბრუნებულმა ყველა ჩემი ნივთი, ტანსაცმელი თუ სურათი ეზოში დანთებულ ცეცხლში დაწვა. მერე დედაჩემისთვის უთქვამს: არსად შემხვდეს, თორემ ყელს გამოვჭრიო და მერწმუნეთ, ამის გამკეთებელი იყო!
- დედ-მამა როგორ შეგირიგდათ?
- გათხოვილი ქალი დღე და ღამე ვტიროდი. შერიგება არც ერთ მხარეს არ უნდოდა. არც ქმრის ნათესავებს ვუნდოდი რძლად და ცდილობდნენ, სიტყვებით ჩემთვის ტკივილი მოეყენებინათ. უნდოდათ, მათი სახლიდან საკუთარი ნებით წავსულიყავი, მაგრამ წასასვლელი არსად მქონდა. ჰოდა, ტირილით ვიკლავდი თავს. ცოტა დრო რომ გავიდა, მამამთილმა ვეღარ გაუძლო ჩემს გოდებას, მოვიდა და მითხრა: რა არის საჭირო იმისთვის, რომ შენი ოჯახი შეგირიგდესო?.. მამაჩემი ამ შერიგების სასტიკი წინააღმდეგი იყო, მაგრამ მერე უფროსმა ძმამ უთხრა, რომ არ უნდა დავეკარგე (ქისტების ტრადიციით, უფროსი ძმის სიტყვას უმცროსი ძმა უნდა დაემორჩილოს) და დაინიშნა შერიგების დღეც. ჩემს ქმარს მამაჩემისთვის უნდა მიეტანა 200 მანეთი, ყველანაირი საჭმელ-სასმელი და მიეყვანა საქონელი. მეუღლის ოჯახმა ეს ყველაფერი შეაგროვა და წავედით დუისში... შერიგებიდან ერთ თვეში გამიჩნდა პირველი შვილი - იოსები. მერე სამი კვირით წამიყვანეს მამის სახლში, რათა ახალშობლის მოვლაში დედა დამხმარებოდა. როდესაც მამამ გაიგო, რომ მათთან ბავშვთან ერთად მივედი, დღისით სახლში არ მოდიოდა, შინ მხოლოდ გვიან ღამით, თანაც - შეზარხოშებული ბრუნდებოდა. ერთ დღესაც მაგარი მთვრალი მოვიდა. იმ დღეს თავსხმა წვიმა იყო. ჭექა-ქუხილის ხმაზე ბავშვი ატირდა. უცებ, მამა ტახტიდან წამოხტა, ბავშვს ფეხში წაავლო ხელი, გამოაღო ფანჯარა და ახალშობილი წვიმაში "გაკიდა". მივვარდი, შვილი წავართვი და დავიწყე ღრიალი. ის ღამე თეთრად გავათენეთ მეც და მამამაც. მეორე დღეს ჩვენ შორის ურთიერთობა ცოტათი დათბა... დროთა განმავლობაში სიძეც ისე შეუყვარდა, რომ მისი სტუმრობისას სახე სიხარულისგან უბრწყინავდა ხოლმე.
- თქვენი შვილები ჩეჩნურ-ქისტურად თუ ლაპარაკობენ?
- მხარეების უთანხმოებამ ის განაპირობა, რომ ბავშვებს ენა ვერ ვასწავლე. ჩემი დედამთილი არ მალაპარაკებდა ქისტურად. ვაჟს საერთოდ არ უნდოდა პანკისში დარჩენა; რამდენჯერაც დავტოვე, იმდენჯერ გამოპარვა სცადა... რაც შეეხება ქალიშვილს - მანანა ფაქტობრივად, ჩემს ნათესავებთან, ჩეჩნეთში გაიზარდა. ენაც იქ ისწავლა და ბებიამისზეც ჭკუას კარგავდა, ისე უყვარდა.
- ამჟამად რას საქმიანობთ?
- ვზრდი ორ პატარა შვილიშვილს და მათ ჩემს მშობლიურ ენას ვასწავლი. პროფესიით ინჟინერი ვარ, მაგრამ სამწუხაროდ, არასოდეს მიმუშავია.
- ნათესავებთან თუ ახერხებთ შეხვედრას?
- ხუთი და-ძმა და ბევრი ნათესავი მყავს, მაგრამ ყველა სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს და შესაბამისად, მათ ნახვას ხშირად ვერ ვახერხებ. მხოლოდ ორი და ცხოვრობს პანკისის ხეობის სოფელ დუისში და მათ წელიწადში ერთი-ორჯერ თუ ვნახავ ხოლმე. მას მერე, რაც დედ-მამა გარდამეცვალა, ჩემს სოფელში არც ისე ხშირად მივდივარ.
- თქვენი ქმარ-შვილი მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან, თქვენ - მუსლიმანი. როგორ ახერხებთ ჰარმონიულ თანაცხოვრებას?
- ბედნიერი თანაცხოვრებისთვის სურვილი და მოთმინებაა საჭირო. როდესაც ქმარ-შვილი მარხვაზეა, შესაბამის სამარხვო კერძებს ვამზადებ. როდესაც ისინი ეკლესიაში არიან, მე მათ გარეთ, ეზოში ველოდები. განსხვავებული სარწმუნოების გამო ოჯახში პრობლემა არასდროს შეგვქმნია.
- როგორც ვიცი, ჩეჩნური კერძები ძალიან გემრიელია.
- თქვენი ჟურნალის მკითხველს ერთი ჩეჩნური კერძის მომზადებას ვასწავლი. ის ძალიან გემრიელია და ამავე დროს, იოლად მოსამზადებელიც. ქართულად "ხორცი და გალინები" ჰქვია. ეს არის ტრადიციული ჩეჩნური კერძი, რომელიც დღემდე პოპულარულია ქისტებშიც: დამარილებული ხორცი (შესაძლებელია "ვიჩინაც") ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით წყალი და დადგით ცეცხლზე. როდესაც ხორცი თითქმის მოიხარშება, ქვაბში ჩაყარეთ ჩვეულებრივი ცომისგან გაკეთებულ პატარა გუნდები ანუ "გალანები". როდესაც ცომიც მოხარშული იქნება და ხორციც, ეს ყველაფერი გადმოიღეთ სინზე და მოასხით ნიორწყალი. გემრიელად მიირთვით!
გიორგი ბერიძე
(გამოდის ხუთშაბათობით)