"თბილისში ჩემს მუსიკოსად წარდგენაში დიდი როლი აწ განსვენებულ რობერტ ბარძიმაშვილს, ჩემს ძმასა და მეგობარს - მამუკა ონაშვილს, ასევე იმ დროისთვის ცნობილი ხმის ჩამწერი სტუდია "ორფეოსის" ხელმძღვანელებს - გოჩა ლომთაძესა და შოთა კასრაძეს მიუძღვით", - ამბობს ქუთაისში დაბადებული, თბილისში გაპოპულარულებული და ახლა უკვე მოსკოვში მყოფი მუსიკოსი გიგა კვენეტაძე, რომელიც უკვე მეხუთე წელია, რუსეთში საქმიანობს. ის წერს სიმღერებს, რომლებსაც რუსი მომღერლები ასრულებენ, აკეთებს არანჟირებას და ა.შ. მოსკოვში გზის გაკვალვაში მას სხვა ქართველებთან ერთად, ქეთა თოფურიაც დაეხმარა.
რამდენიმე თვის წინ გიგამ მითხრა, - ქეთა ჩემგან იმას იმსახურებს, რომ მასზე ლაპარაკს ცალკე ინტერვიუ მივუძღვნაო. მაშინ არა, მაგრამ ქეთაზე ამჯერად ბევრი ისაუბრა.
- როდესაც ქუთაისიდან თბილისში ჩამოხვედი და ქართულ შოუბიზნესში თავის დამკვიდრებას ცდილობდი, ალბათ ქეთას საზოგადოება უკვე იცნობდა...
- მაშინ ქეთაზე ინფორმაცია მხოლოდ ტელე-რადიოსივრციდან მქონდა ანუ შორიდან ვიცნობდი. ცხადია, მისი ახლოს გაცნობის დიდი სურვილი მქონდა.
- ეს სურვილი როდის აგიხდა?
- პირველად სპორტის სასახლეში გამართულ კონცერტზე ვნახე და გავიცანი. მხიარული ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. მინდა გითხრათ, რომ როგორც ადამიანი, ძალიან შემიყვარდა. მომხიბლა მისმა ვოკალურმა მონაცემებმაც და მაშინვე გადავწყვიტე, მასთან მეთანამშრომლა. ვიგრძენი, რომ ის იყო ადამიანი, რომელიც ჩემს მუსიკას ფრთებს შეასხამდა და ასეც მოხდა: ერთ მშვენიერ დღეს პროდიუსერმა ნატო დუმბაძემ შემომთავაზა, რომ ქეთასთვის სიმღერა დამეწერა...
- როგორც ვიცი, მას შემდეგ შენთან მჭიდროდ თანამშრომლობდა. სტუდიაში ერთად მუშაობდით და მისი სიმღერების არანჟირებაც ხშირად გიხდებოდა...
- კი, ასე იყო და ეგ პერიოდი კარგად მახსოვს... კარგი დროც იყო...
- ვინაიდან სცენაზე პატარა ავიდა, იმ პერიოდში დედამისი - ნატა თოფურია ყველგან დაჰყვებოდა.
- ნატა უზომოდ თბილი ადამიანია. ის ჩემთვის მეორე დედაა. მახსოვს, მას პირველად ჩემთან, სტუდიაში შევხვდი. ნატა და ქეთა ჩემი სიმღერის ("გული გეფერებოდა") მოსასმენად მოვიდნენ. სიმღერის მოსმენისას ძალიან ვნერვიულობდი (იცინის). საბედნიეროდ, მოეწონათ. ნატამ თქვა, - ამ ნამუშევარზე კლიპს გადავიღებო და ასეც მოხდა...
- ქეთა ყოველთვის თამამი იყო. მერე სტეფანემ "4 გოგოში" აიყვანა, რასაც მალე მისი რუსულ შოუბიზნესში, კერძოდ კი "ა სტუდიოში" ვოკალისტად გადასვლა მოჰყვა. ამ ფაქტს როგორ შეაფასებდი?
- ის ამას იმსახურებდა. მას აქვს საოცარი შარმი, ვოკალური მონაცემები, ფიზიკური და სულიერი სილამაზე! რა თქმა უნდა, ფორტუნამაც გაუღიმა. ძალიან თბილი ადამიანია და მე ის ძალიან მიყვარს...
- ე.ი. მიგაჩნია, რომ "ა სტუდიოს" წევრობას იმსახურებდა და ეს მხოლოდ ფორტუნის დამსახურება არ არის? ფიქრობ, ის საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა.
- ის წარმატებას იმსახურებდა და ამაში ფორტუნაც დაეხმარა...
- როგორ გგონია, ეს წარმატება თავში არ ავარდნია? შენც მოსკოვში საქმიანობ და ახლა მასთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
- წარმატება თავში ნამდვილად არ ავარდნია, ამას ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით. როცა მოსკოვში ჩამოვედი, რამდენიმე ხნის შემდეგ მასთან დავრეკე და ძალიან თბილად მიმიღო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მას დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ რუსულ შოუბიზნესში თავი ასე თუ ისე, დავიმკვიდრე.
- როგორც ამბობ, პირადად შენთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნა...
- კი, ასეა. ჩვენ კარგი მეგობრები ვართ, მაგრამ მისი გადატვირთული დღის რეჟიმის გამო, არცთუ ისე ხშირად ვხვდებით ერთმანეთს. თუმცა სოციალური ქსელის საშუალებით ვურთიერთობთ.
- მასთან თანამშრომლობა იოლია? პრობლემებს ხომ არ გიქმნის?
- არანაირ პრობლემას არ მიქმნის, პირიქით - ბევრ შემსრულებელთან დაკონტაქტებაში მეხმარება და როგორც სიმღერების ავტორს, რეკომენდაციას მიწევს. მოკლედ, ძალიან კარგი ადამიანია და საქართველოს რუსეთში ღირსეულად წარადგენს. არ ვეთანხმები არც ერთ იმ ადამიანს, ვინც პრეტენზიას გამოთქვამს და არ მოსწონს მისი რუსულ შოუბიზნესში მოღვაწეობა.
- მის მეუღლეს თუ იცნობ?
- მოგეხსენებათ, ქეთას ქორწილში მისი უამრავი მეგობარი, მათ შორის მეც გახლდით მიწვეული. ძალიან გამიხარდა, როცა ჩემი საავტორო სიმღერის - "ია ისკალა ტებია" ფონზე, რომელსაც "ა სტუდიო" ასრულებს, ქეთა და მისი მეუღლე საზოგადოებას წარუდგნენ.
- ლიოვა გეიხმანი როგორი ადამიანია?
- კარგი პიროვნებაა, ჩამოყალიბებული ადამიანია. მე ის ქორწილში უფრო კარგად გავიცანი! ქეთას გვერდით სხვანაირი ადამიანი ვერც წარმომიდგენია. კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ შესანიშნავ წყვილს დაოჯახებას და მინდა, ვუსურვო ბედნიერება, ჯანმრთელობა და დიდი სიყვარული, რაც მათ თვალებში მკაფიოდ იგრძნობა...
და კიდევ, მინდა, თქვენი ჟურნალის საშუალებით მივმართო: ქეთა, მადლობა ყველაფრისთვის! ძალიან მიყვარხარ!
ლალი ფაცია
(გამოდის ხუთშაბათობით)