ყიფშიძეების ბინაში რვა სული ცხოვრობს - შვიდი ადამიანი და ერთიც ძაღლი, რომელსაც ადამიანზე არანაკლებად უვლიან. ოთახი ყველას გვაქვს, მაგრამ ზოგჯერ აბაზანაში რიგი დგებაო, გვითხრა ინტერვიუს დრო გიორგი ყიფშიძემ.
თუმანიშვილის თეატრის მსახიობმა პროექტში ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' მესამე ადგილი დაისაკუთრა და ყველასთვის მოულოდნელად საჩუქრად ბინა მიიღო. ეს ახალი წელი დაუვიწყარი იყო მთელი ოჯახისთვის. საჩუქრით გამოწვეულ ემოციებზე, ახალ ბინასა და სხვა საინტერესო თემებზე გიორგი და ლენუკა ყიფშიძეებს ვესაუბრეთ.
- გიორგი, იმ ემოციებზე გვიამბე, როცა საჩუქრის შესახებ შეიტყვე.
- აფერისტმა და ნაძირალა ნოე სულაბერიძემ ფინალის დღეს, კონცერტამდე ერთი საათით ადრე მითხრა, რაღაც საჩუქარი ხომ უნდა გაგიკეთოთ და საგზურზე ვფიქრობთ, სად წახვალ, ალპები გირჩევნია თუ ზღვის სანაპიროო. ალპები ვარჩიე, ზამთარია მაინც-მეთქი, ვიფიქრე. შესაბამისად, შეგუებული ვიყავი იმას, რომ სადღაც მიშვებდნენ დასასვენებლად. ბოლო წუთებია, გამარჯვებულებს აჯილდოებენ და ჩემი გვარი არ ისმის. ანატოლი ბოისამ გადმომილაპარაკა, აი, ნახე, მანქანას გაჩუქებენო. გაოცებული ვუყურებდი, მანქანას ხომ მეორე ადგილს ჩუქნიან, მე რანაირად მაჩუქებენ-მეთქი, ვუთხარი. ამ დროს ნოე გამოვიდა და დაიწყო... გული გამისკდა, მუხლები ბამბის გამიხდა, ჩავიკეცე, პატარა ბავშვივით ტირილი დავიწყე. ვერ ვჩერდებოდი. ვერ გავუძელი ამ ემოციას, ისტერიკაში ვიყავი.
- იმ დღეს ორჯერ იტირე, სახლში რომ მიხვედი, ლენუკამ გადაგიღო ფოტო და ''ფეისბუქზე'' გამოაქვეყნა.
- ჰო (იღიმება), ტირილ-ტირილით შევხვდი ახალ წელს.
ლენუკა:
- ვერ აგიხსნი, რა ხდებოდა ამ სახლში 31-ში ღამე. ყველა შინ ვიყავით, გიომ დაგვირეკა, მგონი, საგზურს მჩუქნიანო. ვუყურებთ, უკვე ფინალის ბოლო ნაწილია და არავინ არაფერს ამბობს. დედაჩემი ბობოქრობს, ამ ყიფშიძეებს ხომ ბედი არაფერში არ გაქვთო. ნოე რომ გამოვიდა და ბინა და ყიფშიძე გამოაცხადა, ნაწყვეტ-ნაწყვეტ მახსოვს ფრაზები. ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატებზე გოლებზე რომ გრიალებს კორპუსი, ზუსტად ასეთი გუგუნი ატყდა გარეთ. ერთი კადრი იყო, ისეთი სასაცილო, ყველა ტელეფონზე რომ ვლაპარაკობდით და თან ოთახში ბოლთას ვცემდით. მამაჩემი ჩუმად იჯდა. ზურა ემოციებს იშვიათად გამოხატავს. იმ დღეს ტიროდა. ხან ვტიროდით, ხან ვიცინოდით და ხან ოთხზე დავდიოდით (იცინის). ის ერთი საათი, ალბათ, წნევა არ მესინჯებოდა.
- გიორგი, ბინა ნახე?
- დიახ, საზეიმო ვითარებაში, ''ქრონიკის'' კამერების თანხლებით. შავი კარკასია, 80 კვადრატული მეტრი. მითხრეს, თეთრი კარკასი ჩაგბარდებაო, თვითონ უნდა გავაკეთებინო ტიხრები, პროექტის დაგეგმვა თავად შემიძლია. ბინა დიღომშია.
- მაყურებელს გაუჩნდა შეკითხვა, გქონდა თუ არა ბინა მანამდე.
- ეს არის ჩემი ბინა, ხილიანზე, სადაც ახლა ვართ, მაგრამ გვაქვს 4 ოთახი და ვცხოვრობთ 8 სული: მე, ჩემი ცოლი, შვილი, დედაჩემი, მამაჩემი, ლენუკა, მისი შვილი და ძაღლი. ყველას ჩვენ-ჩვენი ოთახი გვაქვს, მაგრამ ზოგჯერ ტუალეტში რიგია (იცინის).
- ახალ ბინაში, ალბათ, მეუღლესა და შვილთან ერთად გადახვალ.
- ჯერ გადავხტე... სანამ საბუთს ხელს არ მოვაწერ, რომ ბინა ჩემია, მანამდე არ მინდა ''ჰოპლას'' თქმა. მთელი ცხოვრების განმავლობაში მწარედ მაქვს დაცდილი, როცა რაღაც წინასწარ მიხარია, აღმოჩნდება, რომ სულ ტყუილად. ამიტომ ვცდილობ, მაშინ გამიხარდეს, როცა ზუსტად მეცოდინება, რომ ჩემია. პროექტში სამნი რომ დავრჩით, დარწმუნებული ვიყავი, პირველი ადგილისკენ მივდიოდი. ამ დარწმუნებამ კიდევ ერთხელ დამაჯერა, რომ არაფერში არ უნდა იყო დარწმუნებული.
- როგორ გგონია, იმ სამეულში გამარჯვებას იმსახურებდი?
- ბოლოს უკვე გამიჩნდა გამარჯვების ამბიცია. ორივე ჩემზე ბევრად კარგად ცეკვავდა, მაგრამ ამბიცია მაინც მქონდა. ვფიქრობდი, რომ პასოდობლეთი დავიწყე და ამით უნდა დამემთავრებინა. სცენარი ლოგიკური დასასრულისკენ მიმყავდა, მიუხედავად იმისა, რომ პროექტში შესვლისას გამარჯვებაზე არ მიფიქრია. ტანგოს მუღამი მქონდა, იქამდე მინდოდა მივსულიყავი. ეს ყველაფერი აზარტული აღმოჩნდა. შოკში ვარ ცეკვასთან დაკავშირებით, ისე მომეწონა და შემიყვარდა.
იხილეთ სტატიის გაგრძელება