თოვლის გამო, თბილისის საგანგებო სიტუაციათა სააგენტოში წუხელ 100-მდე გამოძახება დაფიქსირდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციათა სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, წუხელ დაფიქსირებული
გამოძახებებიდან 60 შემთხვევაში ავტომობილები სავალი ნაწილიდან იყვნენ გადასული და ყველა მანქანა დროულად ამოიყვანეს, იყო საცობებისა და საავარიო სიტუაციების საშიშროება. უბედური შემთხვევები არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, 10-მდე ავარია მოხდა, რომლის დროსაც არავინ დაზიანებულა.
"ორი დღეა გაძლიერებულ რეჟიმზე ვართ გადასული და შემოსულ ზარებზე კვლავაც დროულ რეაგირებას მოვახდენთ. არის დამატებითი ჯგუფები და შესაბამისი აღჭურვილობა, ტექნიკა. სანამ ცუდი ამინდები იქნება ამ რეჟიმზე დავრჩებით", - დასძინა გიორგაძემ.